26.8 C
Tbilisi
Wednesday, August 10, 2022

დავით ზურაბიშვილი: “მღვდლის შეგინება ფასიანი უნდა გახდეს?..“

დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს მოსაზრებას იმ კანონპროექტის შესახებ, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას ეხება.

“ორიოდ სიტყვით რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტზე.

სპეკულაციები რომ არ იყოს (თუმც, ვეჭვობ მაინც იქნება), თავიდანვე ვიტყვი, რომ ადამიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არის ცუდი. და საერთოდ ყველანაირი შეურაცხყოფა ცუდია, მე რომ მკითხო.
მაგრამ მასე იმდენი რამეა ცუდი ამ ქვეყანაზე, რომ ყველაფერი თუ აკრძალე, სუნთქვაც კი შეუძლებელი გახდება. მაგალითად ეკლესია მრისხანებას და სასოწარკვეთილებას საერთოდ მომაკვდინებელ (მომაკვდინებელ!) ცოდვებად მიიჩნევს და რა ვქნათ ახლა? თუ ვინმე გაბრაზდება ან უიმედობის განცდა შეაწუხებს, “სროკზე“ გავუშვათ?

თუმცა, ვეჭვობ, რთული იქნება განუმარტო ასეთი ელემენტარული რაღაცები იმას, ვინც სასულიერო პირის შეურაცხყოფისთვის სამასლარიანი ჯარიმის დაწესებას ითხოვს. ანუ მღვდლის შეგინება, კანონპროექტის ავტორთა, აზრით ფასიანი უნდა გახდეს, მაშინ როცა ექიმის, მასწავლებლის და სხვისა და სხვისა პროფესიის ადამიანის შეურაცხყოფა უფასოა.

ამიტომაც კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა და, ფაქტობრივად, ტაბურეტკების ლეგალიზაცია, თავად არის რელიგიური გრძნობების და საერთოდ საღი აზრის შეურაცხყოფა, მაგრამ თავისთავად ასეთი კანონპროექტის ინიცირება კი არაა პრობლემა – ასეთი რაღაცეები საპარლამენტო ცხოვრებაში ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება – არამედ პრობლემა ისაა, რომ ამას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი უჭერს მხარს. (სხვა სახელი მაინც ერქვას ამ კომიტეტს!). ეს ქმნის განცდას, რომ კანონპროექტი პრინციპში ხელისუფლებიდან მოდის და უმრავლესობის მიერაა მოწონებული.

და ეს განცდა რომ მცდარია და რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტს არ მიიღებს, ამის დემონსტრირება ყველას მოგვიწევს, ვინც კი ამ ხელისუფლებაში ვართ. აზრთა სხვადასხვაობა ბევრ რამეზე შეიძლება იყოს და კოალიციაში (მით უმეტეს საკმაოდ სპეციფიკურ პირობებში შექმნილ კოალიციაში) ყოფნა ამას თავისთავად გულისხმობს, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა არამც და არამც არ შეიძლება იყოს ისეთი ფუნდამენტურ ღირებულებების მიმართ, როგორიცაა რელიგიისა და სახელმწიფოს გამიჯნულობა სეკულარობის საფუძველზე და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

ესაა ჩემი კომენტარი”

Latest Posts

ბოლო სიახლეები