საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ღია წერილით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, დაუბრუნდეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, რომელიც თავის დროზე, ალექსი მაჭავარიანის იდეით, სწორედ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის აშენდა.
მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქონების მართვის სააგენტომ „ინთერნეიშენალ ივენთს“-ს, რომელიც 12 წელია, მართავს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს, ხელშეკრულება შეუწყვიტა, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსებმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ რაჭველმა გადაწყვიტეს, განაახლონ საუბარი თემაზე, რომელიც ორკესტრის მუსიკოსებისთვის წლებია, გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ამჟამად ისინი თავს მუსკომედიის თეატრს აფარებენ, რომლის გარემონტების პირობაც მიიღეს მას შემდეგ, რაც თეატრი რკინიგზელთა სახლში გადავა, თუმცა წინასწარი შეფასებით ცნობილი გახდა, რომ ის შენობა, რომელშიც ახლა მუსკომედიის თეატრია განთავსებული, გარემონტებას ვერ დაექვემდებარება, ის უნდა დაინგრეს და მის ნაცვლად ახალი აშენდეს, რაც უდიდეს თანხას მოითხოვს.
თუკი ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს გადაეცემა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი, ნიკოლოზ რაჭველსა და მის გუნდს დიდი გეგმები აქვთ, თუ როგორ უნდა გახდეს ის მიმზიდველი ქართველი და უცხოელი მსმენელისთვის, ასევე გეგმავენ ბილეთების ფასების პოლიტიკის შეცვლას, წინასწარ დაგეგმილი კალენდრის მიხედვით სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოების გამართვას და რაც მთავარია, ფილარმონიის შენობის გარემონტებას, რისთვისაც უკვე მოფიქრებული აქვთ შესაბამისი სქემა – ამჟამინდელი მუსიკომედიის თეატრის ინვესტორისთვის მიყიდვის გზით.
როგორც დღეს, მუსკომედიის თეატრში, მედიასთან შეხვედრისას ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, დღეს ყველაზე მეტად აქვს იმედი, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.