ანასტასია ჯულაყიძე–ლაღიძე –ახალგაზრდა თაობის გამორჩეული მუსიკოსი, კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მომღერალი, რომლის შემოქმედებითი სამყარო მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.
მისი პროფესიული გზა ბავშვობიდან იწყება და მოიცავს როგორც საშემსრულებლო, ისე შემოქმედებით საქმიანობას. ვიოლინო, არფა, ფორტეპიანო, ვოკალი და კომპოზიცია – ეს ის მიმართულებებია, რომლებმაც ანასტასიას მუსიკალური აზროვნება და ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა ჩამოაყალიბა. 2024 წელს მან ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე კომპოზიციის მიმართულებით პირველი პრემია მოიპოვა.
16 ნოემბერს ანასტასია მსმენელის წინაშე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მოვლენით წარდგება – თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მისი სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. მასშტაბურ მუსიკალურ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ 88-კაციანი ორკესტრი, ოპერის გუნდი და ქართველი სოლისტები. ეს იქნება კლასიკური მუსიკის რამდენიმე ჟანრის სინთეზი და ახალგაზრდა კომპოზიტორის შემოქმედებითი სამყაროს პირველი გაცნობა ამ მასშტაბით.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პრემიერა, რა გზა გაიარა ახალგაზრდა მუსიკოსმა საკუთარი შემოქმედებითი ხელწერის ჩამოსაყალიბებლად, რა როლი აქვს მის ცხოვრებაში ქართულ მუსიკალურ მემკვიდრეობას და რა მიზნებს ისახავს მომავლისთვის – ამ თემებზე ანასტასია ჯულაყიძე-ლაღიძეს ვესაუბრეთ.

ანასტასია, 16 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში თქვენი სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება. მოგვიყევით ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ. რას უნდა ელოდოს მსმენელი ამ საღამოსგან და რატომ შეარჩიეთ პრემიერის ადგილად სწორედ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი?
16 ნოემბერი ოქროს თარიღია – ამ დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩემი სავიოლინო კონცერტის „სატურნის პოემების“ მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ნაწარმოების ერთ-ერთ ნაწილში გაჟღერდება დიდი ფრანგი პოეტის, პოლ ვერლენის ტექსტი, რომელიც ვიოლინოს ხმასთან ერთგვარ მუსიკალურ დიალოგში შევა. ვიოლინოს პარტიას ჩვენი არაჩვეულებრივი ვერიკო ჭუმბურიძე შეასრულებს. ღონისძიების დირიჟორია ახალგაზრდა თაობის გამორჩეული წარმომადგენელი იოსებ ჯუღაშვილი.
კონცერტის მეორე განყოფილებაში მსმენელი მისთვის საყვარელ საოპერო არიებს მოისმენს ირინა შერაზადიშვილის, ზაალ ხელაიასა და ოთარ ჯორჯიკიას შესრულებით. აღსანიშნავია, რომ სცენაზე ორი დებიუტანტი, ორი ამომავალი ვარსკვლავი – ბას-ბარიტონები ამირან მენოგნიავილი და ლუკა კაპანაძე – წარდგებიან.
ზოგადად, დასავლურ მუსიკალურ პრაქტიკაში მიღებულია, რომ კონცერტის პროგრამა და შესასრულებელი ნაწარმოებები ერთმანეთს ეხმიანებოდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იყოს კონკრეტული ნაწარმოების ჟღერადობრივი თავისებურებები და დარბაზის აკუსტიკური შესაძლებლობები.
როდესაც 16 ნოემბრის კონცერტზე ვსაუბრობთ, სადაც 88 ორკესტრანტი ოპერის გუნდთან ერთად გაერთიანდება, ეს ყველაფერი ერთი დიდი ახალგაზრდული ჰიმნის სახეს მიიღებს. სად, თუ არა ოპერის დარბაზში, უნდა გაჟღერდეს ასეთი ნაწარმოები?
ეს არის ლეგენდარული სივრცე, რომელსაც 175-წლიანი ისტორია აქვს და რომელიც საქართველოში დასავლური და კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი კერა იყო.
ჟანრობრივადაც, როგორც თავად სავიოლინო კონცერტი, ისე საღამოს პროგრამა საინტერესო სინთეზს წარმოადგენს. ნაწარმოების ერთ-ერთ ნაწილში ჩართულია სოპრანოს პარტია, ხოლო გუნდის ვოკალური შესაძლებლობების გამოყენება საოპერო ჟანრის ელემენტებს სიმფონიურ მუსიკასთან აერთიანებს.
ეს იქნება ძალიან ემოციური გამოსვლა ისტორიულ დარბაზში.
ბავშვობიდან მღეროდით ბავშვთა გუნდ „პატარა გეორგიკაში“. რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდური გამოცდილება თქვენს პროფესიულ ჩამოყალიბებაში და რა მოგცათ გუნდურმა მუსიკამ, რაც დღესაც გეხმარებათ?
მუსიკასთან ჩემი ურთიერთობა ყოველთვის გუნდთან მუშაობითა და საგასტროლო ტურნეებით იყო გაჯერებული. ეს გამოცდილება ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. გასწავლის ადამიანებთან ურთიერთობას, ხოლო ურთიერთობები ქმნის იმ ნაპერწკალს, რომელსაც „სცენის ქიმიას“ ვუწოდებთ.
გასწავლის საკუთარი აზრის გადმოცემას, ერთგულებასა და პასუხისმგებლობას, რაც ინტერპრეტაციის ხელოვნების ერთ-ერთი საფუძველია. და რაც მთავარია, გივითარებს ლიდერულ თვისებებს, რაც სადირიჟორო მიმართულებისთვის აუცილებელია.
ფრაზა „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ ჩემთვის დირიჟორის არსის გამოხატულებაა. დირიჟორის მთავარი დანიშნულება ადამიანების გაერთიანებაა. მან უნდა შეძლოს სხვადასხვა ინდივიდის ერთ ფრაზაში გაერთიანება – ადამიანების, რომლებსაც ღვთიური მელოდიის სიყვარული აერთიანებთ.
ალბათ, ეს არის მთავარი მიზანიც: კიდევ უფრო შეაყვარო საკუთარ თავს შენი შემოქმედებითი ჯგუფი, მსმენელს კი – როგორც შენი მუსიკა, ისე ერთმანეთი. მჯერა, რომ მუსიკა სიკეთისა და საქმისადმი გულწრფელი სიყვარულის გარეშე ვერ იქნება ჭეშმარიტი.
რაც შეეხება ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიც 16 ნოემბრის კონცერტია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი კარგად იცნობდეს დიდი ჯგუფის მართვის პროცესს და შემდეგ შეძლოს ამ ადამიანების გაერთიანება იმ ჯადოსნური წუთებისთვის, რომლებსაც მსმენელი მოისმენს.
გუნდთან ერთად მონაწილეობდით საერთაშორისო კონკურსებში სხვადასხვა ქვეყანაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2017 წელს ბერლინის ფილარმონიაში გამართულ Grand Prix of Nations-ზე მოპოვებული პირველი პრემია. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამოცდილება და რა ემოცია გახსენდებათ დღეს?
მგონია, რომ დღეს ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას უფრო ემოციურად ვუყურებ და აღვიქვამ, ვიდრე მაშინ- ასაკის გამო.
დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც ბერლინის ფილარმონიას ვახსენებთ, ჩემთვის ეს მუსიკალური ევერესტია – ადგილი, სადაც ყოველთვის ჟღერდა და დღესაც ჟღერს ჭეშმარიტი ფრაზირება და სადაც კომპოზიტორს ყოველთვის სათანადო პატივს სცემენ.
ცხადია, ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ეს ჩემი ოცნების დარბაზია. დღემდე ბოლომდე ვერ ვიაზრებ, რომ იქ მიმღერია.
წლევანდელი წლის მაისში, როდესაც გუნდთან ერთად გერმანიაში ტურნე გვქონდა, ბერლინის დატოვებამდე მოვახერხე, ზუსტად ორი წუთით მაინც გარედან შემეხედა ამ დარბაზისთვის. ვინც მიცნობს, ეცოდინება, რა დამემართებოდა, როდესაც ქუჩაში ჰერბერტ ფონ კარაიანის სახელსა და გვარს ამოვიკითხავდი.
არ მინდა, ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ ეს ორკესტრი და ეს დარბაზი ის სივრცეა, რომელზეც ყოველ დილასა და საღამოს ვფიქრობ. პირობას ვდებ, აუცილებლად დავბრუნდები იქ. ეს პირობა, პირველ რიგში, საკუთარ თავს მივეცი და ბოლომდე გავაგრძელებ შრომას, სანამ იქ არ აღმოვჩნდები. ამის შემდეგ კი ორმაგად ვიშრომებ.
არფა საკმაოდ იშვიათი და განსაკუთრებული ჟღერადობის ინსტრუმენტია. როგორ აღმოჩნდით არფასთან და რა მოგცათ ამ ინსტრუმენტზე მუშაობამ, როგორც მომავალ კომპოზიტორს?
ეს საკითხი კომპოზიტორის თვალით რომ განვიხილო, ინსტრუმენტთან შეხება მისი ჟღერადობრივი შესაძლებლობების გაცნობის წყაროა. ამასთანავე, უდიდესი სიამოვნებაა რეპერტუარის გაცნობა, გენიოსი კომპოზიტორების შემოქმედებასა და მათ სამყაროში ჩაღრმავება, მათი მუსიკის გაანალიზება და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.
გეძლევა შესაძლებლობა, დიალოგში შეხვიდე როგორც ინსტრუმენტის შესაძლებლობებთან, ისე კომპოზიტორის სათქმელთან.
ცხადია, ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ვიოლინომაც. ოთხი წლის ვიყავი, როდესაც დაკვრა დავიწყე და ეს იყო ჩემი პირველი უშუალო შეხება მუსიკასთან. როგორც ბავშვობაა ყველა ადამიანისთვის რაღაც წმინდა და სათუთი, ისეა ჩემთვის ვიოლინო. სწორედ ამიტომ, ჩემი სავიოლინო კონცერტი ჩემს პირველ მასწავლებელს, მანანა ქანთარიას ეძღვნება.
თქვენი შემოქმედებითი საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება კომპოზიციაა. როდის იგრძენით პირველად, რომ მხოლოდ სხვისი მუსიკის შესრულება კი არა, საკუთარი მუსიკალური სამყაროს შექმნაც გსურდათ?
პირველად მაშინ გრძნობ, როდესაც მუსიკა თავად მოდის შენთან. პირდაპირი მნიშვნელობით რომ ავხსნა, როდესაც მელოდია ჩაგესმის ყურებში.
ეს არ არის პროცესი, რომელიც იძულებით ან ადამიანის წინასწარი გადაწყვეტილებით იწყება. მე მაშინ გადავწყვიტე, როდესაც მუსიკა მოვიდა ჩემთან.
იცით, გაწუხებს, თუ ის არ გადმოეცი და მისი რეალიზება არ მოახდინე. ნაწარმოების დასრულების შემდეგ კი უკვე ის შრომა გაწუხებს, რომელიც მასში ჩადე. სწორედ ეს არის ბიძგი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, ნაწარმოები თაროზე შემოდო.
აუცილებელია, პარტიტურამ დღის სინათლე იხილოს და ამისთვის მთავარია მისი შესრულება. დაწერილი ნაწარმოები 50 პროცენტია, მისი შესრულება კი – მეორე 50 პროცენტი.
სწავლობთ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, მაკა ვირსალაძის კომპოზიციის კლასში. რამდენად მნიშვნელოვანია პედაგოგის როლი ახალგაზრდა კომპოზიტორის შემოქმედებითი ხელწერის ჩამოყალიბებაში?
პედაგოგი შენი მეგზურია. ზოგადად, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ცხოვრების გზაზე ხვდები, შეიძლება შენი მასწავლებელი იყოს.
მე კი, ღვთის წყალობით, ამ მიმართულებით საუკეთესო პედაგოგები შემხვდნენ. მთავარი, რაც მათ მასწავლეს და განსაკუთრებით გამოვყოფ ქალბატონ მაკას, არის სიმშვიდე – სიმშვიდე შემოქმედებითი პროცესის დროს და, შესაბამისად, ნაწარმოების ფორმის ჩამოყალიბებისას. ამ სტაბილურობის გარეშე ვერაფერი შეიქმნება.
სიმშვიდეზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი სიმშვიდის გარანტი საფორტეპიანო მიმართულებით – მზია გოგაშვილი. მასთან ერთად არაფერზე ღელავ და მისი მხარდაჭერით უდიდეს სიამოვნებას იღებ შემოქმედებითი პროცესისგან.
ცხოვრებამ ბედნიერება მარგუნა, რომ ჩემს გვერდით არის უდიდესი მაესტრო, ბატონი გოჩა ბეჟუაშვილი. ადამიანი რომ ზმნა „მხარდაჭერა“ ყოფილიყო, ის აუცილებლად მაესტრო გოჩა იქნებოდა.
როდესაც პედაგოგიკაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ადამიანი კარგი იყოს. მაკაც და გოჩაც ამის საუკეთესო მაგალითები არიან. ამასთანავე, პედაგოგი, პირველ რიგში, მოსწავლის მეგობარი უნდა იყოს. ვიცი, არ გამინაწყენდებიან, ამას რომ ვამბობ, რადგან ისინი ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან.
2024 წელს ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე კომპოზიციის მიმართულებით პირველი პრემია მოიპოვეთ. რას ნიშნავდა თქვენთვის ეს გამარჯვება და როგორ შეაფასებდით საკუთარ შემოქმედებით განვითარებას ამ კონკურსის შემდეგ?
დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, მიიღო პრემია, რომელიც ისეთი პიროვნების სახელს ატარებს, როგორიც ოთარ თაქთაქიშვილია.
იმ გენიალურ ნაწარმოებებთან, შემოქმედებასა და ღვაწლთან ერთად, რომლებიც მან დაგვიტოვა, არ შემიძლია, არ გამოვყო ის მაღალი სტანდარტი, რომელიც მან განათლების სფეროში დაამკვიდრა. ეს იყო ქართული კლასიკური მუსიკის ცნობადობისა და განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი.
მისი სახელობის პრემიის მიღება ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნაწარმოებებმა ღირსეულად წარადგინა საკუთარი თავი და ეს ჯილდო დაიმსახურა.
თქვენ ასევე ეუფლებით აკადემიურ ვოკალს გოჩა ბეჟუაშვილთან. რამდენად განსხვავდება კომპოზიტორისა და მომღერლის ხედვა მუსიკალური ნაწარმოების მიმართ? გეხმარებათ თუ არა ვოკალური გამოცდილება საკუთარი ნაწარმოებების შექმნაში?
ამ საკითხზე საუბრისას ფრანც შუბერტი მახსენდება. მუსიკის ისტორიაში მის შემოქმედებას ხშირად „მღერად სიმფონიზმს“ უკავშირებენ.
ჩემი ცხოვრება პირდაპირ არის დაკავშირებული ვოკალთან. ეს სფერო განუყოფელი იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემი შემოქმედებითი გზის ნაწილი.
როდესაც მღერი, იწყებ სიმღერით წერას, ხოლო როდესაც სიმღერით წერ, შენი მელოდიები ადამიანების მეხსიერებაში რჩება. ჩემთვის, სუბიექტურად, მუსიკა სწორედ მელოდიაში ვლინდება და ჩემი მთავარი მიღწევაც, ალბათ, ის იქნება, რომ ამ მელოდიებმა ადამიანების გულსა და ყურებში დაიდოს ბინა.
პიანისტობა და დირიჟორობა მუსიკის განსხვავებულ აღქმას მოითხოვს. როდესაც მუსიკალურ ნაწარმოებს ქმნით, პირველ რიგში რომელი ამპლუით ხედავთ მას – კომპოზიტორის, შემსრულებლის თუ დირიჟორის პოზიციიდან?
ძალიან საინტერესო კითხვაა.
ნაწარმოების შექმნისას კომპოზიტორს უწევს, მას ერთდროულად შეხედოს როგორც შემსრულებლის, ისე დირიჟორისა და, რა თქმა უნდა, კომპოზიტორის თვალით.
შემსრულებლის პოზიციიდან უნდა გაითვალისწინოს მისი შესაძლებლობები, დირიჟორის თვალით- ნაწარმოების ფორმის მთლიანობა, ხოლო კომპოზიტორის ამპლუაში – საკუთარი „მე“ და სათქმელი გამოხატოს.
აქ არის ერთი დიდი „მაგრამ“: უნდა გაითვალისწინო სხვები ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგო. ამასთანავე, სხვებსაც უნდა მისცე შენი აზრებით, ანუ მელოდიებით, აზროვნებისა და ინტერპრეტაციის შესაძლებლობა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ნაწარმოებს ქმნი, უნდა გაიარო ერთგვარი ბეწვის ხიდზე, რათა შემსრულებელს შენი აზრი ისე არ მოახვიო თავს, რომ საკუთარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა არ დაუტოვო.
გამიხარდება, თუ შემსრულებელი ჩემს მიერ დაწერილ მეცო-ფორტეს საკუთარ ჟღერადობად აქცევს და თავის ინდივიდუალურ მეცო-ფორტეს წარმოაჩენს.
ალბათ, ეს არის კომპოზიტორის მთავარი მიზანიც – მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მუსიკით სხვებმა შეძლონ ინტერპრეტაცია. სწორედ ეს აცოცხლებს მუსიკას, რადგან პროცესი უსასრულოა: რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი განსხვავებული აზრია. სწორედ ამაშია ინტერპრეტაციის მთავარი სილამაზე.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ქართული მუსიკალური ტრადიცია და ეროვნული მუსიკალური მემკვიდრეობა? ხედავთ თუ არა საკუთარ მომავალ შემოქმედებაში ქართული მუსიკალური ელემენტების გამოყენებას?
საქართველო მსოფლიო რუკაზე ინდივიდუალური მუსიკალური მოტივების მატარებელი წერტილია. რაც მთავარია, ეს ინდივიდუალური მოტივები ერთგვაროვანი არ არის – იმდენი განსხვავებული კუთხე გვაქვს, რამდენი განსხვავებული მუსიკალური ტრადიციაც არსებობს.
მე-19 საუკუნემდე ჩვენ საკუთარ მუსიკალურ სივრცეში ვცხოვრობდით, ისტორიული კონტექსტიდან გამომდინარე. მე-19 საუკუნეში კი, როდესაც ჩვენი ევროპეიზაციის პროცესი იწყება, საქართველოში ჩნდებიან ევროპული ჟანრების გამზიარებელი და ინტერპრეტატორი კომპოზიტორები.
როდესაც ქვეყანა პატარაა და უწევს იმპერიალისტურ სახელმწიფოებთან ბრძოლა, საკუთარი იდენტობის დამტკიცება, ამას ხშირად სწორედ საკუთარი, უნიკალური მუსიკალური მოტივების საშუალებით ახერხებს.
ასე ხდება ჩვენს ოპერებშიც. ზაქარია ფალიაშვილი ხშირად მიმართავს ხალხურ მოტივებს, ხოლო ანდრია ბალანჩივაძე სიმფონიურ ჟანრში გამოხატავს ქართულ იდენტობას. ეს ფოლკლორისა და დასავლური მუსიკალური ტრადიციების შერწყმაა.
რა არის ფოლკლორი? ეს ხომ ხალხის მუსიკაა. როდესაც დასავლეთში ბახი არსებობდა, ჩვენთან ნადურები ჟღერდა. ეს განსხვავებული მუსიკალური ტრადიციებია, რომელთა დაახლოებასა და სინთეზში დიდი წვლილი შეიტანეს იმ კომპოზიტორებმა, რომელთა სახელებიც დღეს ქართული მუსიკის ისტორიასთან არის დაკავშირებული – ფალიაშვილმა, არაყიშვილმა, ბალანჩივაძემ.
მსგავსი სინთეზი სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. ამის ნათელი მაგალითებია შოპენის პოლონეზები და ლისტის რაფსოდიები. ეს მე-19 საუკუნის ფართო კულტურული პროცესის ნაწილია.
რაც შეეხება ჩემს შემოქმედებას, ქართული მუსიკალური ელემენტები უკვე გამოყენებული მაქვს. ეს ჩვენი ერთგვარი გადარჩენის ინსტინქტის დამსახურებაა – ამას, რა თქმა უნდა, დადებითი მნიშვნელობით ვამბობ. ქართველ კომპოზიტორს საკუთარი იდენტობა ყოველთვის ეტყობა და 16 ნოემბერს მსმენელი ამაში მაშინაც დარწმუნდება, როდესაც სავიოლინო კონცერტის მესამე ნაწილს მოისმენს.
და ბოლოს, რა არის თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მიზანი, რომლის განხორციელებაზეც დღეს მუშაობთ?
ჩემი მთავარი მიზანი კარგი მუსიკოსად ჩამოყალიბებაა. ეს ფრაზა მითხრა არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა და გენიალურმა ადამიანმა, პაპუნა ღვაბერიძემ. სამწუხაროდ, მან გასულ წელს ნაადრევად დაგვტოვა, თუმცა ჩემთვის განუზომელი ცოდნა და ეს ფრაზა დატოვა, რომელიც ჩემი მოტივაციის წყაროდ და მთავარ მიზნად იქცა.
რაც შეეხება განვითარებას, ეს დაუსრულებელი პროცესია. საკუთარ თავს ვერასოდეს ვუწოდებ შემდგარ მუსიკოსს, რადგან მჯერა, რომ დღევანდელი ცოდნით ხვალ უკეთ დავუკრავ, ზეგ კი უკეთ ვიმღერებ.
სწავლა არასოდეს სრულდება. სწრაფვა უკეთესობისკენ მუდმივი და განგრძობითი პროცესია. მთავარია, მკაფიოდ გქონდეს განსაზღვრული, რას ნიშნავს შენთვის „უკეთესი“.





