როგორ მოხვდა ნუცა ბუზალაძე თურქულ “ვოისში”

0
232

“არ მეგონა, თუ მთელი თურქეთი ჩემზე ილაპარაკებდა…”

ნუცა ბუზალაძე ახალ კარიერულ მწვერვალებს იპყრობს. თურქულ “ვოისში” რომ გამოჩნდებოდა, პირველად ამის შესახებ “ავტორადიოს” გადაცემაში “VIP ზონა” ისაუბრა. ორიოდე დღის წინ კი თურქული არხის ეთერში გავიდა ბრმა კასტინგი, სადაც ნუცა ბუზალაძემ სრული ფურორი მოახდინა და მეორე სიმღერის შესრულებაც სთხოვეს.

ნუცას ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

თურქულ “ვოისში” როგორ მოხვდი?

თავად მინდოდა ძალიან. როგორც იცით, ნახევრად თურქეთში ვარ გაზრდილი და ძალიან მინდოდა, იქ რაღაც გამეკეთებინა, ეს სურვილი ბავშვობიდან მქონდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ვიფიქრე, რომ დადგა ასეთი დრო. მუსიკალური კონკურსი კი საუკეთესო გზაა სხვა ქვეყანაში თავის წარმოსაჩენად. გავიგე, რომ კასტინგები ტარდებოდა და ჩავედი მონაწილეობის მისაღებად. სხვათა შორის, ასეთი პრაქტიკა თურქულ “ვოისში” აქამდე არ ჰქონიათ, ანუ პირველი ქართველი ვარ, რომელიც მონაწილეობს. მონაწილემ აუცილებლად უნდა იცოდეს თურქული ენა და იქაურ ამბებშიც ერკვეოდეს. მე სულ ვუყურებდი თურქულ “ვოისს”.

კასტინგი როდის გაიარე?

კასტინგი გავიარე ერთი თვის წინ. მხოლოდ ერთი რეპეტიციის გავლის საშუალება მქონდა გამოსვლამდე. იქ იმდენი მონაწილე ჰყავთ, რომ მეტ რეპეტიციას ვერავინ ასწრებს.

ელოდი, რომ ოთხივე მწვრთნელი შემოტრიალდებოდა?

ვერ მოვიტყუები და ველოდი, რომ ოთხივე შემოტრიალდებოდა (იღიმის). რეპეტიციაზე ისეთი გამოხმაურება მოჰყვა ჩემს შესრულებას, რომ დარწმუნებული ვიყავი ამაში, თუმცა არ ველოდი, რომ გადაცემის გასვლიდან მეორე დღეს მთელი თურქეთი ჩემზე ილაპარაკებდა. ყველა საიტზე დადეს ვიდეო და ეწერათ, რომ სტუდია დავანგრიე და სცენა დავგლიჯე (იცინის). ჩემს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე რომ შემოხვიდეთ, იმდენი შეტყობინება მომივიდა, რომ ჯერჯერობით ვერ წავიკითხე. ახლა ვაპირებ წაკითხვას და აუცილებლად ყველას გავცემ პასუხს.

ჰადისესთან მოხვედრა გინდოდა?

მინდოდა ჰადისესთან მოხვედრა, რადგან ის სტილისტურად ყველაზე ახლოსაა ჩემთან. ზოგადად, ის მწვრთნელები, ვინც “ვოისში” სხედან, თურქეთში ძალიან ცნობილი მომღერლები არიან. მთელი თურქეთი გიჟდება მათზე.

მეორე სიმღერის შესრულება თავად გთხოვეს?

დიახ. ჯერ ვიმღერე ცალკე, შემდეგ ჰადისე ამოვიდა სცენაზე და მასთან ერთად შევასრულე სიმღერა, მერე კი, გასვლას რომ ვაპირებდი, უკან მომაბრუნეს და “Mama Knows Best” ვიმღერე, მანამდე რეპეტიციაზე გავლილი მქონდა და ბენდმა იცოდა, რომ ამ სიმღერასაც ვმღეროდი.

თურქეთში როდის მიემგზავრები?

ერთ თვეში, როცა ბრმა კასტინგები გავა ეთერში და შემდეგ რინგების ჩაწერის დრო დადგება.
მწვრთნელებმა ნამდვილი ომი გამართეს შენს დასასაკუთრებლად.

(იცინის) ასე იყო, მაგრამ ჰადისესთან ერთად რომ ვიმღერე, მიხვდნენ, რომ მასთან წავიდოდი.
ერთმა მომღერალმა შოთი და აჩი არველაძები ახსენა…

თავიდან ვერ გავიგე, შემდეგ წამყვანმა გამიმეორა (იღიმის). მურატი, რომელმაც ძმები არველაძეები ახსენა, სულ რაღაცებს ღადაობს. მითხრა, არველაძეებს ხომ იცნობ, ჩემი ბიძაშვილები არიან და ჩემთან წამოდიო (იცინის).

ნუცა, საინტერესოა, რას ელოდები “ვოისისგან”, გამარჯვების შანსი გექნება?

ვერ ვიტყვი, რადგან ფინალში გამარჯვება მაყურებლის მესიჯებზეა დამოკიდებული. ერთის თქმა შემიძლია, რომ ჩემი ყველა ტური დასამახსოვრებელი იქნება, რადგან ძალიან დიდი მოტივაცია მაქვს. თურქეთში შოუბიზნესი ძალიან განვითარებულია. წინასწარ ვერ გეტყვით, რა წარმატება მექნება, მაგრამ ალბათ, იქნება შემოთავაზებები…

ნინო მურღულია