„ოსკარის“ ნომინანტი ქართველი რეჟისორის „აღსარება“ – ფილმი, რომლის მოულოდნელმა ფინალმა მსახიობი აატირა

0
3829

26 ოქტომბრიდან „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე ახალ ნამუშევარს წარმოგვიდგენს. „აღსარება“ ქართულ კინოთეატრებში გამოდის. ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი დღეს კინო „ამირანში“ შეკრებილ ჟურნალისტებს შეხვდა, სადაც ფილმის გარშემო ისაუბრეს. ფილმის დახურული ჩვენება მედიისთვის დღეს საღამოს იმართება.

„აღსარება“ ქართულ-ესტონური ნაწარმია, მაგრამ უფრო მეტად ქართული. „მანდარინების“ რეჟისორს „ოსკარის“ ნომინაცია ქართული სახელმწიფოსგან გარკვეული ფულადი პრემია მოუტანა, რაც ახალი ფილმის გადასაღებად გამოიყენა. ფილმი 41 დღეში გადაიღეს. როგორც მსახიობებმა, დიმიტრი ტატიშვილმა, სოფია სებისკვერაძემ და სოსო ხვედელიძემ აღნიშნეს, მუშაობა პროფესიონალურ გარემოში მიმდინარეობდა. დიმიტრი ტატიშვილის თქმით, რომელსაც კინოსურათში მთავარი, მღვდლის როლი ერგო, როლის შესრულება ზაზა ურუშაძის ფაქტორმა გაუადვილა, რომელმაც ზუსტად იცის, რა სჭირდება მსახიობისგან და ყველაზე ეპიზოდის წინ კონკრეტულ მითითებებს აძლევს.

ფილმი არის მღვდლის შესახებ, რომელსაც ერთ-ერთ სოფელში გაანაწილებენ. მას თან მორჩილიც მიჰყვება (სოსო ხვედელიძე). მღვდელს აფრთხილებენ, რომ სოფელში არცთუ კეთილგანწყობილი ხალხი ცხოვრობს…

როგორც პრესკონფერენციაზე რეჟისორმა აღნიშნა, მისი მოსაზრებით, ფილმს მაყურებლისგან დადებითი შეფასება მოჰყვება და ინტერესს გამოიწვევს. კინოსურათს უკვე აქვს საფესტივალო ისტორია და კვლავ აგრძელებს სხვადახვა ფესტივალში მონაწილეობას. რაც შეეხება „საოსკარე“ მოლოდინებს, ჯერჯერობით, როგორც ზაზა ურუშაძემ მედიასთან შეხვედრისას აღნიშნა, ამ მხრივ არანაირი სიახლე არ არის.

ზაზა ურუშაძე, რეჟისორი:

ვფიქრობ, მსახიობები წარმატებულად შევარჩიე. სოფია სებისკვერაძე თავიდანვე მინდოდა ამ როლზე, სერიოზული შერჩევა გაიმართა. არა მარტო ქართულ კინოში, არამედ ზოგადადაც, პრობლემაა მსახიობების ბუნებრივი თამაში, რაც, მგონია, რომ ჩვენს ფილმს არ აკლია. ოდნავ სიყალბე ჩანს ხოლმე თამაშში,რაც „აღსარებაში“ არ არის. ფილმის ოპერატორია გიორგი შველიძე, მასთან ერთად მიმუშავია „სამ სახლზე“ და ვფიქრობ, „აღსარებაც“ ამ მხრიც, საინტერესო ნამუშევარია.

დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი:

ადრეც განმისახიერებია მღვდელი და ვფიქრობ, ცოტა ხანს თავს შევიკავებ ამგავრი როლის განსახიერებისგან (იცინის). ზოგადად, ზაზასთან მუშაობა ძალიან ადვილია, რადგან პირველ რიგში, აქვს პროფესიონალების შეკრების უნარი, ადამიანებისა, რომლებმაც გადასაღებ მოედანზე თავიანთი საქმე შესანიშნავად იციან. გარდა ამისა, ზაზა მსახიობს ეუბნება იმას, რაც იმ წუთას გჭირდება, იცის, რა უნდა მსახიობისგან. სირთულე ის გახლავთ, რომ ზაზა ითხოვს მაღალ ხარისხს, თუმცა ის გიქმნის კიდევაც შესაბამის პირობებს. ამიტომაც მასთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლოა. ასეთ პირობებში მუშაობა არა მხოლოდ საქართველოში, ბევრგან სანატრელია.

სოსო ხვედელიძე, მსახიობი:

ძალიან საინტერესო იყო ზაზასთან მუშაობა. ის ძალიან დიდი პროფესიონალია და მსახიობისთვის დიდი ფუფუნებაა პროფესიონალ რეჟისორთან მოხვედრა. მსახიობისთვის რთულია, როცა შენგან შორს ეძებ რაღაც წერტილს, ასეთ დროს როლის შესასრულებლად დიდი ძალისხმევა გჭირდება, მაგრამ უფრო საინტერესოა.

კინოში მუშაობა ძალიან მიყვარს, ყველაზე მეტად სერიალზე მუშაობისას, „ტიფლისს“ ვგულისხმობ, ვიგრძენი ეს. იქაც ჩემი თავისგან განსხვავებულ ადამიანს ვასახიერებდი. ეს ბევრად კარგია, ვიდრე ისეთი პერსონაჟის თამაში, ვინც შენთან ახლოსაა. შემისრულებია ასეთი როლი და ნაკლებად დავუინტერესებივარ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „აღსარებაში“ ჩემი როლი სრულიად განსხვავებულია „ტიფლისის“ ნაპოლეონისგან…

სახასიათო მსახიობად ხომ არ ჩამოყალიბდებით, რომელსაც რეჟისორები ასეთ როლებს ანდობენ?

არ მინდა, ერთი ტიპის მსახიობად ჩამოვყალიბდე. ნაპოლეონი „ტიფლისიდან“ აგრესიის მსხვერპლი იყო, „ხელოვნულ სუნთქვაში“ ჩემი პერსონაჟი თავად იყო აგრესიული, „აღსარებაში“ კი ჩემი პერსონაჟი სუსტი და მშიშარაა. ბოლო სცენაში, სადაც არავის უთხოვია, იტირეო, მოულოდნელად ავტირდი. ფინალი იმდენად მოულოდნელია, რომ ვერ შევიკავე თავი და ავტირდი… ორ დღეს ვიღებდით ამ სცენას, პირველ ჯერზე ალბათ ტექსტს ვეღარ გავაგრძელებდი, მეორე დილას გადავიღეთ. გამიჭირდა მისი საქციელის გადახარშვა, ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, ძალიან მარტივად შეიძლება, რაღაცამ ამატიროს. არ ვიცი, მაყურებელი იტირებს თუ არა, რადგან მე ეს ფილმი მიყვარს და მას სუბიექტურად ვუყურებ…

იმედია, მაყურებელიც შეიყვარებს…

მადლობა, იმედია (იღიმის).

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here