რადიო „არ დაიდარდო“ იუბილარია. 1-ელ ივნისს მას 19 წელი შეუსრულდა.
„არ დაიდარდოს“ დილიდან სტუმრობენ ცნობილი სახეები, ის ადამიანები, ვის კარიერაშიც რადიომ გადამწყვეტი როლი ითამაშა.
ისინი განსაკუთრებულ მილოცვებს არ იშურებენ რადიოს მიმართ და კიდევ ერთხელ უხდიან მადლობას…
თემურ თათარაშვილი:
„შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ მანქანაში სულ „არ დაიდარდო“ მაქვს ჩართული. ხშირად თაკო მელიქიშვილს ვწერ ხოლმე რაღაცებს გადაცემის მსვლელობისას. ძალიან კარგია, რომ არსებობს ქართული სიმღერების რადიო. რატომღაც რაღაც პერიოდი ქართული სიმღერები ჩააჩოჩეს, ახლა კი წინ წამოვიდა ისევ. ახალგაზრდებიც მიხვდნენ, რომ ჯერ შენი უნდა იმღერო და მერე თუ გაქვს შესაძლებლობა, სხვა, რადგან იმ სხვას უკეთ ვერ იმღერებ. ჩვენთვის, შემსრულებლებისთვის, ძალიან კარგია რადიო და დიდ როლს ასრულებს. სიმღერები, ძირითადად, მანქანებში ისმინება და რადიო „არ დაიდარდო“ დიდ პოპულარიზაციას უწევს ქართულ სიმღერას!..“
დათო ხუჯაძე:
„19 წლის წინ, როდესაც რადიო „არ დაიდარდო“ შეიქმნა, ახალი ხაზი გაიხსნა, სადაც შეგეძლო, შენი შემოქმედება გეჩვენებინა და ხალხამდე მიგეტანა. ძალიან დიდი როლი აქვს შესრულებული ამ რადიოს არა მხოლოდ ჩემი, არამედ სხვა შემსრულებლების პოპულარიზაციისთვის. სიმღერები გახდა ასე ვთქვათ, ხალხური და ყველასთვის მისაღები. მთავარია, რომ არ ივიწყებენ ძველს და ახალსაც აძლევენ საშუალებას, რომ დატრიალდეს ამ რადიოს საშუალებით. დიდი მადლობა რადიო „არ დაიდარდოს“ და გილოცავთ!..“
მერაბ სეფაშვილი:
„ახლა ვამბობდი, როგორ უცებ გავიდა კიდევ ერთი წელი და გახდით 19 წლის. რადიო „არ დაიდარდო“ ქართული სიმღერის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მიყვარხართ და გილოცავთ, რადგან ასე უწყობთ ხელს ქართველ შემსრულებლებს!..“
ნოდიკო ტატიშვილი:
„არ დაიდარდოს“ ვულოცავ დიდი სიყვარულით, რადგან ჩემი მეგობარი რადიოა და მეც მისი მეგობარი ვარ. ვმეგობრობთ მისი დაარსების დღიდან. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ჩემი საყვარელი ჰოლდინგია ყველა რადიოთი, პორტალით, თანამშრომლებით, რომლებიც ასევე ჩემი მეგობრები არიან. ყველა რადიოს დაბადების დღეზე დავდივარ (იღიმის). რადიო „არ დაიდარდოს“ ვუსურვებ უსაზღვრო რაოდენობის მსმენელს და თავისი უდარდელი ემოციებით და მუსიკით გაებედნიერებინოს თავისი მსმენელი!..
სალომე ბაკურაძე:
„არ დაიდარდო“ არის ის უმაგრესი რადიო, რომელიც მთელ ქვეყანას აერთიანებს. არ მოიძებნება ადამიანი, ვისთვისაც ეს რადიო კარგ განწყობასა და მხიარულებასთან, კარგ ამბებთან და უდარდელობასთან არ ასოცირდებოდეს. ახლანდელ სტრესულ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ განწყობას გიქმნიდეს და გახალისებდეს. ჩემს მეგობარ საყვარელ და რეიტინგულ რადიო „არ დაიდარდოს“ ვუსურვებ, რომ ყოველთვის ეჭიროს ეს ნიშა, ის ადგილი მსმენელების გულში, რომელიც ახლა უჭირავს, კიდევ უფრო გაზრდილიყოს რეიტინგი, ყოველთვის ჰყოლოდეს ერთგული მსმენელები და ჩვენნაირი მეგობრები!.. გილოცავთ!..“
ანრი ჯოხაძე:
„ვულოცავ ჩვენ საყვარელ „არ დაიდარდოს“ 19 წლის იუბილეს. „დიდი ბიჭი“ გაიზარდოს (პრინციპში არ ვიცი, ბიჭია თუ გოგო, ალბათ იმაზეა დამოკიდებული ვისთვის როგორ ასოცირდება) . რაც მთავარია ეს რადიო ემსახურება ქართულ საქმეს და რეალურად ლიდერია. რადიომ მსმენელების უმრავლესობას გადართული აქვს „არ დაიდარდოზე“.
ჩვენთვის, მომღერლებისთვის კი ერთ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა. როდესაც ქართულ სიმღერას ვწერთ, ის პირველად სწორედ ამ ეთერში რეალიზდება. გილოცავთ და გისურვებთ მაღალი დონის მსმენელებს“.
რადიო „არ დაიდარდოს“ სტუდიაში შეკრებილმა შოუბიზნესის სახეებმა და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალურმა დირექტორმა, თამარ ჩიგოგიძემ „არ დაიდარდოს“ თანამშრომლებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრეს და ერთმანეთს მილოცვები კიდევ ერთხელ გაუზიარეს…