პატარა ირანელმა ბიჭუნამ ბარაკ ობამას და მარკ ცუკერბერგის ყურადღება დაიმსახურა. რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელის ერთ-ერთ გვერდზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ფეისბუქის შემქმნელის კომენტარები გამოჩნდა. საქმე იმაშია, რომ გვერდი – “Humans of New Yourk“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს უკანასკნელი ცნობილმა ფოტოგრაფმა – ბრენდონ სტანონმა გასულ წელს შექმნა და მასზე პერიოდულად ნიუ ოიორკის მაცხოვრებლების ფოტოებს მათ ისტორიებთან ერთად აქვეყნებს. ბოლოს სტანონმა პატარა ირანელი ბიჭის მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი ისტორია დაურთო:
“დღეს მისი მეათე დაბადების დღეა. ის ძალიან ემოციური ახალგაზრდაა, რომელიც ყოველთვის ფიქრობს სხვების პრობლემებზე.“ ფოტოს ქვემოთ მამის პირით მოყოლილი ისტორია გრძელდება: “ერთხელ, როდესაც ის სულ რაღაც 5 წლის იყო, ჩემთან ერთად მაღაზიაში წამოვიდა. იქ გარგარი ვიყიდეთ. უკანა გზაზე მას ჩანთის წამოღების უფლება მივეცი. ჩემს უკან მოდიოდა. როდესაც ვუთხარი, ჩანთა მომეცითქო, მიპასუხა ვეღარ მოგცემო. გზაში მთლიანად ხალხს დავურიგეო. იმ წუთას მივხვდი, რომ ქველმოქმედს ვზრდიდი“ – ნათქვამია ისტორიაში.
ფოტომ ათასობით მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა, რამდენიმე დღის წინ კი სურათის ქვემოთ თეთრი სახლის ოფიციალური გვერდის სახელით ახალი კომენტარი გაჩნდა: “რა შთამაგონებელი ისტორიაა. მშობელი ყველაზე ამაყი მაშინ არის, როცა ხედავს, რომ ის ღირებულებები, რომლებიც შვილში ჩანერგა, ნელ-ნელა რეალობა ხდება. ამ ამბავმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმედი მაქვს, ეს ბიჭუნა არასოდეს დაკარგავს სხვების დახმარების სურვილს. ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ მსოფლიო ვაქციო ისეთ ადგილად, სადაც ეს ბიჭუნა და მისნაირი ახალგაზრდები თავიანთ პოტენციალს ბოლომდე გამოავლენენ. (და თუ ოდესმე შევხვდები, იმედია, ერთი გარგარი ჩემთვისაც ექნება დარჩენილი). ტექსტი ინიციალებით – ბო – რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრი სახლის ფეისბუქიდან კომენტარი თავად ბარაკ ობამამ დაწერა.