ცნობილი საოპერო შემსრულებელი თამარ ივერი, რომელმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გახვეული დადგმის “აბესალომი და ეთერი“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი გახლავთ, ეკა ხოფერიას გუშინდელი შოუს შემდეგ, რომელიც ამ თემას მიეძღვნა, განაწყენებულია და ამას ვრცელ სტატუსში უსვამს ხაზს.
“დიდი ხანია ჩემთვის ასეთ არაფრისმომცემ შოუში არ მიმიღია მონაწილეობა. 2 საათი მაცდევინეს, მაყურყუტეს და გამყინეს მხოლოდ იმისთვის, რომ გადაცემის ბოლოს, უკვე გადაღლილ ხალხთან “ნასუფრალზე”, 2 სიტყვა მეთქვა… მხოლოდ ერთი ორაზროვანი შეკითხვა იმის შესახებ, თუ შემოქმედებითი ჯგუფი როგორ განვიცდიდით გარეშე მედია დარტყმებს და მორჩა… ამის სათქმელად მიმიყვანეს “ქალი ეთერი“. ჩემი რამდენიმე მცდელობა, რომ რაღაც სიტყვა ჩამეკვეხებინა და რაღაცაზე ჩემი აზრი გამომეთქვა, იგნორირებული დარჩა. მანამდე მხოლოდ “ბილეთები-ქურქები-ბილეთები-ქურქები”-ს მეტი არაფერი მესმოდა. საბოლოოდ, ჰამლეტის თეორემასავით, “მისვლა-არ მისვლა“, საკითხავი აი, ეს არის…
თავს ვეკითხებოდი, ამ ერთი დასტუკება-გაელვებისთვის მივედი და ვიცადე 2 საათი აეროპორტში გაფრენის წინ? ასევე ბატონი გიზოც ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა… ამ ორი სიტყვის სათქმელად მომიყვანეთ? მსურდა, კიდევ რაღაც თემებზე მესაუბრაო.ა ნალოგიურად გადაცემის 5 წუთით ადრე “დასასტუკებლად“ მიწვეულ ქალბატონ მედეა “მირიანაშვილსაც“ ერთი საყველპურო სიტყვა ერგო წილად.
არ შეიძლება გადაცემას ოპერა და “აბესალომ და ეთერის“ თემა დაარქვა და მთელი ორი საათი ქურქ/ბილეთების ყვითელ საუბრებს დაუთმო, ჩემთვის შეიძლება პატივსაცემ, მაგრამ ოპერიდან შორს მდგომ ხალხთან და ამ დიდი კალიბრის ხალხი, ვინც თავად შექმნა ეს სპექტაკლიც და ეს ზეიმიც, მიიყვანო, ორი საათი აცდევინო იმისთვის, რომ ბოლო ბლოკში 15-20 წუთით შეაგდო, საყველპუროდ თითო-თითო შეკითხვა დაუსვა და მათ შემდგომ საუბრისა და აზრების გამოთქმის სურვილზე “ბოდიში, უკვე ვასრულებთ გადაცემას“ უძახო და ისინი პრაქტიკულად მხოლოდ გადაცემის “ფეისებად“ გამოიყენო! ლადო… ჭკვიანი ხარ, დღესაც დავრწმუნდი!“ – აღნიშნავს თამარ ივერი.
მის ამ სტატუსს გამოხმაურება, რასაკვირველია, მოჰყვა. ერთ-ერთ კომენტარის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნების შემდეგ, თამარ ივერი, შესაძლოა, ახალ სკანდალში გაერიოს, “ჟურნალისტები ვინმეში არ აგერიოთ, ქალბატონო თამარ“, აღნიშნავს ის. მომღერალი კი პასუხობს: “მანდ ჟურნალისტს ვის უწოდებთ? საქართველოს ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ბაბუაჩემი იყო და ნუ გეშინიათ, “ხეზე ცოცვა მასწავლა“… ასე რომ, აქეთ ეშინოდეთ…“
მომღერლის კრიტიკას უპასუხა თავად მისმა ადრესატმა. ეკა ხოფერიამ დაწერა: “შეფასებებში ყველა თავისუფალია. მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, ზუსტად ერთი კვირის წინ გავიდა ორსაათიანი გადაცემა ოპერის გახსნაზე, სადაც არც მოსაწვევებზე და არც მსგავს თემებზე არ ყოფილა საუბარი, იყო კონკრეტულად თქვენზეც სიუჟეტი, თქვენი ინტერვიუ, პორტრეტი. იყო თქვენს მიერ ნამღერი არია, რითაც, ცხადია, ძალიან ვამაყობდით და მადლობა ამისთვის. დღეს იყო უკვე მეორე გადაცემა, სადაც სწორედ ყველა თემა იყო განხილული, რაც კი პრემიერაზე, ოპერის გახსნაზე თუ სხვა მიმართულებით გამოითქვა. შესაბამისად , პირდაპირ ეთერში აზრის გამოხატვისთვის ბევრი სტუმარი იყო მოწვეული. ვწუხვარ, თუ გეცოტავათ საეთერო დრო, თუმცა, მე თქვენ არ შეგაწყვეტინეთ საუბარი და არ ვფიქრობ, რომ გადაცემის კულმინაცია: შემოქმედებითი ჯგუფის გამოყვანა, ქალბატონი მედეას რეზიუმე ნასუფრალზე გამოსვლას ჰგავდა. ბუნებრივია, თქვენი არჩევანია, სადაც საჭიროდ ჩათვლით იქ მიხვიდეთ. მე ეს ორი გადაცემა გულით გავაკეთე და სკანდალები არ მიძებნია. წარმატებებს გისურვებთ“.
სტატუსს ასევე გამოეხმაურა ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და დაწერა:
“ჩემო თამარ, ამ უმსგავსობის გამო მე და ჩემი მეუღლე არც ერთ გადაცემაში აღარ მივდივართ. ამდენჯერაც წავედი მწარედ ვინანე, ფუნდამენტური თემა, რაზეც მიმიწვიეს არავის აინტერესებდა და უაზრო ინტრიგნული კითხვები მხოლოდ! მე ამ ,,სანახაობას” გამოვაკლდი და ბედნიერი ვარ, გირჩევ შენც…“