ზაზა ურუშაძე 2016 წლის გაზაფხულზე ახალ ფილმს გადაიღებს. სახელწოდება ცნობილია – “სტუმარი“. რეჟისორს დეტალებისთვის მას შემდეგ შევეხმიანეთ, რაც ჟურნალ “სარკეში“ გავეცანით იუმორისტისა და მსახიობის, ილო ბეროშვილის ინტერვიუს, რომელმაც შემდეგი რამ განაცხადა: “მივიღე შემოთავაზება კინოდან. რეჟისორი ზაზა ურუშაძე იღებს ფილმს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს დავაკონკრეტებ, წინასწარ საუბარი არ მიყვარს“. დავინტერესდით ახალი ფილმით და მისი პერსონაჟებით, თუმცა რეჟისორს ძალიან გაუკვირდა, როდესაც ილო ბეროშვილი ვახსენეთ.
ზაზა, გავიგეთ, რომ ახალ ფილმს იღებთ და ილო ბეროშვილს აქვს ერთ-ერთი როლი.
ზაზა ურუშაძე:
ახალ ფილმს ვიღებ, მაგრამ ილო ბეროშვილი ვინ არის? არ ვიცნობ. მსახიობია?
დიახ. ჟურნალთან ინტერვიუში ამბობს, რომ შემოთავაზება აქვს თქვენგან.
არა, რას ამბობთ. გვქონდა კასტინგი და უამრავ მსახიობს გადავუღეთ ფოტოები, მაგრამ როლზე ჯერჯერობით დამტკიცებულია ორი მსახიობი, მთავარ როლზე – ნატო მურვანიძე და ასევე თინა დაქალიშვილი. ილო ბეროშვილი კი როლზე ნამდვილად არ დაგვიმტკიცებია, ჩემზე უკეთ ამას ვერავინ გეტყვით…
თავად ფილმზე რას გვეტყვით?
ახლა მოსამზადებელი პერიოდი მიმდინარეობს. “ოსკარის“ ნომინაციის მიღების შემდეგ, სახელმწიფომ თანხით დამაჯილდოვა და ფილმის გადაღება გადავწყვიტე, სახელწოდებით “სტუმარი“. დრამაა, ჯერჯერობით შინაარსის შესახებ არაფერს გეტყვით (იღიმის).
როგორც გითხარით, კასტინგი უკვე ჩავატარეთ. გადაღებები მაისში დაიწყება, გურიაში და ყველაფერს იქ გადავიღებთ.
ამ საუბრის შემდეგ ილო ბეროშვილსაც დავუკავშირდით.
ილო, ზაზა ურუშაძე მართლა გიღებთ ფილმში?
მე ვიყავი მხოლოდ და მხოლოდ კასტინგზე. უეჭველი ვერ ვიტყვი, რომ ფილმში მიღებენ, მაგრამ შემოთავაზება მქონდა. მითხრეს, რომ ზაზა ურუშაძე ფილმის გადაღებას აპირებს. მგონი, 2016 წელს იწყება გადაღებები. თანაც, რეჟისორები აკეთებენ კასტინგებს და შემდეგ 20 წლის მერე იღებენ ფილმებს, ასე რომ, არ ვიცი, რამდენად რეალურია ეს ამბავი.
რეალურია, რადგან ვესაუბრეთ რეჟისორს და ნამდვილად იღებს.
მე რომ კასტინგზე მივედი, ზაზა ურუშაძეც იქ იყო. შემოთავაზება იყო ერთ-ერთ როლზე, მაგრამ სისულელე იქნება ვთქვა, რომ ნამდვილად ვითამაშებ.