სამოდელო სააგენტოს მფლობელი, ლიკა ყაზბეგი ჟურნალ „თბილისელებთან“ ისეთი ძალადობის შესახებ საუბრობს, რომელიც მისთვის სასიამოვნო იყო. როგორც სოციალურ ქსელშ დაწერა, ძალადობის მსხვერპლი იმიტომ გახდა, რომ დღეში ხუთჯერ ამღერებენ. კითხვაზე, ვინ აიძულებს სიმღერას, ლიკა ღიმილით პასუხობს:
„დიახ, ეს სასიამოვნო ძალადობაა დედაჩემის მხრიდან ჩემ მიმართ. ძველი სიმღერა მოისმინა, სიტყვები ამოიწერა და მთხოვა, იმღერე ხოლმე, ძალიან მომწონსო. მეც ვმღერი და მსიამოვნებს. ასე რომ, სასიამოვნო ძალადობის „მსხვერპლი“ გავხდი. ადრე ვმღეროდი, პიონერთა სასახლეში დავდიოდი, სცენაზეც ვიდექი. მუსიკალური სკოლაც მაქვს დამთავრებული. ბევრი მეკითხება, რატომ არ დადექი პროფესიონალურ სცენაზეო, მაგრამ უცნაური ბავშვი ვიყავი – ვიწყებდი და აღარ ვამთავრებდი. ფიგურულ სრიალზეც დავდიოდი, კარატეზეც… ჩემს ბავშვობაში ხშირად გადიოდა ფილმები ბრუს ლის მონაწილეობით, როცა ფილმს ვუყურებდი, მინდებოდა, რომ კარატე კარგად მცოდნოდა. მივედი, სურვილი დავიკმაყოფილე და გამოვედი. სხვათა შორის, კარგად გამომდიოდა და იმ დროს ვინმეს რამე რომ ეკადრებინა ჩემთვის, ეგრევე ბრუს ლიდ გადავიქცეოდი (იცინის)“.