გიორგი ბოჭორიშვილი: „არ მინდა, ზაზას მიმართ სიმპათია გამიჩნდეს!..“

0
1776

გიორგი ბოჭორიშვილი რადიო „ფორტუნას“ ესტუმრა თათა სადრაძის გადაცემაში მონაწილეობისთვის. Fortuna.ge-მ დრო იხელთა და მსახიობთან, რომელიც ახლა განსაკუთრებით პოპულარულია „ჩცდ“-ში შესრულებული ზაზას როლით, ინტერვიუ ჩაწერა.

სოსო ხვედელიძესთან ვისაუბრეთ ბევრი იმაზე, როგორ რეალისტურად აღიქვამს „ჩცდ“-ს პერონაჟებს, ალბათ, შენ, როგორც სერიალის დიდი ხნის მონაწილემ, ეს ყველაზე კარგად იცი…

გიორგი ბოჭორიშვილი:

იმდენი ხანია, ეს გრძელდება… უბრალოდ, ეს გმირი მაყურებელს ასეთ განსაცდელში არ უნახავს. არ ვიცი, რა მიზეზია, მაგრამ პერსონაჟსა და მსახიობს შორის განსხვავებას ვერ პოულობენ. ალბათ, ფილოსოფიური ახსნაც ექნება და ფსიქოლოგიურიც.

რას გეუბნებიან პირადად ამაზე და კომენტარებს თუ ეცნობი?

სხვათა შორის, ვკითხულობ, რადგან მაინტერესებს. ადრეც ვკითხულობდი და ამის გადალახვა მიწევდა. ზაზა ცოტა უხეში, ფსიქოლოგიურად მოძალადე იყო, ხშირად, გმირიდან გამომდინარე, ძალიან მაგრად მლანძღავდნენ მე, პირადად. ვკითხულობდი, რომ ეს გადამელახა, როგორც შხამს ეჩვევი (იღიმის). მაყურებლის ნაწილისთვის არსებობს ის გმირი და არა შენ. თუკი სხვაგან ჰყავხარ ნანახი, ალბათ, ნაკლებადაა ასეთი დამოკიდებულება.

როცა მე ფილმს ვუყურებ, მსახიობზე შეიძლება ვთქვა, რომ კარგად ითამაშა ან კარგი სცენაა. როგორც ჩანს, დიდი ნაწილი სხვანაირად უყურებს. რა ვიცი, ესეც გასაგებია ჩვენს ქვეყანაში (იღიმის).

ფინალურ სერიას შევხოთ. საზოგადოების ნაწილი ამბობდა, რომ ზაზას ბოლო მესიჯი არ უნდა მიეწერა ქეთისთვის. შენ როგორი განვითარება გინდოდა?

არანაირი განვითარება არ მინდოდა. როგორც განვითარდა, ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო იყო. ზაზასთვის, როგორც პერსონაჟისთვის, მნიშვნელოვანი გარდატეხაა, შესრულების თვალსაზრისით, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის – საინტერესო.

როგორც მაყურებელმა, როგორი დასკვნა გამოიტანე?

როგორც მაყურებელმა?! არ გამომაქვს დასკვნები. სერიალს ვუყურებ, მაგრამ არა როგორც მაყურებელი, უფრო პროფესიული კუთხით – ეს სცენა კარგი იყო, ეს სცენა – ცუდი და ა.შ.

ფიქრობ, რომ რომელიმე სცენას უკეთესად ითამაშებდი?

ყოველთვის შეიძლება უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე გაკეთებულია. რაც უნდა გავაკეთო, დაუკმაყოფილებლობის განცდა სულ მაქვს. ამ შემთხვევაში უკმაყოფილო არ ვარ, რადგან მაყურებლამდე მივიდა ემოცია და დამაჯერებელი იყო.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here