წარმოდგენის დილას, 28 აგვისტოს, საიტზე, სადაც განახლებული “ჩხიკვთა ქორწილის” ბილეთები იყიდებოდა, არც ერთი ბილეთი აღარ იყო დარჩენილი. ანსამბლ “ივერიისგან”, რომელიც წელს 50 წლის გახდა, ანშლაგები არავის უკვირს, თუმცა რამდენიმეათასიანი არენის შევსება თავად მისი ხელმძღვანელობისთვისაც საამაყო აღმოჩნდა.
ცნობილი მიუზიკლი არენის სცენაზე პირველად დაიდგა. განახლებული შეფუთვით, კოსტიუმებითა და რაც მთავარია, ძველ ივერიელებთან ერთად, ახალი მონაწილეებით. მთავარ, ქეთევანის და ზაქარას როლებზე ნუცა ბუზალაძე და ანდრია გველესიანი იყვნენ დაკავებულნი. როიალთან, რასაკვირველია, გია ბაღაშვილი იჯდა, ანსამბლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ჯემალ ბაღაშვილი კი კულისებიდან ადევნებდა თვალს იმას, რაც გრანდიოზულ სცენაზე ხდებოდა. სულ 37 მონაწილე, მათ შორის უცვლელი არწივი – თემურ წიკლაური, პუბლიკისთვის ასე საყვარელი ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, მანანა თოდაძე და სხვა ცნობილი სახეები სიამოვნებით ასრულებდნენ როლებს, რომლებიც მათთვის ასეთი ძვირფასია…
დადგმა საქართველოში სულ მცირე, რვაასჯერ არის განხორციელებული და “ივერიის” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელმაც ამჯერად უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა შეკვეთილში მდებარე არენის სცენაზე.
განსაკუთრებული მომენტი იყო ეკრანზე ალექსანდრე ბასილაიას კადრების გამოჩენა… მისი ერთ- ერთი ბრწყინვალე შესრულება ერთი ნომრის გაგრძელება გახლდათ და მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მისი დასრულების შემდეგ დარბაზში მსხდომებმა კომპოზიტორის ხსოვნას პატივი ფეხზე წამოდგომით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით მიაგეს. მანამდე რეპეტიციაზე, როცა ეს კადრები ეკრანზე გამოჩნდა, ცრემლი ვერ შეიკავა მისმა მეუღლემ, ლუიზა კობალაძემ… კონცერტზე კი უკვე მაყურებლისთვის აღმოჩნდა ძალიან ემოციური ეპიზოდი.
ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა კიდევ ერთხელ გაცოცხლდა და მოვისმინეთ ის კომპოზიციები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია, არ კარგავს პოპულარობას და აქტუალურობას.
მიუზიკლის ბოლოს მონაწილეებს დიდი აპლოდისმენტები ხვდათ წილად. გია ბაღაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა “ბლექ სი არენას” ხელმძღვანელობის წვლილი და შენატანი საიუბილეო დადგმის წარმოდგენაში ასეთ მასშტაბურ სივრცეში და მადლობა გადაუხადა მთლიან ჯგუგს გაწეული დახმარებისთვის.
მიუზიკლი მხოლოდ ერთი დღით იყო წარმოდგენილი “ბლექ სი არენაზე”. ამ კონცერტით დაიხურა “ქართული ზაფხული არენაზე”, რომლის ფარგლებშიც, “ჩექ ინ ჯორჯიას” ეგიდით, 5 ქართული კონცერტი გაიმართა, უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობით. მხოლოდ აგვისტოში, არენაზე მრავალი ათასი ადამიანი იმყოფებოდა საინტერესო მუსიკალურ საღამოებზე…