წლევანდელი თბილისობის კონცერტს, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ, როგორც მოსალოდნელი იყო, კრიტიკა მოჰყვა. სოციალური ქსელი ამ ყველაფერს საუკეთესოდ წარმოაჩენდა, რადგან მაშინ, როდესაც ნინი ბადურაშვილი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი თუ შოუბიზნესის სხვა წევრები ბიგ-ბენდთან ერთად გამართული კონცერტის წინ ფოტოებს ათავსებდნენ და შემდეგ საკუთარი შესრულების ვიდეოს, პარალელურად, სხვა მუსიკოსები კრიტიკულ შენიშვნებს წერდნენ კონცერტის მიმდინარეობისას.
მომღერალმა ნინო ჩხეიძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა: “თბილისობის კონცერტის სია ვინ შეადგინა, ძალიან მაინტერესებს… მინდა, გავესაუბრო. ხუმრობის გარეშე მაინტერესებს“.
პროდიუსერმა გიგა კუხიანიძემ კი ასე შეაფასა მიმდინარე კონცერტი: “თბილისობის კონცერტს ვუყურებ და მეცოდება მაყურებელი, მე მაპატიეთ!!! 5 თვე ირეპეტიციეთ, რამე რომ დადგათ მნიშვნელოვანი, რას გვერჩით?”
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი: “ხალხი გასართობად წავიდა და ესენი პანაშვიდს აღავლენენ, ვაახ… სულ მიტყდება ხოლმე პროტესტის დაწერა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, დასკვნა გამოაქვთ, რომ დაბოღმილი ვკივი, არაა, ო ღმერთო, არა. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე საშინელ სიგოიმეში გავჩნდი…”
თბილისობამდე კომენტარი კონცერტის თაობაზე ოთო ნემსაძემ გააკეთა და დაწერა: “იტყვი და მერე კიდევ შენ ხარ ცუდი. არა მგონია, რამიშვილის ალბომზე უფრო ადეკვატური შეეფერებოდეს თბილისლობას. უბრალოდ, გული მწყდება, რომ კოლორიტი ბატონი ოთარ რამიშვილის შედევრები, რომლებიც ჩემს ალბომშია, თბილისობაზე არ გაჟღერდება. ნუ, მოკლედ, თბილისობაზე არ ვმღერი, ან სულაც შეიძლება იმიტომ არ ვმღერი, რომ გორელი ვარ”, მოგვიანებით კი ოთო კვლავ გამოეხმაურა ამ თემას და აღნიშნა, რომ სიებისა და დაბლოკვების არ სჯერა, “უბრალოდ, უკვე “ტეხავს” ამ ქვეყანაში კარგი მუსიკის კეთება…”
თბილისობისადმი მიძღვნილი კონცერტი ქართული შოუბიზნესის წევრების მონაწილეობით გუშინ, მეიდანზე გაიმართა.