სტანისლავ ბონდარენკო კვლავ საქართველოშია… მსახიობმა თბილისში საკუთარი ბინა მოინახულა, რომელიც პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მოიგო. ამის შემდეგ ის ანაკლიაში, ჯემ ფესტზე იმყოფებოდა. თუმცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ბონდარენკოს ბათუმური ვოიაჟი მოხვდა, რადგანაც სწორედ აქ შენიშნეს მსახიობი მომღერალ სალი ხმალაძესთან ერთად.
მათი ფოტოები ინტერნეტს ელვის სისწრაფით მოედო და მათ ურთიერთობაზე ეჭვებიც მალევე გაჩნდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგანაც ისინი საკმაოდ ინტიმურ გარემოში დააფიქსირეს. ფოტოები აუზზეა გადაღებული, სადაც ახალგაზრდები თავს შესანიშნავად გრძნობენ, გრილდებიან, ისვენებენ და გულთბილ ჩახუტებასაც არ ერიდებიან. თუმცა ჭორების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ სტანისლავ ბონდარენკოს ვიზიტის მიზეზი, სწორედ ზემოხსენებული მომღერლის, სალი ხმალაძის ახალ ვიდეოკლიპში მონაწილეობა გახდა და შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ აუზზე გადაღებული კადრები, სწორედ კლიპის გადაღებებს უკავშირდება.
შეგახსენებთ სალი ხმალაძე რუსეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალია, რომელმაც რუსულ შოუ ბიზნესში ხმაურიანი სტარტი აიღო. მისი ბოლო კლიპი საკმაოდ დიდი განსჯის საგანი იყო, რადგანაც კლიპში სალისთან ერთად ცნობილი რუსი მექალთანე გოშა გუცენკო მონაწილეობს. სალი განქორწინებულია, თუმცა გუცენკოს ცოლი და შვილები ჰყავს, მაგრამ ამას რუსული ტაბლოიდებისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ მათი რომანის შესახებ ჭორები გაევრცელებინათ.
ეჭვგარეშეა რომ ახალი კლიპი არანაკლები განხილვის საგანი გახდება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებს, სადაც სალი და სტანისლავ ბონდარენკო ხან აუზზე ნებივრობენ და ხან სანაპიროზე ჩახუტებულები სეირნობენ.