„გვქონდა ფოტოსესია გლამურული ჟურნალისთვის, რომელიც მალე მომზადდება” – „მარი გოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე და ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია

0
169


17 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბრენდის „მარი გოლდის“ დამფუძნებელი თამარ ნადირაძე და ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია სტუმრობდნენ, რომელთაც 3 ივნისს „ლისი ივენთ ჰოლში“ დაგეგმილ  ღონისძიებაზე ისაუბრეს.

– თამთა, თამარ, კონკრეტულად რას უმზადებთ პუბლიკას?

– (თამთა კვარაცხელია) 3 ივნისს „ლისი ივენთ ჰოლში“ ყველაზე გლამურული და მასშტაბური ღონისძიება – წვეულება wedding fair გაიმართება, რომელიც ერთგვარი პიარ-კამპანია იქნება კომპანიების და ცნობილი სახეების – მსახიობების, მომღერლების, ტელეწამყვანების და სხვათა მონაწილეობით, რადგან სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე მეტი – დაახლოებით 15 ათასი განქორწინება დაფიქსირდა. სწორედ შემაშფოთებელმა მონაცემებმა გადაგვაწყვეტინა „მარი გოლდთან“ ერთად აქციის მოწყობა, რომელშიც ცნობილი სახეები საქორწინო კაბებით წარდგებიან პუბლიკის წინაშე. პოდიუმი იმ ქალბატონების კაბების ჩვენებით გაიხსნება, რომელთაც ხანგრძლივი და ბედნიერი ქორწინება აქვთ, სწორედ ისინი წარმოადგენენ თანამედროვე ქალის საუკეთესო მაგალითს, რადგან წარმატებული კარიერაც გაიკეთეს და ბედნიერი ოჯახიც შექმნეს. მათ შემდეგ პოდიუმს ულამაზესი გოგონები – ყველაზე სასურველი საპატარძლოები დაიკავებენ, ასე რომ, ჩვენი ღონისძიება მამაკაცებისთვისაც საინტერესო იქნება.

– (თამარ ნადირაძე) ძალიან ლამაზ ღონისძიებას ვამზადებთ. სწორედ გუშინ გვქონდა ფოტოსესია გლამურული ჟურნალისთვის, რომელიც მალე მომზადდება. მართალია, ღონისძიებას ვერ დავესწრები, რადგან 23 მაისს გაეროს მიწვევით მივემგზავრები ამერიკაში, მაგრამ მშვიდად ვარ, რადგან ყველაფერს თამთა უხელმძღვანელებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ნინო ანანიაშვილის და მისი დასის მოცეკვავეებს, რადგან სწორედ ისინი გახსნიან საღამოს საკუთარი პერფორმანსით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ღონისძიების მთავარი მიზანი – შეხსენებაა საზოგადოებისთვის, რომ სწორედ მყარი ოჯახი განსაზღვრავს ქვეყნის სიძლიერეს. ძალიან მიხარია, რომ თამთას წყალობით „მარი გოლდს“ უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი შეემატა, რომლებიც საოცარი ენთუზიაზმითა და შემართებით მუშაობენ. საღამოს მასპინძლები ნინო ეგზეულიძე და ნიაკო ბლიაძე იქნებიან, რომლებიც მომავალშიც წარადგენენ „მარი გოლდს“.

– საინტერესოა, რა წარადგენთ გაეროს ღონისძიებაზე?

– ბოლო კოლექცია, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელით შეიქმნა – არაკომერციულია, „მარი გოლდის“ მუზეუმში დარჩება და ეროვნულ სამოსს გაუწევს პოპულარიზაციას. ჩვენმა კოლექციებმა ორჯერ იმოგზაურეს ამერიკაში და მოწონებაც დაიმსახურეს. 23 მაისს გაეროს მასშტაბურ ღონისძიებაში, 27-ში კი, გალა-კონცერტში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც  ქართული დიასპორისა და ქალბატონ ინა ასანიძის ორგანიზებით ეწყობა.

– თამთა რას მიეძღვნება ჟურნალი?

– ჟურნალში, რომელსაც ღონისძიების მსგავსად wedding fair ერქმევა, ჩვენი ღონისძიების მონაწილეების – ალექსანდრა პაიჭაძის, თამთა შედანიას, მარიტა ჯანაშიას, ლალი ტოტიკაშვილის, დალი ჩიტალაძის, ხატია შამუგიას, თამარ ივერის, თამუნა ამონაშვილისა და სხვათა ფოტოები დაიბეჭდება. ჟურნალი სტატიებს, ფოტოებს გააერთიანებს და ერთგვარი გზამკვლევი იქნება ყველა პატარძლებისთვის. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სად ჯობდა მასშტაბური ღონისძიების მოწყობა და საბოლოოდ „ლისი ივენთ ჰოლი“ ავირჩიეთ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ულამაზესი ლოკაციაა. დასწრება თავისუფალია, ამიტომ ყველას სიამოვნებით ვეპატიჟებით, მით უფრო, რომ ჟურნალის პრეზენტაციაც ღონისძიებაზე შედგება. ჩვენებას მუსიკალური ნომრები გააფორმებენ ცნობილი მომღერლების შესრულებით, ქალბატონებისთვის კი, ლექციები ჩატარდება პოზიტიურ ფსიქოლოგიაზე, ოჯახურ და წყვილის ურთიერთობაზე. ამასთანავე, გვექნება გათამაშება არაჩვეულებრივი საჩუქრებით და მასშტაბური გამოფენა იმ საერთაშორისო ბრენდების მონაწილეობით, რომლებიც საკუთარ ნაწარმს ქორწილისთვის, თაფლობის თვისთვის, შეყვარებულებისა და მეუღლეებისთვის ქმნიან. ამასთანავე, მოვაწყობთ გრანდიოზულ წვეულებას და ერთ-ერთ წყვილს დავაქორწინებთ.

– როგორც ჩანს ღონისძიება მთელი დღე გაგრძელდება,

– წვეულება 14:00 საათზე აიღებს სტარტს, სტუმრებს ჯერ Welcome Drink-ზე, მერე ფოტოსესიაზე მივიწვევთ, რომელსაც უამრავი ტელევიზია და ფოტოგრაფი გადაიღებს, ოფიციალური ღონისძიება კი, 16:00 საათზე დაიწყება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here