დღეს ცნობილ მომღერალსა და მსახიობს, გიო ხუციშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ჟურნალისტი თეა ყიფშიძე იხსენებს, როგორ იხსნა მომღერალმა უმუშევრობისგან… გთავაზობთ მის პოსტს.
„გიო გასული საუკუნის 90-იან წლებში გავიცანი, გავიცანი, როგორც ჟურნალისტმა რესპონდენტი. რამდენჯერაც ვხვდებოდით, გულითადად მომიკითხავდა ხოლმე… ერთ-ერთი ასეთი თბილი მოკითხვა განსაკუთრებით ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.
რას შვრებიო, მკითხა. რა ვიცი, ახლა უმუშევარი ვარ-მეთქი (მოგეხსენებათ, იყო დრო, როცა საოცარი სისწრაფით იხსნებოდა და იხურებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთი). შეშფოთდა. მოიცა, რამეს მოგიხერხებო და ტელეფონი მოიმარჯვა. სადღაც დარეკა – ვიღაცას ელაპარაკა. მერე დამაკვალიანა – ნინო დარასელი გელოდება და მიდი ჩემი სახელითო. ასე აღმოვჩნდი „ანაბეჭდის“ რედაქციის საოცარ გარემოში და ასე გავიცანი ნინო დარასელიც.
მაშინ ასე მიხსნა გიო ხუციშვილმა უმუშევრობისგან, თან ისე, რომ დახმარება არც მითხოვია… ის მართლაც განსაკუთრებული იყო – განსაკუთრებულად თბილი, გულწრფელი, კეთილი და ალალი…
გზა მშვიდობისა, გიო“