მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გრძელდება.
3 ნოემბერს სტარტი აიღო GIFT PR0 – ფესტივალის 5 დღიანი პროფესიულმა პლატფორმამ. მუდმივმოქმედი პროგრამის ,,ქართული ფოკუსის“ პრეზენტაცია 3 ნოემბერს, 18:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა.
თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში ფესტივალი „საჩუქარი“ საერთაშორისო სახელოვნებო სამყაროს თბილისში მასპინძლობს. ამჯერად, ფესტივალი ამ დიალოგს ახალ მიმართულებას აძლევს და ქმნის მუდმივმოქმედ პროფესიულ პლატფორმას, რომელიც თანამედროვე ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას საერთაშორისო პროფესიულ სივრცესთან დააკავშირებს. GIFT PRO ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის აქტიურ ინტეგრაციას საერთაშორისო სახელოვნებო ასპარეზზე.
GIFT PRO-ს ფარგლებში თბილისში საგანგებოდ არიან მოწვეულები საერთაშორისო ფესტივალების, თეატრებისა და სახელოვნებო ინსტიტუტების სამხატვრო ხელმძღვანელები, პროგრამერები, კურატორები და პროდიუსერები – პროფესიონალები, რომელთა გამოცდილება და ხედვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო პროცესებში.
GIFT PRO-ს ,,ქართული ფოკუსი“ არ არის ერთჯერადი საკონკურსო პროგრამა, ეს არის ახალი ქართული ნამუშევრების განვითარების გრძელვადიანი მექანიზმი, რომლის მიზანია პროექტს პრემიერის შემდეგაც ჰქონდეს განვითარების, საერთაშორისო პროფესიულ სივრცეში დამკვიდრებისა და ახალი პარტნიორების შეძენის შესაძლებლობა.
GIFT PRO-ს ფარგლებში სხვადასხვა პროექტის წარდგენა ქართველ და უცხოელ ხელოვანებსა თუ ინსტიტუციებს ერთობლივი შემოქმედებითი პროცესის გარშემო გააერთიანებს. სწორედ ამ მიზნით, ფესტივალი „საჩუქარი“ პირველად წარმოადგენს მომდევნო სეზონებისთვის დაგეგმილი საერთაშორისო კოპროდუქციების პრეზენტაციას. საერთაშორისო კოპროდუქციებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ როგორც საქართველოს სახელმწიფო თეატრებს, ისე დამოუკიდებელ თეატრალურ კომპანიებს, რაც მომავალში ერთობლივი წარმოების, შემოქმედებითი გაცვლისა და საერთაშორისო პარტნიორობის ახალი ფორმების განვითარების საფუძველს შექმნის.




