22–25 ოქტომბერს კულტურის ცენტრ „მუზაში“ მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების XI საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ გაიმართება

„ოქროს მუზას“ ოფიციალური გახსნა 22 ოქტომბერს 18: 00 სთ ღონისძიება გააერთიანებს ახალგაზრდა და მოზარდ ხელოვანებს, პროფესიონალ შემსრულებლებს, მუსიკის მოყვარულებსა და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებს. მერაბ ბერძენიშვილის საგამოფენოს სივრცეში გაიმართება ქართველი ხელოვანების გამოფენა და ასევე „ოქროს მუზა“  გრან-პრის მფლობელებისა და გამარჯვებულების კონცერტი.

მერაბ ბერძენიშვილის ხელოვნების საერთაშორისო კონკურსი/ფესტივალი „ოქროს მუზა“ წელს მეთერთმეტედ იმართება. საიუბილეო დეკადა ფესტივალის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს და აჯამებს იმ გზას, რომელიც პროექტმა ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით განვლო.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ვიპიარ ჯგუფის„  ორგანიზებით.

ფესტივალი მაესტრო მერაბ ბერძენიშვილის სურვილითა და რეკომენდაციით დაარსდა. მისი თანადამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან „„ვიპიარ ჯგუფი და კულტურის ცენტრი „მუზა“.

წლების განმავლობაში „ოქროს მუზა“ ჩამოყალიბდა მნიშვნელოვან სახელოვნებო პლატფორმად, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდა და მოზარდი ხელოვანების შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენას, მათ პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო კულტურულ სივრცეში ინტეგრაციას.

კონკურსის მთავარი მიზანია:  ახალგაზრდა და მოზარდი ხელოვანების მხარდაჭერა, მათი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულებას:  ვოკალი, კლასიკურ მუსიკასა და ვიზუალურ ხელოვნებას. მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები პროფესიულ და კონკურენტულ გარემოში, მიიღონ გამოცდილება და დაამყარონ შემოქმედებითი კავშირები.

 ფესტივალის ფარგლებში:

  • 22 ოქტომბერი, 18:00 საათი — „ოქროს მუზას“ ოფიციალური გახსნა, გალა-კონცერტი და გამოფენა;
  • 23 ოქტომბერი, 14:00 საათი – ვოკალი: ქართული სიმღერის კონკურსი;
  • 24 ოქტომბერი, 14:00 საათი – ვოკალი: უცხოური სიმღერის კონკურსი;
  • 25 ოქტომბერი, 14:00 საათი – კლასიკური მუსიკის მიმართულება.

კლასიკური მუსიკის მიმართულების ოფიციალური პარტნიორია „თბილისის კლასიკური მუსიკის აკადემია“.

ოთხივე დღის განმავლობაში მერაბ ბერძენიშვილის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება ქართველი ხელოვანებისა და მოზარდების ნამუშევრები, რაც ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვნების გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.

ფესტივალის გამარჯვებულებსა და გრან-პრის მფლობელს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. „ოქროს მუზას“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება გამარჯვებულთა მხარდაჭერა და მათი საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავებაა. ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორის:  მალტის ქართული კულტურის ცენტრის, GCC–MALTA-ს მხარდაჭერით, გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული დაფინანსებით გაემგზავრონ საერთაშორისო კონკურსებსა და პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.

ოქროს მუზას გამარჯვებულებმა მონაწილეობა მიიღეს, მალტაზე, შვედეთში, დიდი ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში გამართულ კონკურსებსა და ფესტივალებში.

პროექტის ოფიციალური საერთაშორისო მხარდამჭერია GCC–MALTA  მალტის ქართული კულტურის ცენტრი.

Scroll to Top