ანრი ბიბინეიშვილი: “რამდენ გოგოსთან გავივლი, დავმალო, ვერიდო ჟურნალისტებს?!”

0
3054

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ფართო საზოგადოებამ „ სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ გადაცემიდან გაიცნო. ანრი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის დასის წევრია. ახალგაზრდა მსახიობმა მარიამ ახობაძეზე  გია ჯაჯანიძის  შოუში იქორწინა. ანრისა და მარიამის ქორწინება თვესა და 6 დღეში დასრულდა. ანრი სწავლის გასაგრძელებლად  ბათუმიდან თბილისში ჩამოვიდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაჭრის შემდეგ სწავლა „ტელევიიზისაა და რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტში“ განაგრძო. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ კი თუმანიშვილის თეატრში განაგრძო მოღვაწეობა. თეატრის დაფინანსებასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ის თეატრიდან წასვლას აპირებს. ხმამაღლა საუბრობს საკუთარ მატერიალურ პრობლემებზე. ხშირად ხდება ინტერესისა და  კრიტიკის ობიექტი. რა მიზეზით დაინგრა მისი ოჯახი და რა ხდება ამჟამად მის პირად ცხოვრებაში, რამ აიძულა თეატრის დატოვებაზე ფიქრი, ამას  ინტერვიუდან შეიტყობთ.

დაბადების დღეზე ჩავიჭერი მისაღებ გამოცდაზე

ბავშვობა ბათუმში გაატარეთ… რასგაიხსენებდით?

სკოლაში ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. ჩემი დამრიგებელი ნატო თავდგირიძე გენიოსი ქალია, როგორც აღმზრდელი და პედაგოგი. ვფიქრობ, ყველა მასწავლებელი ასეთი უნდა იყოს. მეუბნებოდა საქართველოს ისტორია ისწავლე შვილო 3-ზე, მსოფლიოში გიწერ – 5-ს. მყავდა ბიოლოგის მასწავლებელი მანანა წივწივაძე, არაჩვეულებრივი ქალი, ის მეუბნებოდა -კაცი უნდა იყოს მთელი და არა ნახევარი.

რატომ გადაწყვიტეთ თბილისში ჩამოსვლა?

სასწავლებლად ჩამოვედი. მაშინ წარმოუდგენელი იყო რას ნიშნავდა ამ პროფესიაში არსებობა. ჩემთვის მსახიობობა ილუზია იყო. ძალიან მოუმზადებლად ჩამოვედი. ჩემით ავირჩიე საგამოცდო პროზა, ლექსი, იგავ-არაკი. ერთადერთი ადრეულ ასაკში ბავშვთა ანსამბლში სიმღერის გამოცდილება მქონდა. პროფესიულ დონეზე ცეკვა და სიმღერა არ ვიცოდი. სხვათა შორის, 13 ივნისს, ჩემ დაბადების დღეს დაემთხვა გამოცდაზე ჩაჭრა. 86 ქულით ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტში მოვხვდი. ბატონი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი იყო ჩემი პედაგოგი. მისი დამსახურებაა თეატრში რომ ვითამაშე და მოგვიანებით თუმანიშვილის თეატრის დასის წევრი გავხდი.

თუმანიშვილის თეატრის დასის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა… როგორ გაიარეთ ეს გზა?

პირველად ვიქნები ასეთი გულახდილი და ვიტყვი, რომ შრომა არ დამკარგვია. თეატრში სამსახიობო ოსტატობის ლექცია გვიტარდებოდა. ბატონმა ნუგზარმა დადგა გურამ დოჩანაშვილის „ორნი აქა-იქა“, 9 აპრილს მიეძღვნა. ჩვენი ჯგუფი მასობრივ სცენაში დაგვაკავა. შემდგომ ბატონმა გოგი ქავთარაძემ დადგა სპექტაკლი „ხალხის მტერი“, იქაც „მასოვკაში“ გამოვადექით. მერე იყო მეორეხარისხოვანი და მთავარი როლები. ქალბატონი ქეთი დოლიძის და სამსახიობო დასის დამსახურებით მოვხვდი ამ თეატრში. მთავარი როლები მითამაშია რუსთაველის თეატრსა და სამეფო უბნის თეატრშიც. ასევე არდიfest 25-წუთიანი სპექტაკლების ფესტივალზე. ბატონი გივი ბერიკაშვილის დაკრძლვაზე ერთი კარგი ფრაზა მოვუსმინე. ბატონმა გია ბურჯანაძემ თქვა: მსახიობის ცხოვრება არის ის ბოლო ტაში, როდესაც გამოგასვენებენ თეატრიდან…

ვიღაც 3-4 ადამიანი ზის და მისთვის სასურველ მსახიობებს ურეკავს

ტელესერიალებში როგორია თქვენი გამოცდილება?

მწირი პრაქტიკა მაქვს. სულ სამ სერიალში – „ ჩემი ცოლის დაქალები“, „ფსიქოპატთა თამაშები“ და „მზარეულები“ – ვითამაშე. სხვადასხვა ტიპის როლი იყო. დამირეკეს და ისე მოვხვდი, პირდაპირ როლზე. სამწუხაროა, რომ არ არის ქასთინგი, იქნებ სხვა როლს უკეთ ვაკეთებ.
ვერ ვხვდები მსახიობმა რატომ არ უნდა იცოდეს იღებენ თუ არა  ფილმს. ვიღაც 3-4 ადამიანი ზის და მისთვის სასურველ მსახიობებს ურეკავს. ვფიქრობ, ქასთინგი უნდა გამოცხადდეს, როდესაც სერიალსა და ფილმზეა საუბარი.

რა არის ახალგაზრდა მსახიობის გზა და პერსპექტივა ჩვენ ქვეყანაში?

განათლებას იმისთვის იღებ, რომ შენთვის სასიამოვნო საქმე აკეთო. გასაგებია, რომ მსახიობს უნდა შიოდეს და წყუროდეს, მართლაც ასე იყო, მაგრამ რომ წვალობდნენ ფასდებოდა მათი ნიჭი. დღეს სახელმწიფოს მესვეურებმა მიიყვანეს საქმე იქამდე, რომ მატერიალურზე დიდი აქცენტი გავაკეთეთ. თუკი მე არ გჭირდები როგორც მსახიობი არც რეჟისორს, არც ტელევიზიას, არც ქვეყანას, როგორ წავიდე წინ? არაერთ ადგილას მიმუშავია. მარტივია ისევ იქ დაბრუნება. იმას მაინც მოვახერხებ მიმტანად და ბარმენად დავიწყო მუშაობა, მაგრამ ამით ხომ ვშორდები ჩემ პროფესიას, საკუთარ თავს ვთრგუნავ.

ცოლი მოვიყვანე და შემომთავაზეს, რომ ქორწილის მსგავსი გაეკეთებინათ გადაცემაში

თქვენი გამოჩენა გადაცემა „სხვა რაკურსის“ ეთერში და ქორწინება სატელევიზიო შოუში. ეს იყო  შოუს ნაწილი?

როგორც მსახიობი და მოქალაქე მიმიწვიეს რამდენიმე გადაცემაში. ცოლი მოვიყვანე და რომ გაიგეს ჩემი ქორწინების შესახებ, დამირეკეს და შემომთავაზეს, რომ ქორწილის მსგავსი გაეკეთებინათ გადაცემაში. არ მესმის, რომ მეუბნებიან რად გინდოდაო. რატომაც არ მინდოდა?! ჩემი და გადაცემის მიზანი იყო ბედნიერების გაზიარება. სულ უბედურობები გადის ეთერში, დავიღალეთ. თუ მე მყავს მაყურებელი და მათ აინტერესებს, სხვა რატომ მიკრძალავს და მასწავლის როგორ მოვიქცე?!

როგორ გაგრძელდა თქვენი ქორწინებაა?

დასრულდა. ჯობდა მალე დამთავრებულიყო, ვიდრე მაშინ, როდესაც ყველაზე მძიმე იქნებოდა. ყველა ხაზს უსვამს, რომ თვესა და 6 დღეში დასრულდა ჩემი ქორწინება. რა მოხდა?! ამბობენ, რომ მაშინ რა საჭირო იყო ეს შოუ. საჭიროების გამო გააკეთა ვინმემ? დასრულდა იმიტომ რომ ვერ მოხდა ისე, როგორც გვინდოდა. ესე იგი ჩვენი სიყვარული არ ყოფილა ჯანსაღი. გაუგებრობა იყო, სიყვარულის ნაკლებობა რომ განმეცადა, ალბათ არ გადავდგამდი ამხელა ნაბიჯს.

ქორწინებამდე თქვენს ყოფილ მეუღლესთან დიდი ხნის ნაცნობობა გაკავშირებდათ?

3 წელი ვიცნობდით ერთმანეთს. ვფლირტაობდით, შეყვარებულები ვიყავით. ჩემი მეგობარი გოგო იყო, მე მისი მეგობარი მამაკაცი ვიყავი.

რამდენ გოგოსთან გავივლი დავმალო, ვერიდო ჟურნალისტებს?!

განქორწინების შემდეგ ისევ გეწვიათ სიყვარული ?

რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქცელში აღვნიშნე, რადგან საფუძველი არ მიმეცა იმ გოგოსთვის, რომელიც ჩემი რჩეული იყო. დავწერე, რომ ვარ ურთიერთობაში, შეყვარებული ვარ. რატომღაც ჟურნალისტმა დაწერა: „ანრი ბიბინეიშვილი დაქორწინდა“. არ დავქორწინებულვარ, შეყვარებული ვიყავი ძალინ გულწრფელი, სუფთა დამოკიდებულებით. ამას ოფიციალური სახე არ ქონია. რამდენ გოგოსთან გავივლი დავმალო, ვერიდო ჟურნალისტებს?! დაანებონ შეყვარებულებზე დევნას თავი. ჩემი პირადი ცხოვრება თუ ვინმეს აინტერესებს, ვეტყვი, რომ არ ვარ ურთიერთობაში, არ მყავს შეყვარებული. მარტო ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ თავს.

გინდა ქამარი შემოიჭიროს, გინდა ჰალსტუხით ჩამოიხრჩოს თავი

თქვენი თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება ფინანსურ მხარეს უკავშირდება ?

სამწუხაროდ, ფინანსური მხარე გახდა პრიორიტეტი. საერთოდ სხვა რამის გამო დაწყებულმა ამბავმა სხვა შედეგი გამოიღო. დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ არ არის მსახიობის უფლება დაცული. ჟურნალისტმა გააკეთა გადაცემა ისე, როგორც დაინახა ჩვენი გასაჭირი. საბოლო ჯამში მე პირადად დავითრგუნე. თეატრმა არაერთხელ მოთხოვა ფინანსები კულტურის სამინისტროს, მსახიობების ხელფასების გამო, ახალგაზრდა მსახიობების მისაღებად. თუ ახალი თაობა არ მოვიდა თეატრში, თუ არ ვუყურეთ გამოცდილ მსახიობებს და მათთან ერთად არ ვიმუშავეთ, როგორ გავიზარდოთ? უცხოეთში ჩვენ არ გვიშვებენ, იქიდან არავინ მოყავთ მასტერკლასების ჩასატარებლად. 150 ლარით მაინც მომემატოს ხელფასი. ჩემ თეატრთან არის ეს თხოვნა და კულტურის სამინისტროსთან მოთხოვნა! მე არ ვაწერ ხელს ფურცელს, პრემიებს დანამატს არ ვარქმევ, ჩემი ხელფასი ათასებს არ ეთამაშება.

ფიქრობთ, რომ არასწორად გაჟღერდა საზოგადოებაში მსახიობების პრობლემები?  კონკრეტული ადამიანების  ხელფასებზე გაკეთდა აქცენტი…

თქვენ შემითანხმდით ინტერვიუზე და მე მოგეცით ამის უფლება, რომ ჩემზე დაწეროთ. ინტერნეტში რომ დადებთ, ბევრი გადაიზიარებს და შესაძლოა არასწორი ინტერპრეტაციები მოყვეს ჩემ ნათქვამს. სწორი ზრუნვა და უფლებების დაცვა იყო ჩვენი სურვილი. ერთ-ერთი იყო მაიკო გელოვანი, ჩვენი უნიჭიერესი მსახიობი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება სამსახიობო გილდიას  შესაქმნელად. აქამდე მიგვიყვანა იმან, რომ ხელფასები იყო დაბალი. საზოგადოებამ ნახა თოქ-შოუ. მე გულწრფელად ვისაუბრე. გინდა ქამარი შემოიჭიროს, გინდა ჰალსტუხით ჩამოიხრჩოს თავი, რას დავეძებ?! ჩემთვის არ არის ის ადამიანი, ვინც განაგებს ამას, კულტურის იმ მიმდინარეობას, რასაც თეატრი ქვია. არასწორია მე რომ მიწევს ჩემი ხელფასის დასახელება.

ალბათ უნიჭო ვარ. მითხრან, პასუხი მაინც მექნება

თეატრიდან წასვლა რომ გადაწყვიტეთ, რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვთ?

თუკი იმის იმედი გაჩნდა, რომ რაღაც მინიმალური დანამატი მაინც მქონდეს,  არ წავალ. მე არ დავურთე ჩემ გადაწყვეტილებას არაფერი, იმიტომ რომ ამას ულტიმატუმის სახე არ მისცემოდა. პირველად ამ თეატრში ფეხი 2007 წლის 17 დეკემბერს შემოვდგი, კარიდან იწყება ყოველთვის თეატრის სიყვარული. თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობი 2013 წლის იანვრიდან გავხდი. 4 წელი გახდა, რაც დასის მსახიობი მქვია.

თქვენი მშობლები ბათუმში ცხოვრობენ? როგორც თქვენგან შევიტყვეთ, დედა იყო ავად…

თვენახევრის წინ ინსულტი მიიღო. ღვთის წყალობით, ახლა თავს კარგად გრძნობს. გამოპრანჭულა, გადაიღო ფოტო და გამომიგზავნა, რომ ეჩვენებინა კარგად ყოფნა. ჩემი საზრუნავი არის ჩემი მშობლების სიბერის უზრუნველყოფა. მატერიალური მდგომარეობა რომ გამოსწორდება, ადამიანები კარგად იქნებიან. ღიმილსაც თურმე საშუალება ჭირდება. ჩემ მეგობრებს რომ არ ეზრუნათ ჩემზე, ჩემ თეატრში რომ არ გაეღოთ კარი, ვინ ვიქნებოდი მე? უპროფესიო კაცი. ჩემნაირი რამდენი ახალგაზრდა დადის…

არანაირი შემოთავაზება არ მაქვს. ალბათ უნიჭო ვარ. ეგ მაინც მითხრან, პასუხი მაინც მექნება ნაპოვნი. ახალგაზრდა კაცი ვარ ჯერ, მეცოდინება და სხვაგან წავალ. თუკი ვინმე კომპეტენტური მეტყვის, რომ ნიჭი არ მაქვს, მადლობას გადავუხდი. ამას არ მეუბნებიან, ესე იგი რაღაც მაქვს.

მარიამ ბაზალი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here