ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომ-ლიკანში გაიხსნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის მხარდაჭერით. გახსნითი საღამო მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფორვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი; იუკი სერინო – ვიოლინო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი; გლორია კამპანერი – ფორტეპიანო; იან-ერიკ გუსტავსიონი – ჩელო; ანა-ლიზა ბეზროდნი – ვიოლინო; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო; სანდრო გეგეჭკორი – ფორტეპიანო; ნელო სალცა – საყვირი; მარიამ მაჩიტიძე – სოპრანო; ნიკოლოზ ვადაჭკორია- საყვირი; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ – პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე, გია ყანჩელის სახელობის ახალგაზრდული ორკესტრი.
21, 23 და 25 აგვისტოს ფესტივალის საკონცერტო საღამოები ქალაქ ბათუმში დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს.
იოსებ ალიბეგაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული:
“ქალაქ ბორჯომში ჩატარდა ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის გახსნითი კონცერტი, ჩვენი სასიქადულო მუსიკოსის და დიდი ამაგის მქონე ადამიანის, რომელმაც მუსიკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე ავღნიშნავთ მისი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს, სწორედ მისი იდეითა და ორგანიზებით ჩაეყარა საფუძველი ამ ფესტივალს ქალაქ ბორჯომში, სამცხე ჯავახეთში და ბორჯომს დღეს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვანი ფესტივალის გახსნას.”
მამუკა გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი:
“ჩვენთვის დიდი პატივია ტრადიციულად ქალაქ ბორჯომში უმაღლესი დონის ფესტივალის ,,ღამის სერენადების” ჩატარება, ბორჯომის მუნიციპალიტეტი მზადაა ყოველთვის მხარი დაუჭიროს ფესტივალს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, სტუმრებსა და ქართველ და უცხოელ ვირტუოზ მუსიკოსებს აღნიშნული ფესტივალის ჩატარებისათვის.”
გიორგი ისაკაძე, ფესტივალის ,,ღამის სერენადები” სამხატვრო ხელმძღვანელი:
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქალაქ ბორჯომში ფესტივალის გამართვა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ტრადიცია აღდგა.” ბრწყინვალედ ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა, შესანიშნავად შეასრულეს გამორჩეული პროგრამა დირიჟორმა ბიატრიჩე ვენეციმ, სოლისტმა მევიოლინე იუკი სერინომ და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა “საქართველოს ვირტუოზები” პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. ახლა კი ფესტივალი გადაინაცვლებს ქალაქ ბათუმში, სამი უმნიშვნელოვანესი კონცერტი გველოდება. წლევანდელი ფესტივალი ქალაქ თბილისში საზეიმოდ დაიხურება.
ბიატრიჩე ვენეცი, დირიჟორი:
“პირველად ვარ ქალაქ ბორჯომში, მოხარული ვარ, საოცრად ემოციური წუთებია, მსმენელის ემოციები, რომელიც ჩვენზე გადმოდის, სასწაულია. მიხარია, რომ ასეთი გულთბილი მაყურებელი და მსმენელი გვსტუმრობდა.”
მხარდამჭერი: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა — „ნიჭიერთა ათწლედი“ მასპინძელი სასტუმროები: „ბორჯომი ლიკანი“ და „Hilton Garden Inn Tbilisi“.
პარტნიორი კომპანიები: პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი „პიელ ნატურალსი“, კომპანია „სარაჯიშვილი“, ღვინის კომპანია „პავილიონ ვაინსი“, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ და ავეჯის სახლი „ნიტა“.
საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, ტელეკომპანია „პოს ტვ“, „Euronews Georgia“, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, პალიტრა მედია, საინფორმაციო სააგენტო„პრაიმ ტაიმი“, ინგლისურენოვანი გაზეთი ,,Georgia Today’’, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი ,, The Messenger’’, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, „აჭარა თაიმსი“, რადიო ჰოლდინგი„ფორტუნა“ და ვებ-პლატფორმა Fortuna.ge.








