14.8 C
Tbilisi
Monday, November 14, 2022

„ეს აგრესია პერსონაჟის მიმართ მოდის, თორემ პირადად სოსო ხვედელიძეს არავისთვის არაფერი დაუშავებია…“

სოსო ხვედელიძე თეატრში, კინოსა და სერიალებში სახასიათო როლებით გამოირჩევა. „ჩცდ“-ში ექიმ აჩიკოს როლი ამ მხრივ განსაკუთრებულად გამორჩეული, წესით, არ უნდა ყოფილიყო, თუმცა მსახიობმა შეძლო, მაყურებელში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოეწვია. ყოფილა როლები, რომლებზეც უარი უთქვამს, მაგრამ აჩიკოს მსგავსი პერსონაჟი არასდროს უთამაშია და ეკა მჟავანაძის შეთავაზებით დაინტერესდა.

მაყურებელი „ჩცდ“-ის გმირებს ზედმეტად რეალისტურად რომ უყურებს, ეს ახალი ამბავი არ არის, ამიტომ სოსომ გადაწყვიტა, გამოხმაურებებისა და კომენტარებისთვის თვალი არ ედევნებინა, მით უმეტეს, როცა ადამიანები პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ, უარყოფითი პერსონაჟის მიღმა კი მსახიობი დგას, რომელსაც ძალიან ბედნიერი ოჯახი აქვს – ამას ბევრ ინტერვიუში და ჩვენთანაც ხაზგასმით აღნიშნავს. ყველა კომენტარს მისი მეუღლე კითხულობს და სოსო მისი მიმიკებით ხვდება, ისინი დადებითია თუ ნეგატიური.

სოსო ხვედელიძეს საკმაო ხანს ვესაუბრეთ საკუთარ რეზონანსულ პერსონაჟზე…

ათწლეულები არ არის, რაც მსახიობი ვარ, ამიტომ ასეთ რეზონანსულ როლს ვერ გავიხსენებ. თეატრის მაყურებელი ასეთი არ არის, ხშირ შემთხვევაში. სპექტაკლი რომ მთავრდება, უარყოფითი პერსონაჟი ხარ თუ დადებითი, თავს დაუკრავ, როგორც მსახიობი. აქ წყდება მაყურებლის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება. „ხელოვნურ სინთქვაშიც“ ნეგატიურ პერსონაჟს განვასახიერებდი, მაგრამ ამხელა აგრესია არ ყოფილა. მაშინ აქტიური ვიყავი ფორუმებზე. მიყვარდა მადლობის გადახდა. ალბათ, ვიღაცამ ჩათვალა, ეს ადამიანი აქვეა და მოდი, დავანებოთ თავი და ნუ გავლანძღავთო. როცა გამოცდილება ნაკლებია, სხვანაირად აკეთებ რაღაცას, შემდეგ – სხვანაირად. მგონია, რომ არ არის საჭირო ფორუმში ჩართვა, რომ მაყურებელს გულწრფელობა არ დაუკარგო.

ამ ყველაფერის კითხვა საინტერესოა?

არა, თავიდან იმხელა ტალღა წამოვიდა, ძალიან შემიშალა ხელი და დავანებე კითხვას თავი. საბოლოო ჯამში, შეიძლება, როგორც მსახიობმა, ვიფიქრო, რომ ეს არის როლის წარმატება. ეს აგრესია პერსონაჟის მიმართ მოდის, თორემ პირადად სოსო ხვედელიძეს არავისთვის არაფერი დაუშავებია (იღიმის).

პირველი არ ხარ, ვისაც ასე ერჩიან. მახსოვს, ნინო მუმლაძე ამბობდა, რომ სტომატოლოგ ნათიას როლის გამო პირადად მას ხშირად ეჩხუბებოდნენ…

(იღიმის) ძალიან მხიარული ადამიანი ვარ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია და ხშირ შემთხვევაში ვერ ვიკავებ ხოლმე თავს, მეცინება, თუ მეკითხებიან, რატომ ვანგრევ ოჯახს… ზიზღიანი სახით რომ შემომხედავენ, ეს, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს. სტრესულია ამხელა აგრესიასთან პირველი შეხება. აქამდე ასეთი რამ არ მიგრძნია.  

ახლა, როცა ამ ყველაფერს  ვაანალიზებ , ვფიქრობ, სწორია, რომ ექიმმა აჩიკომ ასეთი რეაქცია გამოიწვია. რა თქმა უნდა, მსახიობი და პერსონაჟი უნდა განასხვავო, მგონი, ეს ორჯერ ორი ოთხის ამბავია.

პიროვნული შეურაცხყოფაც ყოფილა…

კი და ზუსტად ეს იყო საწყენი, მაგრამ დამრჩა შეგრძნება, რომ ამან გამაძლიერა.

მაყურებელმა დამაჯერებლად მიიჩნია ეს როლი და ამით განსაზღვრე, რამდენად შედგა როლი. სხვა შემთხვევაში რა არის ხოლმე ინდიკატორი?

პირველ რიგში, მე უნდა განვსაზღვრო, ჩემი როლი შედგა თუ არა. ყველაზე კრიტიკული მაყურებელი მე ვარ. ბევრი დეტალი არ მომწონს თამაშისას. ვერ ჩავთვლი ჩემს განსაკუთრებულ სამსახიობო მიღწევად ამ როლს, მაგრამ ეს არის როლი, რომელმაც გამზარდა და ამას დროის გასვლის შემდეგ უფრო კარგად მივხვდები. პერსონაჟის გამართლების მოძებნა, სიმართლის ძიება ძალიან რთული იყო.

(ვრცლად/ფოტოები)

Latest Posts

ბოლო სიახლეები