ვიმ ვანდეკეიბუსის მასტერკლასი თბილისში/ ცნობილი ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი, გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლს „მანკიერი შთამომავლობა“ წარადგენს

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გრძელდება.

21 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში  ვიმ ვანდეკეიბუსმა და ნინო ანანიაშვილმა მასტერკლასი ჩაატარეს პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის.

24 ოქტომბერს ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი სპექტაკლს, სახელწოდებით ,,მანკიერი შთამომავლობა“ გრიბოედოვის სახელობის თეატრში წარადგენს.

ვიმ ვანდეკეიბუსის შემოქმედება თანამედროვე სცენური ხელოვნების ის იშვიათი ფენომენია, როცა საზღვრები ცეკვას, თეატრს, ოპერასა და კინოს შორის მიზანმიმართულად ქრება. ბელგიელი ქორეოგრაფი და რეჟისორი ვიმ ვანდეკეიბუსი თავიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც ავტორი, რომელიც სცენურ ხელოვნებას უკიდურესობების და რისკის სივრცედ აღიქვამს.  მისი შემოქმედებითი წვლილი მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნებაში, 1986 წელს დაარსებული კომპანიის Ultima Vez ლეგენდარული ნაწარმოებებით შეიტანა. ვანდეკეიბუსმა შექმნა ნამუშევრები, რომლებმაც თანამედროვე ცეკვის ენა რადიკალურად გააფართოვა. ადრეული წარმოდგენებიდან დაწყებული, მისი სტილი ეფუძნება არა ნარატიულ ფსიქოლოგიზმს, არამედ სხეულის რეაქციას საფრთხეზე, დაძაბულობასა და იმპულსზე. სწორედ ამით იქმნება მისი სცენური სამყაროს განსაკუთრებული ენერგია – სადაც მოძრაობა ხდება ინსტინქტის პირდაპირი გაგრძელება, ხოლო ქორეოგრაფია გარდაიქმნება თითქმის ფიზიკურ ექსპერიმენტად.

ვანდეკეიბუსის უნიკალურობა განსაკუთრებით ნათლად იკითხება მისი თანამშრომლობის ფართო სპექტრში ოპერისა და ბალეტის ინსტიტუციებთან.

არა ერთი გახმაურებული ნამუშევრის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე, 2026 წელს ანტვერპენის ოპერაში დადგმული ჟორჟ ბიზეს „კარმენი“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქორეოგრაფის განსაკუთრებულ ხელწერას.  

ფესტივალის ,,საჩუქარი“ მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და იტალიის საელჩო.

ფესტივალის ,,საჩუქარი“ საინფორმაციო მხარდაჭერა: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და რადიო ,,ფორტუნა“.

Scroll to Top