ის, რომ რიტმ ენდ ბლუზის ერთ-ერთი საუცხოო შემსრულებელი, ლორენ ჰილი, ბათუმს ესტუმრებოდა, “ფორტუნას“ საიტმა ექსკლუზიურად მცირე ხნის წინ გამცნოთ. თუმცა ჯაზფესტივალის სიურპრიზები მელომანებისთვის ამით არ დასრულებულა.
დღეს უკვე სრული სია გამოქვეყნდა, საიდანაც შევიტყვეთ, რომ ბათუმს არაერთი უცხოელი ვარსკვლავი ესტუმრება ჯაზფესტივალის ფარგლებში. 15 ივლისს ფესტივალს გახსნის ლეგენდარული მუსიკოსის, ქუინსი ჯონსის საღამო, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები, ცნობილი მსახიობი, კრის ტაკერი გაუძღვება. 16 ივლისს თქვენ წინაშე მაილს დევისი ელექტრიკ ბენდი წარდგება, 17 ივლისი, როგორც უკვე გაუწყეთ, ლორენ ჰილის დღეა საკუთარ ბენდთან და თქვენთვის კარგად ნაცნობ მელოდიებთან ერთად, 21 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში ცნობილ ჯგუფ “პროდიჯის“ მოისმენთ. 22 ივლისს თქვენს ყურთასმენას პიანისტი ჯეიმი კალუმი დაატკბობს, 23 ივლისს კი საკუთარი შოუთი ბათუმს კრის ბრაუნი ესტუმრება… თანამედროვე პოპ არ ენ ბის მოყვარულები, ალბათ, ყველაზე მეტად მის კონცერტს დაელოდებიან, რადგან უამრავი ჰიტი აქვთ მოსმენილი და გარდა ამისა, ცნობილია ბრაუნის საუკეთესო საცეკვაო მონაცემები. მისი შოუ გულგრილს ნამდვილად არ დაგვტოვებს. 24 ივლისს პროგრამას მეისი გრეი დაასრულებს, რომელიც აქამდეც ყოფილა ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმარი.
ასე რომ, წინ არაერთი საინტერესო საღამოი გველოდება.