„დავიწყებული მამის ფიქრები“ – გაგა ლომოურის პირველი პერსონალური გამოფენა

„დავიწყებული მამის ფიქრები“ გაგა ლომოურის პირველი პერსონალური გამოფენა და საზოგადოებისათვის სურ – ინდივიდუალიზმის პრეზენტაციაა. ექსპოზიციაში პირადი გამოცდილება, კოლექტიური მეხსიერება და ადამიანის არსებობის უნივერსალური კითხვები ერთმანეთს ერწყმის.

სურ – ინდივიდუალიზმის ფარგლებში გაგა ლომოურის კვლევის საგანია, როგორ ინარჩუნებს ერთი ადამიანის ინდივიდუალური ხედვა საკუთარ იდენტობას მაშინ, როდესაც მის მატერიალურ განხორციელებაში სხვა ადამიანი მონაწილეობს, ხოლო მნიშვნელობების შექმნაში – მრავალი მაყურებელი. ნამუშევრების კონცეფციას, კომპოზიციას და ფერწერულ სტილს გაგა ლომოური განსაზღვრავს; მათი განხორციელება მის შემოქმედებით ჯგუფთან თანამშრომლობით, მისი დეტალური მითითებებითა და უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.

გამოფენის სათაური მიანიშნებს იმ საწყისსა და უხილავ კავშირზე, რომელიც ადამიანს წარსულთან აკავშირებს. დავიწყება აქ წაშლას არ ნიშნავს – ის აღნიშნავს ცნობიერების მიღმა დარჩენილს, რომელიც კვლავაც აყალიბებს აწმყოს.

რა რჩება მათგან, ვინც ჩვენ ჩამოგვაყალიბა? რა იკარგება თაობებს შორის? რამდენად შესაძლებელია სხვა ადამიანის შინაგანი სამყაროს სრულად შეცნობა?

გაგას ნამუშევრებში ნაცნობი საგნები და ნიშნები – გული, ემბრიონი, ტყვია, ტვინი, ღუზა თუ ყოველდღიური ნივთი – უჩვეულო ურთიერთობებში ექცევა და ხშირად პარადოქსულ მნიშვნელობებს იძენს. ისინი აზროვნების კატალიზატორებად იქცევა: მაყურებლის მოგონებები, შიშები, იმედები და სურვილები გამოსახულების გააზრებაში მონაწილეობს. ამგვარად, განსაზღვრული მხატვრული ფორმა განსხვავებული წაკითხვის შესაძლებლობას ტოვებს.

ამ მიდგომას საფუძვლად უდევს წარმოდგენა, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი, სხვებისათვის ბოლომდე მიუწვდომელ შინაგან სამყაროში ცხოვრობს. ხელოვნება ამ საზღვრებს შორის კავშირის შესაძლებლობას გვაძლევს.

გაგა ლომოური 1981 წელს დაიბადა. იგი შორეული ნაოსნობის კაპიტანი, საზღვაო ექსპერტი, მეცნიერებათა დოქტორი და საზღვაო პროფესიულ გამოცემებში გამოქვეყნებული არაერთი პუბლიკაციის ავტორია. სხვადასხვა კულტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება თავის შემოქმედებაში მეხსიერების, პასუხისმგებლობისა და ადამიანის სამყაროში ადგილის გააზრებას უკავშირდება.

Scroll to Top