გაიცანით ბიჭი, რომელმაც საქართველოზე საუკეთესო საიმიჯო ვიდეორგოლი შექმნა

0
2206

რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტში ახალი ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელიც 21 წლის ახალგაზრდა სტუდენტს, გიორგი ჯობავას ეკუთვნის. ვიდეოში ასახულია 62 დღიანი მოგზაურობა საქართველოს გარშემო და ნაჩვენებია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ულამაზესი ადგილები. ნამუშევარმა ძალიან ბევრი ადამიანის უდიდესი მოწონება დაიმსახურა და ერთხმად იქნა აღიარებული ვიდეოდ, როგორიც ჯერ საქართველოზე არავის გადაუღია. “მიუზიკ ბოქსი“ გიორგი ჯობავას ესაუბრა:

– ჩემი მიზანი იყო ჩემი პატარა საქართველოსთვის ძალიან სასიამოვნო საჩუქარი გამეკეთებინა, რითაც ყველა იამაყებდა. მე ჯერ არ ვარ პრემიერი და ბევრი რამ არ შემიძლია შევცვალო, მაგრამ რაც შემეძლო, ის მთელი გულით გავაკეთე და ვცდილობ მსოფლიოს დავანახო, საიდან ვარ ზოგადად, ჩემი ცხოვრების მიზანია, 85 წლის ბაბუა რომ ვიქნები და ჩემ ცხოვრებას გადავხედავ, ავტირდე.

– ინტერნეტ მომხმარებლები აქამდეც გიცნობდნენ უამრავი სახალისო ვიდეოთი… ამ ნამუშევარს რით განასხვავებ?

– აი, წარმოიდგინე გოგო რომ მოგწონს, სადღაც წახვედით და ნუ მხიარულად ხარ, ცანცარებ, იცინი, ღადაობ, მაიმუნობ, ცეკვავთ, დარბიხართ, ერთი სიტყვით მხიარულობთ  და უცბად მთელი სერიოზულობით გოგოს თვალებში უყურებ და ეუბნები, რომ მთელი გულით გიყვარს და გინდა ჩაეხუტო… აი, ჩემი სხვა ვიდეოები აქამდე რაც გადამიღია, ეგ სიცანცარე და მხიარულება იყო, რითიც მინდოდა ხალხისთვის და ქვეყნისთვის რაღაც პოზიტივი მიმეცა და ამ ვიდეოთი კიდევ თვალებში ჩავხედე და ვუთხარი, რომ მიყვარს .

– როგორც ვიდეოში აღნიშნე წყვილის მოგზაურობის გადაღებას აპირებ, როდისთვის გეგმავ ამას?

-4 ივლისს მინდა დავიწყო და სექტემბრამდე ვიმოგზაურო. ფურგონი უკვე ვიყიდე, მაგრამ გადაკეთებისთვის, რეკონსტრუქციისთვის 6000$ია საჭირო.

ლედი ცინდელიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here