ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალმა BIAFF 2026 გამარჯვებულები გამოავლინა

ბიაფი

ბათუმში მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ბლიაძე, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

წელს საკონკურსო პროგრამაში 10 სრულმეტრაჟიანი და 20 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო წარდგენილი. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟიურიმ კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის BIAFF 2026 გრან პრი ლენს ჰამერის ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ (დიდი ბრიტანეთი) მოიპოვა.

კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო ლევან კოღუაშვილს გადაეცა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა.

ჟიურიმ საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში მთავარი პრიზი ბრიტანელ მსახიობს ანა კეპლერ მარშალს გადასცა, რომელმაც მთავარი როლი გრან პრით დაჯილდოებულ ფილმში „დედოფალი ზღვასთან“ შეასრულა.  სპეციალური აღნიშვნით გიორგი გიგაური დაჯილდოვდა გიორგი ოვაშვილის  ფილმში “მთვარე მამაა ჩემი”.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის მთავარი პრიზი ფილმს  „მწველი სურნელის ჩურჩული“   (სომალი/ავსტრია/გერმანია, 2026) გადაეცა.  სპეციალური აღნიშვნით  მარიამ ხაჭვანი – „მემკვიდრეობითი სიჩუმე“ (საქართველო), დალია კელეში – „გრავიტაცია“ (თურქეთი) და კამილა საგინტკა – „რა ჩაიდინე, ზარინა?!“ (ყაზახეთი) დაჯილდოვა.

ქართველ კინო კრიტიკოსთა ჟიურიმ ოლღა (ლალა) თაბუკაშვილის სახელობის პრიზი განსაკუთრებული სამსახიობო ანსამბლისთვის ლევან კოღუაშვილის ფილმს “გურია” გადასცა. სპეციალური აღნიშვნა კი გიორგი ოვაშვილის ფილმმა  “მთვარე მამაა ჩემი” დაიმსახურა.

ახალგაზრდული ჟიურის რჩეული კი  რაფაელ მანუელის ფილმი „ფილიპინიანა“ (სინგაპური/დიდი ბრიტანეთი/ფილიპინები/საფრანგეთი) გახდა, რომელსაც გიორგი გოგიბერიძის სახელობის პრიზი გადაეცა. ახალგაზრდული ჟიურის სპეციალური აღნიშვნა მიიღო გიორგი ოვაშვილის ფილმმა „მთვარე მამაა ჩემი”.

გიორგი ოვაშვილი ფესტივალზე ასევე დაჯილდოვდა რეზო ჩხეიძის სახელობის პრიზით ფილმის „მთვარე მამაა ჩემი“ საუკეთესო რეჟისურისთვის. 

8 საფესტივალო დღის განმავლობაში ბათუმი 100-მდე ფილმის ჩვენებას მასპინძლობდა. ფესტივალის პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსებს, „დიდოსტატთა კოლექციას“, სექციას „მუსიკა კინოში“ და არასაკონკურსო ფილმების ჩვენებებს. ფესტივალის ფარგლებში კინოს მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეხილათ ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენილი ფილმები, ქართული ანიმაციები. ჩვენებები ბათუმში ოთხ ლოკაციაზე იმართებოდა: ბათუმის დრამატული თეატრი, კინოთეატრი კავეა გრანდ მოლი, ევროპის მოედანი და ივერია ბიჩ კაფე.

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ქ.ბათუმის მერია, ქართული ფილმი, საქართველოს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში.

სპონსორები: ,,იელთი ჯგუფი’’, სასტუმრო ,,ლე მერიდიენ ბათუმი’’, სასტუმრო ,,ჰემპტონ ბათუმი’’,კინოთეატრი ,, კავეა გრანდ მოლი’’,კომპანია ,,კონფერენს ჯგუფი’’,კომპანია ,,ნაბეღლავი, ,,ივერია ბიჩი’’, სოფიე ბაკურიძეს სტუდია.

საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’, ტელეკომპანია ,,იმედი’’,ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა ,,The Messenager’’, ,,Georgia Today’’-ინგლისურენოვანი მედია, რადიოჰოლდინგი ,,ფორტუნა’’, ,,არეალ მედია’’, ,, Billboard Georgia’’,საინფორმაციო სააგენტო ,,პრაიმ ტაიმი’’, საინფორმაციო სააგენტო ,,აიპრეს ჯი’’, ,,პალიტრა ნიუსი’’, საინფორმაციო პორტალი ,,ამბები ჯი’’, Film New Europe (FNE) კინოინდუსტრიის საერთაშორისო მედიაპლატფორმა, Cineuropa – ევროპული კინოს საერთაშორისო მედიაპლატფორმა.

Scroll to Top