“აღმოვაჩინე, რომ რადიო შეუცვლელი ადგილი იყო ჩემთვის, რადგან აქ არავის აინტერესებს შენი სხეული, არავინ განგიკითხავს იმის გამო თუ როგორ გამოიყურები, აქ ყველაფერი იმაზეა დმაოკიდებული, თუ რა გაქვს ხალხისთვის სათქმელი” – ეს სიტყვები ინგლისელ რადიო და ტელეწამყვანს, სტეფანი ჰერსტს ეკუთვნის, რომლის მიმართ მსოფლიო ინტერესი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სქესი შეიცვალა და სამუდამოდ უარი თქვა კაცის სხეულზე.
ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ სანერვიულო ხალხის რეაქციაზეც ჰქონდა, ყველაზე მეტად ის აშინებდა, რომ, შესაძლოა, ის დაეკარგა, რაც ყველაზე მეტად უყვარდა. გრძნობდა, რომ არასწორ სხეულში ცხოვრობდა , თვითმკვლელობაზეც არაერთხელ უფიქრია, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რატომაც ამ განზრახვაზე ხელი აიღო იყო რადიო კარიერა. “რთული დილემის წინაშე ვიდექი. თავს ბედნიერად ვერასოდეს ვგრძნობდი, რადგან ვიცოდი, მხოლოდ სქესის შეცვლა ვერ გამაბედნიერებდა, სრული სიმშვიდისთვის ჩემი სამსახურის შენარჩუნებაც აუცილებელი იყო”, – უცხადებს რაიოწამყვანი ჟურნალ ტელეგრაფს.
პირველად სტეფანიმ რადიოში მუშაობა 12 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ მისი მოვალეობა მხოლოდ წამყავნებისთვის ჩაის მომზადება გახლდათ, თუმცა 16 წლის ასაკში მაღალ რანგზე გადაინაცვლა და ერთ-ერთ გადაცემაში მუშაობაც დაიწყო. “მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რისი კეთებაც ცხოვრების ბოლომდე მენდომებოდა. საკუთარი თავი ამ პროფესიაში ვიპოვე, თუმცა ის რაც შინაგანად მაწუხებდა ამ ყველაფრით სიამოვნების საშუალებას არ მაძლევდა”,- ამბობს ჰერსტი.
სტეფანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რადიოწამყვანი იყო, მას ყველა ისე იცნობდა, როგორც დიჯეი საიმონ ჰერსტს. მის ტალანტზე, ოქროს ხმასა და შეუფასებელ უნარებზე ყველა ერთხმად თანხმდებოდა. სწორედ ამიტომ ეშინოდა რადიოწამყვანს მისი ოცნების ასრულება, ეცხოვრა სხეულში, რომელიც მის შინაგან განწყობას შეეფერებოდა. არავინ იცოდა, ამ გადაწყვეტილების შემდეგ იპოვიდა თუ არა ის სამსახურს, როგორც ქალი დიჯეი, თუმცა მისმა სურვილმა, შინაგან სამყაროსთან მის სხეულსაც ჰქონოდა თანხვედრა, საბოლოოდ სქესის შეცვლის ოპერაციამდე მიიყვანა. 2014 წლის 11 ოქტომბერს კი ეს პირდაპირი ეთერის მეშვეობით, სტეფან ნოლანთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ხალხის რეაქციის ეშინოდა, თუმცა ეს რადიოს ისტორიაში ყველაზე ჩამოტვირთვადი ინტერვიუ გახდა.
მიუხედავად საზოგადოების სრული მხარდაჭერისა, რადიოწამყვანმა ეთერის დატოვება მაინც გადაწყვიტა. 11 წლიანი კარიერა ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვა. მაშინ “Global Radio-მ” განუცხადა მსმენელს, რომ დიჯეი საიმონის ეთერში ვეღარ მოუსმენდა. “უბრალოდ დაღლილი ვიყავი, მეშინოდა, თუმცა ის მხარდაჭერა, რაც ხალხიგან და ჩემი კოლეგებისგან ვიგრძენი, თავდაჯერებას მმატებდა”
გარკვეული პაუზის შემდეგ, სტეფანიმ რადიოში დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც ის “ტელეგრაფს” უცხადებს, ეს ნაბიჯი საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულმა გადადგა, რადგან უკვე ბოლომდე გრძნობდა ვინ იყო. რადიო მისი პიროვნების განუყოფელ ნაწილად მიიჩნეოდა. როდესაც ეთერში ისე წარსდგა მსმენელის წინაშე, როგორც ქალი, მიხვდა, რომ ეს ყოველთვის ასე უნდა ყოფილიყო. მართალია, ეს მის ახალ ცხოვრებაში პირველად ხდებოდა, მაგრამ თავად რადიოეთერში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. ახლა მუდმივი ჭიდილი საკუთარ პიროვნებასა და სხეულს შორის დასრულებული იყო. მისი ერთადერთი საზრუნავი კი ხალხის სიყვარულის კვლავ მოპოვება გახლდათ.
სტეფანიმ ოპერაცია იმ პერიოდში გაიკეთა, როდესაც კარდაშიანების მამინაცვალი, მსოფლიო მედიის ყურადრების ცენტრში, აღნიშნული საკითხის გამო მოექცა. რადიოწამყვანი არაერთ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მან პირველმა იცოდა, რომ ბრიუსი სქესს შეიცვლიდა.
“როდესაც მე ის ტელევიზიით ვიხილე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბრიუსი იყო, მივხვდი მომავალში რაც მოხდებოდა, ამას მის სახეზე ვკითხულობდი. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ ისიც ჩემს მდგომარეობაში იყო, ზუსტად ვიცოდი რასაც გრძნობდა და როგორ უჭირდა ამ ყველაფრის ხალხისგან დამალვა“.
ჰერსტის თქმით, ის რაც მის თავს ხდებოდა ბიოლოგიური შეცდომა იყო, რომელსაც ვერანაირი აბი ვერ გამოასწორებდა. მისი თქმით, მას ჯოჯოხეთური გზის გავლა მოუწია, რათა ამ ყველაფრისთვის სწორი სახე მიეცა.
2016 წლის ივნისში, მან მონაწილეობა “No Filter” კამპანიაში მიიღო, სადაც ის ლონდონში ერთ-ერთ სამაყო სახედ დასახელდა. ამას მოჰყვა მეორე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც რადიოწამყვანის ყოველდღიურ ცხოვრებას მოგვითხრობდა. 2017 წლის თებერვალში კი სტეფანი წარდგენილი იყო “British LGBT Award-ის” ნომინაციაზე: “ცხელი და ამომავალი ვარსკვლავი”.