მასტერი: „ხშირად უთქვამთ: „ესეც რეპერია და სნუპ დოგიც?“

0
483

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, სოციალურ ქსელში ვრცლად წერს იმ თემის შესახებ, რომელიც თავად, როგორც ქართველ ჰიპ-ჰოპ არტისტს აწუხებს.

„ერთ რაღაცას დავწერ, ყოველთვის მინდოდა ამის თქმა და ვერ ვუძებნიდი ფორმას, ისე მეთქვა, რომ ამ თემაზე ცინიზმი არ მიმეღო, ან არ გამეღიზიანებინა ვინმე, მაგრამ მოდი, ვიტყვი პირდაპირ, მაინც როგორც გინდათ ისე გაიგებთ…

ნუ შეადარებთ ქართველ რეპერს ამერიკაში დაბადებულ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, უბრალოდ, ალოგიკურობაა. ხშირად დაუკნინებიათ ქართველი შემსრულებელი და შედარების დროს უთქვამთ “ესეც რეპერია და სნუპ დოგიც”?; „აუ, სად ეს და  სად ემინემი” და ასე შემდეგ… ქართველ და უცხოელ ფეხბურთელზე რომ აიღოთ მსგავსი შედარება, იქ კიდევ შეიძლება, იყოს ლოგიკა, რადგან ფეხბურთს ენა არ სჭირდება და სამტრედიაში გაზრდილი ბიჭი შეიძლება მოხვდეს მილანში და ითამაშოს დიდი ფეხბურთი, მაგრამ რეპი არის სათქმელი და ჩვენ ამ სათქმელს ვამბობთ ქართულ ენაზე, ამ ენაზე მაქსიმუმ საუბრობს 4-5 მილიონი ადამიანი და ინგლისურად 983 მილიონი, ამას პლუს, იმხელა მასშტაბებზე გადიან იქაური არტისტები, რომ შეიძლება, საერთოდ არ გესმოდეს ის ინგლისური მაგრამ პოპულარიზაციით მაინც მოაღწიოს ჩვენნაირ ქვეყნებამდე, მაგრამ პირიქით – ფიზიკურად ვერ მოხდება…

1994 წელს რომ ამერიკელი რეპერები მუშაობდნენ სტუდიებში, ჯერ ისეთ სტუდიებში 2021 წელსაც ვერ შევედი, თანხების გამომუშავებაზე ხომ არც არავინ ვსაუბრობთ…

დამიჯერეთ, ბევრი ამერიკელი რეპერი რომ ჩააგდო ამ პირობებში, მარტო კაცი ვერ შეძლებს მუსიკის დაწერას, ჩაწერას – სტუდიაში მიქსინგს, შემდეგ კლიპის სცენარის მოფიქრებას, კლიპის გადაღების ორგანიზებას და ამის ვიდეომონტაჟს.

ფიზიკურად ვერ შეადარებ ამ ორ სხვადასხვა პოლუსს და ეს მხოლოდ სამწუხაროა, ჩვენ ვერც კი ვუთმობთ ჩვენს სრულ დროს ამ საქმიანობას ეს კი არტისტს ძალიან ფიტავს –  როცა სხვა საქმიანობის შეთავსება გიწევს მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე მათ ვიდეოკლიპებს რომ უყურებთ, დახვეწილად რომ გესმით მათი ტრეკები, ყველაზე ტრენდულად რომ იცვამენ და ბრწყინავენ – ამ არტისტებზე უამრავი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები მუშაობენ და ზრუნავენ მაშინაც კი, როცა მათ უბრალოდ სძინავთ…

ის სხვა განზომილებაა. Jay-z-ს საკონცერტო ტურს დაესწრო 2.4 მილიონი ადამიანი, თავად Jay-z-ს მუსიკალური საქმიანობიდან შემოსავალი 320 მილიონი დოლარია (1$=3.44₾). ცხოვრება ისე გავა, რომ ჩვენ მხოლოდ თუ დაგვესიზმრება ეს ყველაფერი და ყოველთვის, როცა ჩვენი სიმღერის მერე რადიოში მათი ტრეკი ჩაირთვება – ვიგრძნობთ განსხვავებას და ეს განსხვავება უმეტესწილად არ არის ნიჭზე დამოკიდებული, განსხვავება არის გალაქტიკაში – როგორც დედამიწა და რომელიღაც X პლანეტა… ხელოვანისთვის ეს არაა მარტივი გასააზრებელი, გულდასაწყვეტიც კია, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვგრძნობ ჩემს მისიას, რომ მერქვას ქართველი რეპერი და ვცხოვრობდე საქართველოში, მეტ ადამიანს ვაცნობდე ამ კულტურას და უბრალოდ, ვაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს! საქმის სიყვარულით კი ნამდვილად შევედრები ნებისმიერ უცხოელ ვარსკვლავს – იმავენაირად შეიძლება უყვარდეს თავისი საქმე ქართველ არტისტსაც და დამიჯერეთ, ცოტა ხნით რომ შეიძლებოდეს ადგილების შეცვლა, ვინ ვისზე მეტ ნიჭს გამოავლენდა, ეგ არავინ იცის.

პირდაპირ დავწერე ეს პოსტი, გულწრფელი ვარ და იმედი მაქვს, თქვენც სწორად გამიგებთ, რას ვამბობ და არ წახვალთ რადიკალიზმში…

მადლობა, რომ მისმენთ“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here