თინა მახარაძე: „მიშა რომ არ ყოფილიყო, საყურეებით კი არა, კუბოკრული პერანგებით ვერ გაივლიდა უმეტესობა თბილისში…“

0
1788

მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ის ბევრად მშვიდად ცხოვრობდა, ვიდრე შემდგომ და მანამდე. როგორც თინა წერს, რომ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, თბილისში ვერავინ გაივლიდა თავისუფლად ჩაცმული.

გთავაზობთ სტატუსს:

„ახლა, ზუსტად ვიცი, რისი გადატანაც მომიწევს მომდევნო წლები, მაგრამ რამდენიმე ნამდვილი ამბავი უნდა მოვყვე ჩემი ბავშვობიდან:

მეშვიდე კლასში რუსთავიდან გლდანში რომ გადავედით საცხოვრებლად და 173-ე სკოლაში მივედით პირველ გაკვეთილზე დასასწრებად მე და ჩემი და (ხევსურული ქუდები გვეხურა, დედაჩემის წყალობით, რატომღაც), პირველივე დღეს ვინმე გიორგი ქათამაძე მოვიდა სკოლის ეზოში და ყურში სანდომიანად ჩამჩურჩულა:

– “შენ კაი გოგო ხარ?”

– “კი” – ვუთხარი მე. 12 წლის ვარ.

– “ვინ გაგსინჯა?” – მკითხა პასუხად.

მე გამოუცდელი, მაგრამ როგორღაც ბუნებრივად შენძრეული ბავშვი ვიყავი და ეგრევე ავუღე ალღო, სადაც “მინამიოკებდა”. დავასმინე მამაჩემთან ეგრევე. მამაჩემი ადგა, სამსახურიდან ახალმოსულმა პერანგის ღილი ჩაიხსნა და – ოქეი, მამიკო, გამომყევითო – გვითხრა. გავედით გარეთ და რა უთხრა ეგრე კეთილად ამ ბავშვებს, არ ვიცი, არ მესმოდა, იმიტომ რომ უკან ვიდექი და მხოლოდ ხელის ჩამორთმევის და თავის ქნევის ჟესტებს ვუყურებდი, მაგრამ მეორე დღეს ეს ბავშვები გლდანის მესამე ა მიკროს უბანში ფეხზე წამოდგომით გვესალმებოდნენ მე და ჩემს დას და მამაჩემს – “გამარჯობა, პაატა ძიათი”.

მერე, ძაან მალევე, მამაჩემი მოკლეს სახლთან შვიდი ტყვიით. ჩაცხრილეს სადარბაზოსთან.

ერთი, რაც ნათლად მახსოვს, დაჭყლეტილი მრგვალი პური და დაჭტლეტილი “მარსის” და “მილქი ვეის” შოკოლადები იყო, რომლებიც მამაჩემს ჩვენთან მოჰქონდა და რომ ესროლეს, ზედ დაეცა და გასრისა.

რატომ მოკლეს, რისთვის, დღემდე აზრზე არ ვართ არავინ. იმ პერიოდში შუქი არ იყო ხოლმე არსად ქალაქში, პატრული არ არსებობდა და მკვლელი აორთქლდა. მამაჩემის გასვენება დაემთხვა მიშას მოსვლას.

იყო 2004 წლის 23 ნოემბერი, გიორგობა. ავლაბრის აღმართზე ეკიდა ახალი საქართველოს რაღაც ბანერები, მაგრად წვიმდა, მე ვიყავი 14 წლის და მივდიოდი პირველ გასვენებაზე დასაწრებად, რომელიც იყო მამაჩემის გასვენება – კაცის, ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა და ვისი მოურევლობისაც ყველაზე მეტად მწამდა. იმ წამებში ავლაბრის აღმართზე რომ ადიოდა რაღაც ჟიგული, რომელშიც ვისხედით მე და ჩემი და, მახსოვს, ერთ რაღაცას ვფიქრობდი : “რატო არ ენთო შუქი “პადიეზდებში”, იქნებ ვინმეს დაენახა მამაჩემის მკვლელი.

გავიდა იმის მერე აგერ 15 წელი, კიდე აზრზე არ ვართ, ვის შეიძლებოდა, მოეკლა მამაჩემი, რომელიც მართლა უმაგრესი, უკეთილშობილესი, უპატიოსნესი და უკაიტიპესი კაცი იყო. ხოდა 2004 წლის 23 ნოემბერი ჩემთვის დარჩა ეგეთ თარიღად – პირველ დასაფლავებას რომ დავესწარი ცხოვრებაში, მამაჩემისას, და მიშა რომ მოვიდა.

რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის და – მერე სადარბაზოები განათდა და ნულოვანი ტოლერანტობა გამოცხადდა კრიმინალის მიმართ. მაგ დროს მაგრად დავიჯერე, რომ “გაქრა ბნელი და იშვა ნათელი”, აწი ეგრე “უპრაგონოდ” ქუჩაში ვეღარავის მოუკლავდნენ მამებს.

მერე გავიზარდე ძააააააააან უსაფრთხო თბილისში, სადაც აღარანაირი გიორგი ქათამაძეების აღარ მეშინოდა. დავდიოდი “დეკოლტეებით”, რაც იყო “wow” იმ პერიოდში და არ მეშინოდა, რომ ვინმე რამეს მომაძახებდა. თუ მომაძახებდა და ვიცოდი, უნდა ამეკრიფა 112 ( იმდროინდელი პატრულის ნომერი, არ ვიცი, ახლა რა არის) და ეგრევე “ჩემი პოლიცია” იდგა ფეხზე. და ეგრეც იყო მართლა.

მაგრამ იყო სხვა სირთულეები – ჩაკირული მენტალობა, რომლის წინაშეც უმამოდ დარჩენილმა დავიწყე კბილებით ბრძოლა. რატომ და იმიტომ, რომ მამა აღარ მყავდა და ორი რაღაც მქონდა დარჩენილი თავგდასარჩენად – ჩემი თავი და ჩემი ქვეყანა ჩვენი ახალი პრეზიდენტით, რომელიც ძაან სწორ დროს გამომიჩნდა “მხსნელად”.

ჰოდა, ჩაკირულ მენტალობაზე ერთ-ერთი ეპიზოდი მახსოვს – თეატრალურში, ჯგუფში ვთქვი, რომელიღაც შიდა დებატების დროს: “თუ ვინმე რამეს მეტყვის, არ მინდა. ჩემმა შეყვარებულმა გახსნას დანა, არსებობს პატრული და დავუძახებ პატრულს”. მაგაზე მომდგნენ იმ პერიოდში ჩემი მთაწმინდელი კაი ბიჭი ჯგუფელები (უზომოდ მიყვარხართ ყველა და მეღიმება ამ ყველაფრის გახსენებაზე, არ მიწყინოთ, ბავშვებო) და დამიწყეს “გაისნება”, რომ “ტარიელის და დავითის ქვეყანაში კაცმა უნდა იბრძოლოს და “მილიციასთან” ჩაშვება არის ბოზობა.”

(ვრცლად/ფოტო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here