ნინო ქათამაძე „ინსაითთან“ ერთად სასტუმრო „ბილტმორის“ მთავარ დარბაზში 31 დეკემბერს კონცერტს გამართავს. მასთან ერთად საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული ორკესტრის მუსიკოსები.
ნინო ქათამაძეს ჯგუფთან ერთად სწორედ „ბილტმორში“ შევხვდით მცირე ინტერვიუსთვის.
ნინო ქათამაძე:
31 დეკემბერს ერთმანეთს შევხვდებით. რაც ყველაზე სასიამოვნოა, ვიქნებით „ჯორჯიან ბრასთან“ და ნიკოლოზ რაჭველთან, რაც მთავარია, „ინსაითთან“ ერთად. ეს არის ჩემი საყვარელი ჟღერადობა. ჩვენთან ერთად იქნება ბესო კუპრეიშვილის თითების თეატრი, რომელიც საღამოს გაალამაზებს. საახალწლო განწყობისთვის ნაწარმოებებს შეასრულებს სიმებიანი კვარტეტი. ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ მუსიკა და დღესასწაული ერთ სიმაღლეზე და ერთ განწყობაში იყოს.
31 დეკემბერი ყველაზე საყვარელი დღეა ჩემთვის. პატარა ბავშვივით მიხარია ნაძვის ხის აწყობა, ჩემს შვილთან ერთად. მგონი, ბავშვებზე მეტად მიხარია და ცოტა მრცხვენია კიდეც (იღიმის). ახალ წელს ველოდები სიხარულით, ველი სიახლეებს, ველოდები, რომ ყველა ადამიანის გულში მოხდება ისეთი რამ, რაც ყველაფერ ცუდს დაავიწყებს. აღარ იქნება ძალადობა, აღარ დაგვჭერენ ქუჩაში, სამართალი იქნება მთავარი… ნამდვილი ახალი დღე დადგება.