გიგი ადამაშვილი ტურნეზე, გოგონებზე და იმაზე, არის თუ არა შეყვარებული…

0
2367

„იქს ფაქტორის“ ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გიგი ადამაშვილი ამჟამად ტურნეს მართავს და საქართველოს მასშტაბით უამრავი ქალაქი მოიარა. გიგი ამ ტურნეზე ექსკლუზიურად გვესაუბრა.

გიგი ადამაშვილი:

ტურნე დავიწყე სექტემბრის ბოლოს. ამ დროისთვის უკვე მოვიარე, თუ არ ვცდები, 13 ქალაქი. წინ კიდევ ბევრი კონცერტია.

ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მაქვს. ჩემი ფანები, გუშემატკივრები სულ მწერდნენ, ნეტავ, აქ ჩამოხვიდე, რომ მოგისმინოთო. სულ მინდოდა, მათთან აქტიური შეხება მქონოდა. მყავს ორი მენეჯერი, ლაშა ბიბიჩაძე და ლიკა ჭელიძე. დიდი მადლობა მათ, რადგან ისინი დამეხმარნენ ტურნეს ორგანიზებაში.

ძალიან კარგად მიდის ყველაფერი, დარბაზები სავსეა, მაყურებელი კმაყოფილი მიდის. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, რადგან 18 წლის ვარ და ჩემს ასაკში რომ ვინმეს ტურნე ჰქონოდეს საქართველოში, არ მახსენდება.

დეკემბერში დაახლოებით 8 კონცერტია დაგეგმილი. ტურნე გაგრძელდება 14 თებერვლამდე, სიყვარულის დღეს კი გრანდიოზული კონცერტით დავასრულებ კლუბ „ტრიუმფში“. ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge, შეძენა შეგიძლიათ ასევე ფილარმონიის სალაროებში. ფასი არის 20 ლარი, იანვრიდან იქნება – 25, თებერვალში კი  30 ლარი გახდება.

15327671_10209984777269109_688246096_nრა ტიპის კონცერტი იქნება თბილისში?

ტურნეში მე და მხოლოდ ჩემი გიტარა „ჩავდივართ“, ასე ვთქვათ, მაგრამ თბილისურ კონცერტზე ბენდთან ერთად გამოვალ. ბენდის შემადგენლობაში იქნებიან პაატა ანდრიაძე, ლევან დეისაძე, ზაზა ცერცვაძე, უჩა მეტრეველი. ვფიქრობ, ასეთი შემადგენლობა საოცნებოა. მათთან ვითანამშრომლე „იქს ფაქტორში“ და დავრწმუნდი, რომ დიდი პროფესიონალები არიან. ბენდთან ერთად გამოსვლა სხვა სიამოვნებაა…

გიგი, ახალ სიმღერებზე არ ფიქრობ?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ. ვიარე სტუდიიდან სტუდიაში. მაქვს სიმღერა, ჩემი დაწერილი, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში სტუდიები ძალიან ცუდად მუშაობს. გეუბნებიან, რომ სიმღერას 10 დღეში გაგიკეთებენ, გადის ეს 10 დღე, 15 და მერე უბრალოდ, პასუხს გცემენ, სიმღერა კი არ არის გაკეთებული, არამედ ნაწყვეტი… ასეთი დამოკიდებულება არ მომწონს. ხასიათიც ხისტი მაქვს.

როგორც იქნა, აღმოვაჩინე სტუდია, სადაც ნამდვილად დროულად გამიკეთებენ. სიმღერა მალე მზად იქნება და კლიპის გადაღებაც მინდა. ამას სჭირდება დრო და მუშაობა. კლიპი თებერვლის კონცერტამდე აუცილებლად იქნება.

ვიცი, რომ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს და ბევრი ადამიანი იკრიბება შენს კონცერტებზე.

კონცერტები საათნახევარს მაინც მიმდინარეობს, მათი დასრულების შემდეგ ზუსტად ამდენივე დრო სჭირდება ჩემს თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას. უყურადღებოს არავის ვტოვებ, ყველასთან ვიღებ ფოტოებს, ვუწერ ხელს და ვესაუბრები. ბოლოს მართლა ძლივს გავდივარ ხოლმე დარბაზიდან.

თაყვანისმცემლებისგან სიგიჟეები მახსენდება უფრო ტელეფონით ურთიერთობისას. მირეკავენ და მეუბნებიან, დიტოს სთხოვეთ, ნიკას სთხოვეთო. მერე რომ ვპასუხობ, ნიკა ვარ-მეთქი, მეუბნებიან, კაი, რა გიგი, მიყვარხარო და მითიშავენ (იცინის). ძალიან საყვარლები არიან… ძალიან მიყვარს მართლა.

შენზე ამბობენ, შეყვარებული ჰყავსო…

ხშირად ამბობენ, რომ მომღერლის კარიერას სიყვარული ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ არაფერსაც არ უშლის. ვარ ის ადამიანი, რომელიც აუცილებლად იტყვის და არ დამალავს, როცა შეუყვარდება. ახლა ნამდვილად არ ვარ შეყვარებული, არავინ გამოჩენილა და არც არავინ მომწონს…

როგორი გოგონა მოგეწონება?

ყველა ქალი თავისებურად ძალიან ლამაზია და მდიდარი შინაგანი სამყაროთი. მთავარია, ისეთები იყვნენ, რეალურად როგორებიც არიან და მერე უკვე ჩემი არჩევანია, მომეწონება თუ არა (იღიმის).

ნინო მურღულია

15403077_10209984777229108_885991073_n

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here