რაში გამოუტყდა ჟურნალისტს ბრუკლინ ბექჰემი?!

0
30

ბრუკლინ ბექჰემი ცნობილი დედ-მამის კვალს დაადგა. 16 წლის ყმაწვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონების დიდი ინტერესით სარგებლობს, ამ თვის Miss Vogue-ის ქავერზე გამოჩნდა. ჟურნალში კი დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟის ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა. სხვათაშორის ეს ბრუკლინის პირველი ინტერვიუა, ასე, რომ ჟურნალის ზემოთხსენებულმა ნომერმა გაყიდვებში ყველა რეკორდი მოხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი დედ-მამის შვილი ოდნავ თავშეკავებულია და ინტერვიუში მშობლებზე ბევრს არ საუბრობს, 16 წლის თინეიჯერი საკუთარ თავზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს გვიმხელს. მაგალითად იმას, რომ ხშირად მამამისის სამოსს იცვამს, დევიდი კი მისი გარდერობიდან ირჩევს ტანსაცმელს. ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ აძლევს რჩევებს ჩაცმასთან დაკავშირებით, ბრუკლინი თავშეკავებულად პასუხობს, რომ აზრს ორივე მშობელს ეკითხება: “დედაჩემი მოდაში ძალიან კარგად ერკვევა, მაგრამ, რა საკვირველია აზრს მამასაც ვეკითხები. მას ძალიან კარგი სტილი აქვს და ხშირად ტანისამოსსაც ვცვლით ხოლმე“.

ბრუკლინ ბექჰემი ჟურნალისტს იმაშიც გამოუტყდა, რომ მისი მოდური კუმირები ჯეიმს დინი და სტივ მაკქუინი არიან. ახალგაზრდა ყოველთვის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა, თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ბრუკლინი განსაკუთრებით ჰგავს მამას და მათი გემოვნებაც ერთმანეთს ემთხვევა. სტილის გარდა კი მამა-შვილს საერთო ქალების მოხიბვლის უნარი აქვთ. 16 წლის ყმაწვილს ასი ათასობით თაყვანისმცემელი ჰყავს. სოციალურ ქსელებში კი მისი გვერდები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ ბრუკლინი მეგობარ გოგონასთან ერთად პარიზის ქუჩებში სეირნობისას თაყვანისმცემელი თინეიჯერების ბრბოში მოხვდა. ყმაწვილმა ფანებთან ერთად დაახლოებით 20 წუთი გაატარა და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო. ბრუკლინმა ინტერვიუში ისიც აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ასეთი ყურადღება ძალიან სიამოვნებს.