რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი „ოქროს ტალღის“ არაერთგზის ნომინანტი და ორჯერ გამარჯვებულიც გახლავთ. ახლაც ნომინირებულია ერთ-ერთი სიმღერით, რომელიც სიყვარულზეა. მასტერის რეპერტუარში, როგორც გავარკვიეთ, არაერთი სიმღერა აქვს, რომელიც თავის შეყვარებულს მიუძღვნა.
მართალია, მას დაჰპირდა, რომ მედიასთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებდა, მაგრამ ჩვენთან გამონაკლისი დაუშვა.
რეპერს „კაფე ორანჟერეაში“ შევხვდით სასუბროდ.
მასტერი:
ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ, „ოქროს ტალღა“ იმიტომ არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომ მუსიკოსებისთვის დიდი მოტივაციაა, შექმნან უფრო ბევრი და ხარისხიანი მუსიკა და დაფასდეს პროფესია. ყველაზე კარგი ისაა, რომ მართლა საუკეთესოდ არის ორგანიზებული, სასიამოვნოა კოლეგების ნახვა ამ შეკრებაზე ყოველ წელს. როცა შენი სიმღერაცაა წარდგენილი, სიამაყის გრძნობაც გეუფლება. წარდგენილი ყოველ წელს ვიყავი, მაგრამ ორჯერ მაქვს მოგებული, „ფორტუნა პლუსის“ რჩეული გავხდი და მივიღე წლის პოპულარული კლიპის ჯილდო „დამსინესთვის“. ორივე წელს მქონდა მოგების მოლოდინი.
წელს ირაკლი ფირცხალავასთან ერთად ჩაწერილი „თოვლი მოსულა“ არის წარდგენილი და მეორე სიმღერაა „სიყვარულს ვერ გაგატან“. სხვათა შორის, ამ კომპოზიციის ყველაზე დიდი იმედი მაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ „იუთუბზე“ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა უკვე, ბევრი ადამიანისთვის საყვარელი სიმღერა აღმოჩნდა. მინდა, მოვიგო ნომინაციაში „ხალხის რჩეული“. ჩემი მსმენელის აქტიურობის იმედი მაქვს და მოვუწოდებ ხოლმე, გადავიდნენ ლინკზე და დააჭირონ ხმის მიცემას. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.