მომღერალი თიკა ჯამბურია სულ ცოტა ხნის წინ, ევროტურიდან დაბრუნდა სადაც მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მან ესპანეთი და პორტუგალია მოინახულა. საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ თიკა პირველად „მიუზიკ ბოქსის“ მკითხველს უამბობს.
– თიკა, რატომ გაემგზავრეთ ევროპაში?
– კარგად დასვენება მინდოდა ჩემს მეგობრებთან ერთად და ამიტომ მოვიწყვეთ ევროტური. მოვინახულე ესპანეთი და პორტუგალია. საკუთარი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ, ესპანეთში მხოლოდ მადრიდის მონახულება მოვახერხეთ, პორტუგალია კი ფეხით შემოვიარეთ.
– განსაკუთრებით, რამ მოგხიბლა ამ ქვეყნებში?
– განსაკუთრებით მომეწონა ლისაბონი. ულამაზესი ქალაქია, ყველა შენობა თვალისმომჭრელია. მადრიდი უფრო თანამედროვე ქალაქია, სიცოცხლე ჩქეფს. ბავშვობიდან მინდოდა ესპანეთის მონახულება და მადრიდმა იმედები არ გამიცრუა. შეყვარებული ვარ მადრიდზე. რაც შეეხება ლისაბონს. რომანტიული ქალაქია, ამავე დროს ახალგაზრდული. ღამით ვიწრო ქუჩები გადავსებულია ხალხით. სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან გასართობად. მოვინახულე პორტო და ქაშქაი, სადაც საოცარი სანაპიროებია. რონალდოს სამშობლოა და თითქმის ყველა ბიჭი ფეხბურთელია.
– ჩვენს ქვეყანასთან თუ აქვს მსგავსება ესპანეთს და პორტუგალიას?
– პორტუგალიაში დაახლოებით ჩვენნაირი ცხოვრების დონეა, რაც შეეხება ესპანეთს, უფრო განვითარებული ქვეყანაა. ხალხიც გვგგავს ვიზუალურად. პორტუგალიელებს ცოტა ხორციანი და ეშხიანი გოგონები ჰყავთ. როცა ვთქვი უნდა გავხდეთქო, გაგიჟდნენ, შენ რად გინდა გახდომაო.
– შეიძინეთ მეგობრები ევროპაში?
– პორტუგალიაში გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც უსაყვარლესი ადამიანია. სწორედ მან გაგვიწია გიდობა უცხო ქალაქში. ნოემბრის ბოლოს ან იანვარში, ვაპირებ ისევ წავიდე ევროპაში, ამჯერად ჰოლანდიას და გერმანიას მოვინახულებ. უკვე ვიცი რაც უნდა დავათვალიერო. უკვე ვიზალიბერალიზაციაც მომისწრებს და ნელნელა მოვივლი ევროპას.