ანი ცინცქილაძისა და ანკა ოდიშელიძის ბრენდი „ბლიკვანგერი“ ბოლო წლებია, საინტერესოდ მუშაობს და მერსედეს ბენცის თბილისის მოდის კვირეულზე ყველა სეზონზე ახალ კოლექციებს წარადგენს. ჯემპრები ერთ–ერთი მათი კოლექციიდან ჩინელებმა და რუსებმა მოიპარეს და გამოუშვეს. ამის დასადასტურებლად გოგონებმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნეს.
ვითარებაში გასარკვევად დიზაინერ ანი ცინცქილაძეს დავუკავშირდით.
„ჩვენი ბრენდის ჩინური პატენტები აღმოვაჩინეთ აქ, თბილისში, რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, ზუსტად ჩვენნაირიც არის და სხვა ფერებიც. ასევე გააკეთეს რუსებმაც. თავდაპირველად რომ ვნახეთ, ძალიან გვეწყინა და გავბრაზდით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის პატენტი არსებობს, რაც კი ბრენდია დედამიწაზე და მით უმეტეს, საქართველო მიაქვს პატენტებს, ამას შეჩვეული ვარ (იღიმის). პირადად ჩემზე არ გამომიცდია, რა თქმა უნდა, ეს გრძნობა და გული მეტკინა, ეს იყო პირველი რეაქცია.
ჩვენ ერთი წლის წინ, წინა კოლექციაში გავაკეთეთ ეს X-0 ჯემპრები მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე გვქონდა გამოტანილი და თავიდანვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დიდი ყურადღება მიიპყრო.
ამ ჯემპრის პირველი მყიდველი აღმოჩნდა კორეელი ბიჭი, რომელმაც „ინსტაგრამზე“ ნახა და გამოიწერა. მას მერე სულ ყიდულობენ სხვადასხვა ქვეყნიდან სხვადასხვა ეროვნების ქალებიც და კაცებიც. გვაქვს ამ ჯემპრის ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელებიც, ყელიანიც და უყელოც, ხელებზე ფოჩებით და სადა ვარიანტიც.
მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მიმდინარეობისას, განსაკუთრებული ყურადღება ჩვენმა ჯემპრებმა კვირეულის ფოტოგრაფებისგან მიიპყრო და ქუჩის სტილის რუბრიკაში აღმოჩნდა, მათ შორის, ისეთ გამოცემებში, როგორიცაა „ვოგი“, „ჰარპერს ბაზაარი“ და ა.შ. ამ ყველაფრის შემდეგ, სულ რაღაც სამ კვირაში ვხედავთ ჩინურ და რუსულ ვერსიებს. ახლა მაქვს ასეთი შეგრძნება – თან კარგია და თან ცუდი. თან, ვბრაზობ და თან, მიხარია (იცინის).
ცოტა რამ ბრენდის შესახებ გვითხარი…
BLIKVANGER-ი არის ქართული ბრენდი, ჰოლანდიურ-გერმანული სახელწოდებით.
ეს სახელი ნიშნავს: შესამჩნევს, თვალში საცემს, დასამახსოვრებელს და ასევე პეპლის საჭერს. BLIKVANGER როგორც ბრენდი, გამუდმებით ხაზს უსვამს ადამიანების, მრავალფეროვან და განსხვავებულ ხასიათებს. BLIKVANGER-ს არასოდეს ეშინია, გააცოცხლოს ადამიანის მრავალწახნაგოვანი შინაგანი სამყარო და ხაზი გაუსვას მის ტემპერამენტს. ამის გამო, “BLIKVANGER“ ან „EYE CATCHER” – ხშირად ასეც მოიხსენიებენ ბრენდს.
დღეს საქართველოში დიზაინერობა უკვე შემოსავლიანი გახდა, რამდენადაც ვხედავთ…
ზოგადად, შემოსავლიანია ეს სფერო და ნელ–ნელა საქართველოშიც ასეთი ხდება. რაც დრო გადის, მეტი ინტერესია ქართული ბრენდების მიმართ მთელ მსოფლიოში. ადრე ნაკლებად იყო დაფასებული ეს სფერო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის და ძალიან მიხარია, რადგან მეც და ანკასაც ძალიან გვიყვარს ჩვენი საქმიანობა და მთელ გულს, სულს, ემოციებსა და ენერგიას ვდებთ მასში. „ბლიკვანგერი“ ჩემი მესამე შვილია (იღიმის).
ნინო მურღულია