“კაშკაშა ვარსკვლავები მალე ქრებიან“ – თუკი ამ მოსაზრებას რეალურ ცხოვრებას მოვარგებთ, საუკეთესო მაგალითი ტეილორ ლოტნერი იქნება. წლების წინ მისი სახელი ყველას პირზე ეკერა, კინოთეატრებთან კი მისი გამოსახულებით ახალი ფილმების სარეკლამო პოსტერები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, მაგრამ დრო გავიდა და როგორც ჩანს ტეილორი პოპულარობამ დაღალა, ან უბრალოდ რეჟისორებმა დაკარგეს მის მიმართ ინტერესი, ყოველშემთხვევაში მსახიობი აპირებს ცოტა ხნით სამსახიობო საქმიანობას ჩამოშორდეს.
ცოტა ხნის წინ ლოტნერმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკანასკნელი ექვსი თვე მის ცხოვრებაში ძალიან შრომატევადი იყო, რადგან მუდმივად გადასაღებ მოედანზე უწევდა ყოფნა, ამიტომაც აპირებს, რომ ცოტა ხნით დაისვენოს, რის შემდეგაც აღდგენილი ძალებით ახალი როლის მორგებას შეეცდება. თუმცა უცნობია რომელიმე კონკრეტულ როლს გულისხმობდა თუ არა ტეილორი.
წელს მსახიობის მონაწილეობით სამი ფილმი შეიქმნა. მათ შორისაა “Tracers”, რომელმაც შემქნელების მოლოდინი ვერ გაამართლა. წლის ბოლოს ეკრანებზე “The Ridiculous 6”-ის რელიზია დაგეგმილი, რომლის სამსახიობო გუნდშიც ტეილორიც გვევლინება. სწორედ ეს გახლავთ მისი ამ დროისთვის ბოლო როლი. გამოცემები კი წერენ, რომ ტეილორს ამ ეტაპზე ახალი შეთავაზებები არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობს რომც არ უნდოდეს შემოქმედებითი პაუზის აღება, სხვა გზა არ აქვს…