მარინა ბერიძემ ჟურნალ „სარკესთან“ „მთავარ არხსა“ და „მხოლოდ ქართულზე“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟიურიდან წამოსვლა და პროდიუსინგში გადასვლა თავად მისი გადაწყვეტილება იყო: „ახლა დადგა ის ეტაპი, როდესაც ჟიურიში ჯდომა აღარ მინდა. არ ვიცი, მიკერძოებული ოდესმე ვიყავი თუ არა, მაგრამ ვერავინ იტვყის, რომ „ჯეოსტარის“ რომელიმე გამარჯვებული ან არ შედგა, ან ცუდად მღერის და ვერ გაამართლა. „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის არ აქვს კონტაქტი კონკურსანტებთან, ის მიდის და კონცერტზე გამზადებულს ისმენს. მე კი მიყვარს კონკურსანტებთან მუშაობა და მათი მეცადინეობა. მირჩვენია, მათთან ვიმუშაო, ვიდრე შევაფასო…“
თავად კრიტიკას მუსიკოსებისგან იღებს და ჟურნალთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ მისთვის ვაჟა აზარაშვილისა თუ ნანი ბრეგვაძის მოსაზრებები ყველაზე ანგარიშგასაწევია – „გია ყანჩელის სახელი რომ იწერებოდა ჩემს ტელეფონზე, როცა მირეკავდა, ფეხზე ვდგებოდი და ისე ვპასუხობდი…“
პროდიუსერი მაყურებელს ჰპირდება, რომ „მხოლოდ ქართულის“ ახალი სეზონი „მთავარ არხზე“ გამორჩეული იქნება.