„ზოგჯერ არც წყალი გვაქვს, არც შუქი, ცივა, ტემპერატურა მინუს 10 გრადუსია, თუმცა არა უშავს, ჩვენ გადავრჩებით“ – უკრაინელი მუსიკოსი, რომელიც სამშობლოში საყვარელი საქმის გამო დაბრუნდა

0
20
xr:d:DAEzAhmyTZU:313,j:8631573140634937693,t:24041018

მაიას კარიერა ოდესაში დაიწყო. გოგონამ თავი ოპერაში, პოპში და სხვადასხვა მუსიკალურ სტილებში გამოცადა, შემდეგ კი როკი აღმოაჩინა და მიხვდა, რომ ეს ენერგია მასთან ყველაზე ახლოს იყო. ომის დაწყების შემდეგ საქართველოს შეაფარა თავი და პირველ ალბომზე მუშაობა აქ განაგრძო. შემდეგ კი გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო და რთულ მომენტში თავისი ჯგუფის გვერდით ყოფილიყო. მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, მაია აქტიურად წერს მუსიკას, იღებს კლიპებს და სამომავლოდ დიდი გეგმებიც აქვს.

როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური კარიერია, როდის მიხვდით რომ მუსიკოსობა გინდოდათ?

მუსიკოსობა ერთ დღეში არ გადამიწყვეტია. როცა ძალიან პატარა ვიყავი დავდიოდი სიმღერაზე, ცეკვაზე, მიყვარდა ყველაფერი რაც მუსიკას უკავშირდებოდა და ეს გახდა მთავარი ბაზა რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ. ბუნებრივია, ეს ერთი დღის გადაწყვეტილება არ ყოფილა, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა, ყველამ იცოდა რომ მუსიკოსი ვიქნებოდი.

ვსწავლობდი ოპერასაც, თუმცა შემდეგ ვიფიქრე რომ გარკვეულ საზღვრებში მოქცევა არ მომწონდა, მინდოდა ჩემი თავი სხვადასხვა ჟანრებში გამომეცადა. მაშინ მუსიკალურ აკადემიაში ვირიცხებოდი და როცა ეს ჩემს მასწავლებელს ვუთხარი ექსპერიმენტების ჩატარება დავიწყეთ. სწორედ ასე შევაბიჯე პოპის სამყაროში..

პირველი სიმღერების ჩაწერაც ამის შემდეგ დაიწყეთ..

ოდესაში დავიწყე ხმის ჩამწერი სტუდიის ძებნა, ძალიან მინდოდა ასეთი გამოცდილებაც მიმეღო. როცა სტუდია ვიპოვე, იქ მითხრეს რომ მაგარი ხმა მქონდა და სხვადასხვა როკ-ბენდების მოსმენა შემომთავაზეს. 25 ჯგუფისგან შედგენილი სია მომცეს და მეც დავიწყე მათი მოსმენა. მალევე მივხვდი, რომ ეს ენერგია ჩემთან ყველაზე ახლოს იყო. ისეთი საოცარი ემოცია დამეუფლა, ბევრი ფიქრი არ უნდოდა რომ ეს სწორედ ის იყო რაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა.

ამის შემდეგ ძალიან მინდოდა ჩემი მუსიკა შემექმნა, ვიპოვე ნიჭიერი ადამიანები ვისთან ერთადაც ალბომზე დავიწყე მუშაობა.

რომელი სიმღერები მოხვდება შენს პირველ  ალბომში?

აქამდე ჩაწერილი სიმღერების ნახევარი პირველ ალბომში გაერთიანდება, მეორე ნახევარი კი დამოუკიდებელ სინგლებად გამოვა. ჯერჯერობით ალბომს არ აქვს სახელწოდება და ის 11 სიმღერისგან შედგება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ალბომზე მუშაობა სტუდიაში მოხვედრიდან მალევე დავიწყე, თუმცა შემდეგ ომი დაიწყო და საქართველოში მომიწია წამოსვლა.

საქართველოში ადრეც არაერთხელ ვარ ნამყოფი. მამაჩემი ქართველია. რამდენიმე თვე გავატარე თქვენთან, სიმღერების წერაც არ შემიწყვეტია. არ ყოფილა მარტივი, თუმცა როგორც ერთმა ადამიანმა მითხრა, ეს პოლიტიკაა და გაჩერება არ შეიძლებოდა, უნდა გვეკეთებინა ის რასაც მანამდე ვაკეთებდით.

ყველაზე რთულ სიტუაციებში მუსიკა ნამდვილად ხსნაა, ის დამეხმარა რომ დეპრესიაში არ ჩავვარდნილიყავი. ჩემი სიმღერა „Help me out“ სწორედ იმაზეა თუ რაც ხდება უკრაინაში და ზოგადად მთელს მსოფლიოში, ხალხის შეხედულებების და მენტალიტეტის შესახებაა. ეს იყო ბოლო სიმღერა რომელიც საქართველოში ყოფნის დროს დავწერე და ყველა ჩემი ცუდი ემოცია ამ სიმღერაშია გაერთიანებული. ამიტომ მუსიკაც საკმაოდ დაძაბულია.

საქართველოში გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, მუსიკოსები რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. ვისწავლე ბევრი რამ და თითქმის მაშინვე გადავწყვიტე რომ უკრაინაში მინდოდა დაბრუნება, რათა ახალი სიმღერები ჩამეწერა.

რამდენად უსაფრთხო იყო უკან დაბრუნება?

არა, უსაფრთხო ალბათ ახლაც არ არის. საშიშია როცა ელექტრო სადგურების სიახლოვეს ხარ, რადგან მთავარი სამიზნე სწორედ ისინი არიან. საშიშია, რადგან არ იცი სად ჩამოვარდება ნაღმი და რას მოხვდება. თუმცა, აღარ შემეძლო შორს ყოფნა, ზუსტად ვიცოდი რომ სახლში მინდოდა დაბრუნება, აქამდე მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია.

უკრაინაში მარტო დაბრუნდით?

უკან მე და დედა დავბრუნდით, თავიდან 2 კვირით ჩამოვედით და თითქმის ნახევარი წელი დავრჩით. სირენები ყვირიან, თუმცა არა უშავს, ჩემთვის აქ უკეთესია. ერთადერთი რაზეც გული მწყდება, ძალიან მინდა რომ ჩემს მუსიკოსებთან ერთად ტურნეებში ვიარო, თუმცა მამაკაცებს ქვეყნის დატოვება არ შეუძლიათ. არსებობს გარკვეული პროცედურები, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან რთულია.

უკრაინაში კონცერტები ტარდება?

კი, არის პატარა მუსიკალური კლუბები, სადაც არანორმალური ენერგეტიკაა. ხმა შეიძლება ცუდი იყოს, თუმცა როცა შიგნით შეხვალ, შეხვდები ამ ხალხს, იგრძნობ წარმოუდგენელ ენერგიას. მსგავსი ადგილები თბილისშიც მრავლადაა.

ზოგადად სხვა ქალაქებში ბევრად ცუდი სიტუაციაა, მე მსმენია ისტორიები რომ ადამიანები გულის შეტევით იღუპებიან, რადგან ბომბების ეშინიათ.

ოდესაში კი ყველაფერი შედარებით ნორმალურადაა. ზოგჯერ არც წყალი გვაქვს, არც შუქი, ცივა, ტემპერატურა მინუს 10 გრადუსია, თუმცა არა უშავს, ჩვენ გადავრჩებით.

ახლა ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გავჩერდე და ვაკეთო ის რასაც აქამდე ვაკეთებდი, სხვაგვარად წარმოუდგენელია. ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა უკრაინიდან, ზოგი საფრანგეთშია, ზოგი გერმანიაში, თუმცა მე ეს არ მსურს. საქართველოში უკვე ვიყავი და როგორც ხედავთ, უკან დავბრუნდი.

ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ ვიმღერო ჩემი მუსიკა და ეს მუსიკა ომზე არ იქნება.. ომში ვცხოვრობ, ჩემს გარშემო ყველგან ომია, ამიტომ დავიღალე ამ ყველაფრით, მხოლოდ მუსიკაზე მსურს კონცენტრირება და არა პოლიტიკაზე.

სამომავლო გეგმების შესახებ რას გვეტყვით ?

ჩემი მთავარი გეგმაა, მეტი სიმღერის დაწერა, მათი რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანა და შემდეგ უკვე ფესტივალებზე გამოსვლა. იქნებ მომავალი წლიდან შევძლოთ ტურნეებზე სიარულიც. დიდი სურვილი მაქვს ვესტუმრო საქართველოსაც და გამოვიდე კონცერტებზე. ასევე ჩემს გეგმებშია, ჩემი ხმის უკეთ შესწავლა, ტექნიკის დახვეწა და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გადარჩენა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here