„მე ვოცნებობდი“ – Davi MC -ის ძველ სიმღერას ნოდიკო ტატიშვილმა ახალი სული შთაბერა. „რესპუბლიკაში“, საკონცერტო სივრცეში, მომღერალმა კლიპის პრეზენტაცია მოაწყო და კოლეგები და ჟურნალისტები მიიწვია. სანამ სიმღერას მოვისმენდით და კლიპს ვნახავდით , რომელიც ნოდიკოს დიდი ხნის მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა ჩვეული ოსტატობით გადაიღო, მანამდე სტუმართა შემადგენლობა გადავათვალიერეთ, მათ შორის იყვნენ ლელა წურწუმია და კახა მამულაშვილი, შორენა ბეგაშვილი შვილთან ერთად, ანრი ჯოხაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ოთო ნემსაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ბაკურაძე მეუღლესთან, ლაშა ბასლანძესთან ერთად, ვერიკო ტურაშვილი, სოფო გელოვანი და სხვები. აქვე ნახავდით „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობებსაც, სალომე შარვაძეს, მარიშკა ჯავახაძეს და თაკო კორინთელს, ნანუკა გულუასთან ერთად, რომელიც კლიპის მთავარი გმირი გახლავთ. როგორც ნანუკამ გვითხრა, ძალიან ნერვიულობდა, როცა ამ როლს ირგებდა, მაგრამ ვიდეოს ბოლოს მაინც შეძლო ჩვენი გამხიარულება, ხოლო ნოდიკომ ამღერა იმის დასადასტურებლად, რომ მას სმენა აქვს, უბრალოდ, კლიპის ბოლოს ისე დასჭირდა სიმღერა, როგორც ეს ვიდეორგოლში ვიხილეთ…
კლიპი სამჯერ ვნახეთ, ხოლო სიმღერა პირველივე მოსმენაზე აგვეკვიატა. ყველა იმას აღნიშნავდა, რომ ეს ძალიან ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერაა, შესანიშნავი მუსიკოსების წყალობით, ვინც მის არანჟირებაზე იმუშავა, სევდიანი ტექსტის მიუხედავად, აუცილებლად მოგინდებათ მასზე აცეკვება. თუ თქვენ არ იცეკვებთ, მაშინ ამას თქვენ მაგივრად კლიპში დაკავებული პროფესიონალები გააკეთებენ, ვიდეოს ქორეოგრაფია ირაკლი ფიფიას ეკუთვნის.
როგორც „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ნიკა კაციამ, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამ სიმღერას აქვს დიდი შანსი, „ოქროს ტალღის“ დაჯილდოების ცერემონიაზე გამორჩეული იყოს…
ნიკა კაცია:
კლიპი მომეწონა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ემოცია წამოიღო და მგონია, ეს იქნება ერთ-ერთი კონკურენტული ჰიტი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე. ძალიან ბევრი ფიქრი მოუწევთ ნოდიკოს კოლეგებს, რომ რაღაცით დაეწიონ და გაუსწრონ. ზუსტად ისეთი მასშტაბის ჰიტი ჩაწერა, როგორი მოთხოვნაც არის დღეს!..
ნოდიკოს ახალი ნამუშევრის შეფასება ვთხოვეთ მის კოლეგებს.
გიორგი სუხიტაშვილი:
რაც შეეხება კლიპს, არის სადა, უხდება კომპოზიციას, რომელიც, თავის მხრივ, ადვილად დასამახსოვრებელია, განსაკუთრებით, მისამღერი და გათვლილი იმ ადამიანებზე, ვისაც ცეკვა უყვარს. ხშირად მელოდიის და კადრის დინამიკა არის აცდენილი, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ერთმანეთს უხდება. ვულოცავ ნოდიკოს და ვუსურვებ, ბევრი კარგი ვიდეო გადაეღოს და ბევრი კარგი სიმღერა ჩაეწეროს, სხვა მომღერლებს კი ვუსურვებ, რომ ნოდიკოსნაირი შრომისმოყვარეები იყვნენ.
სალომე ბაკურაძე:
სულ რომ ერთი თეთრი წერტილი ყოფილიყო ეკრანზე, მაინც გაგიჟებული ვიქნებოდი, რადგან იცით ჩემი დამოკიდებულება ნოდიკოს მიმართ. მით უმეტეს, როდესაც ეს არის არაჩვეულებრივი, ჰიტად დაბადებულ სიმღერაზე შექმნილი ასეთი მაგარი ვიდეო რომ ვნახე, შესანიშნავი მსახიობებისა და მოცეკვავეების მონაწილეობით. როცა ადამიანი არის ასეთი დადებითი, კეთილი, კარგი, მას არ შეიძლება, ცხოვრებაში რაიმე ცუდად ჰქონდეს. ნოდიკოს წარმატებაში ეჭვი არასდროს მეპარება, რადგან რასაც ხელს ჰკიდებს, ბოლომდე მიჰყავს. ნიჭიერი ადამიანია და ამ საქმისთვისაა დაბადებული. ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია და მას ისეთივე გულით ვუსურვებ წარმატებას, როგორც საკუთარ თავს.
ანრი ჯოხაძე:
ძალიან კარგია, კარგი საყურებელია!.. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დავის სიმღერამ, რომელიც გამახსენდა ჩემი ყმაწვილობის პერიოდიდან. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, რომ ნოდიკოს გაახსენდა და განაახლა ეს სიმღერა. ისეთი მელოდიაა, რომელიც გრჩება გონებაში და ძალიან ტენდენციური, კარგი არანჟირებაა. მოვისმინე და ძალიან ვისიამოვნე, ავყევი!..
კლიპში ნანუკას ბოლო სიგიჟემ ისე მომხიბლა, პირველმა დავიყვირე ბრავო. ამან სევდასთან ერთად, ისეთი რეალური პოზიტივი შემოიტანა, რასაც ყოველდღე შეიძლება ვნახულობდეთ. ქალი, რომელიც გადაკრავს ორ ჭიქას და ბედნიერდება „ტუსოვკაში“.
ბოლოს შევძელით კლიპის გმირებთან გასაუბრებაც. ნანუკა გულუამ აღნიშნა, რომ ვიდეორგოლში მონაწილეობა ნერვიულობას უკავშირდებოდა…
ნანუკა გულუა:
ძალიან ველოდებოდი კლიპს, არ ვარ თავდაჯერებული და არ ვარ მსახიობი. ეს ჩემთვის განსხვავებული ამპლუა იყო დოჩისგან, რომელსაც შევეჩვიე… ბედნიერი და კმაყოფილი ვარ და მიხარია, რომ ყველას ასე ძალიან მოეწონა. კარგია, რომ დამრჩება საოცნებო კლიპი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე.
საღამოს გმირი, ნოდიკო ტატიშვილი, დღის ბოლოს ძალიან კმაყოფილი ჩანდა. მან ყველა ის ემოცია მიიღო, რომელიც მომღერლისთვის და ადამიანისთვის, ვისაც საკუთარი პროფესია ძალიან უყვარს, ყველაზე ძვირფასია.
ნოდიკო ტატიშვილი:
ძალიან გახარებული ვარ, ხომ იცი, მომღერალს რა უხარია ყველაზე მეტად? როცა ესმის აპლოდისმენტების ხმა. ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა ადამიანები შენს სიმღერას მღერიან. ამისი გამოცდილება მაქვს, როცა კონცერტზე ჩემს სიმღერას ვმღერი და ხალხი მყვება, ამ დროს ასტრალში გავდივარ და ყველაზე ბედნიერი ვხდები. ძალიან ნიჭიერი ბიჭია დავი, ვინც ეს სიმღერა დაწერა. დიდი მადლობა, რომ მაჩუქა ეს სიმღერა. ჩემი რეპერტუარის განუყრელი ნაწილი იქნება. ნესტან სინჯიკაშვილს მადლობა, რომ ასეთი კლიპი გამოვიდა. ის ხაზი, რასაც ნანუკა გულუა ავითარებს, სჭირდებოდა ამ კლიპს. სევდიანი ტექსტი აქვს, მაგრამ ისეთი არანჟირება აქვს, გინდა, იმოძრაო. ახლაც რომ ვუყურებდი ხალხს, ბევრი ცეკვავდა.
რადიო „ფორტუნას“ მუსიკალურმა წამყვანმა, ნიკა კაციამ, გამოთქვა მოსაზრება, რომ „ოქროს ტალღაზე“ ეს სიმღერა ძალიან კონკურენტული იქნება…
(იღიმის) მეც ასე მგონია, პოტენციური ჰიტია, კოჭებში რომ ეტყობა… რატომაც არა, თუ ასე მოხდება და ხალხის საყვარელი სიმღერა გახდება, ორი პრემია ხუთ წელიწადში უკვე მაქვს და მესამედ თუ ავიღებ „ოქროს ტალღაზე“ პრიზს… მგონია, ეს სიმღერა თავის სათქმელს იტყვის.
ფოტო: დათუნა აგასი
ნინო მურღულია