ქეითი ფერის 25 ოქტომბერს 31 წელი შეუსრულდა – ამერიკელმა მომღერალმა ამ არცთუ დიდ ასაკში უკვე იმდენის მიღწევა შეძლო, ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ ვერ ახერხებენ ხოლმე.
გამოუშვა 4 სტუდიური დისკი, მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ფილმში, ჩაატარა სამი ტურნე, პოპულარობა 2008 წელს მოიპოვა, როდესაც მსოფლიო ჰიტი, “I Kissed A Girl” გამოუშვა, სიმღერას უკვე “Hot N Cold” მოჰყვა, 2010 წელს გამოშვებულ სიდიში, “Teenage Dream”-ში შემავალმა სიმღერამ, “California Gurls” ბილბორდის ტოპ ასეულში რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველი პოზიცია არავის დაუთმო. რიგით მეოთხე ალბომში შემავალმა სიმღერებმა, “Roar“ და “Dark Horse“ VEVO-ს ანგარიშზე მნახველთა რაოდენობაში მილიარდს გადააჭარბა, მოკლედ, ქეითის შეუძლია დაიტრაბახოს, რომ 31-წლიანი არსებობის განმავლობაში ძალიან ბევრისთვის მიუღწევია, მრავალი მილიონიც გამოუმუშავებია და მოკლედ, ცხოვრება ნამდვილად შედგა.
ფერიმ კარიერული წარმატების პარალელურად პირადი პრობლემებიც ბლომად იგემა – კომიკოსი რასელ ბრენდი და იმ პერიოდში უკვე სუპერსტარი ქეითი 2010 წელს დაქორწინდნენ, თუმცა, ოჯახურმა ცხოვრებამ სულ რაღაც 2 წელიწადს გასტანა – მათი განქორწინების შესახებ მასმედია ათას ჭორ-მართალს ავრცელებდა, მას მერე, რაც ნათელი გახდა, რომ ფერი ყოფილ ქმართან დაბრუნებას არ აპირებდა, მომღერლის სახელი არაერთ სხვა ცნობილ ადამიანს დაუკავშირეს.