საერთაშორისო კატეგორიის მწვრთნელი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში, ლიზი მორი, ქართველმა ტელემაყურებელმა პროექტით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო. ის ისრაელიდან სამშობლოში, სწორედ ამ პროექტის გამო დაბრუნდა. ლიზი მორი ისრაელში 90-იან წლებში წავიდა და ქმართან ერთად კარიერა აიწყო. საკუთარი ცხოვრების შესახებ, ლიზი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
“ელი არის ის ადამიანი, ვინც ჩემი კარიერა შექმნა. ბევრჯერ მიმიყრია ფეხსაცმელები, დამიყრია ყველაფერი და გავქცეულვარ. ჩავშლიდი რეპეტიციას, ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით და მეორე დღეს, ისევ ვრიგდებოდით. ის ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია. ჩემი მტკივნეული ადგილია შვილები, რომლებიც არ მყავს. შვილები ჩემს კარიერას შეეწირა“ – აცხადებს ლიზი მორი.
ლიზი გამოცემასთან საუბარში, იმ პერიოდსაც იხსენებს, როცა თბილისიდან ისრაელში წავიდა საცხოვრებლად.
“ელისთან ერთად ვიზრდებოდი, მაგრამ 90-იან წლებში ის ისრაელში გადავიდა ოჯახთან ერთად. 17 წლის ვიყავით, როცა ერთმანეთს დავშორდით და 8 წლის მერე, როცა საზღვრები გაიხსნა, ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა და თავიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი. მითხრა ისრაელში გავყოლოდი, ეს ძალიან რთული იყო, ფული არ გვქონდა. ჩემი ლამაზი კაბები და ფეხსაცმელი გავყიდე და წავედი ისრაელში. საქართველოდან მაშინ წავედი, როცა აქ ტყვიები ზუზუნებდა და შუქი არ იყო. იქ რომ ჩავედი, დაიწყო ყველაზე გაჭირვებული პერიოდი, მაგრამ მაინც ვახერხებდი მშობლებს დავხმარებოდი. დედა ხშირად მეუბნება, შენ რომ არ ყოფილიყავი ჩვენი ძვლები არ იქნებოდაო“.