ყველაზე რეიტინგული რადიო იუბილეს ზეიმობს – „არ დაიდარდო“ 13 წლისაა!..

0
1901

13 წელია, ქართული FM სივრცის უპირობო ლიდერი რადიო „არ დაიდარდო“ გახლავთ. მისი პროგრამების მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე, რომელიც ამ საქმის დაწყებიდანვე უდგას სათავეში, გვიყვება, როგორ დაიწყო „არ დაიდარდოს“ ისტორია და რა გაგრძელება ექნება მას ამდენწლიანი არსებობის შემდეგ.

დღეს, 1-ელ ივნისს, „არ დაიდარდოს“ დაბადების დღეა – ეს არის რადიო, რომელიც ყველა გამოკითხვაში ლიდერობს და ამ წლების განმავლობაში პირველი პოზიცია არასდროს დაუთმია. მიუხედავად ამისა, გიორგი აღნიშნავს, რომ ეს „არ დაიდარდოს“ გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, მუდმივად ვითარდებიან და ახალ-ახალ პროექტებს გეგმავენ.

13 წელი ბაზარზე არ არის ცოტა…

გიორგი მშვენიერაძე:

ნამდვილად არ არის ცოტა. „არ დაიდარდო“ იყო პირველი ქართული რადიო, რომელმაც ქართული სიმღერა და ეს ფორმატი, ასე ვთქვათ, კომერციულად შეფუთა და პოპულარული გახადა.

გახსოვს ის მომენტი, როცა „არ დაიდარდომ“ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მიხვდი, რომ რაღაც საინტერესო იწყებოდა?

თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს რადიო ძალიან პოპულარული გახდებოდა. სანამ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ და მისი ხელმძღვანელობა გადაწყვეტდა ამ ფორმატის რადიოს შექმნას, მე და ჩემს მეგობრებს, დამოუკიდებლად გვქონდა დაახლოებით ამავე ფორმატის რადიოს გაკეთების მცდელობა, დავდიოდით მეცენატებთან, სპონსორებთან, იმ ადამიანებთან, ვისაც შეეძლო ამ საქმეში ფულის ჩადება. მაშინ არავინ მოინდომა ამ საქმეში ფულის დაბანდება. გვინდოდა თავიდან ბოლომდე ქართული რადიოს შექმნა, აშკარად იყო ბაზარზე ამის მოთხოვნილება. შემდეგ „ფორტუნას“ მფლობელებმა, ბატონმა გურამ ჩიგოგიძემ და თამარ ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს „არ დაიდარდოს“ შექმნა, სახელწოდება თამარმა მოიფიქრა. მე მომიწვიეს პროგრამების მენეჯერად.

როგორც კი რადიო გაიხსნა, ყველა მხრიდან მასზე საუბარი მესმოდა. ეს ბუმი პირველივე დღიდან დაიწყო. თავიდან მცირე პროცენტი გვქონდა შერეული რუსული სიმღერების, ისიც შუა დღის სამ საათამდე გადიოდა, საღამოს კი მთლიანად ქართული პროგრამა გვქონდა, ისეთი სიმღერები გადიოდა, რომლებიც ერთად სუფრასთან შეკრებილ ადამიანებს ესიამოვნებოდათ, ასევე წამყვანიც იყო ჩართული ამ პროცესში, რადიოეთერით სადღეგრძელოებსაც ამბობდა, იყო სიმღერების მიძღვნები. შემდეგ გამოხმაურებამ აჩვენა, რომ შეგვეძლო, მთლიანად ქართულ რეპერტუარზე გადავსულიყავით და ასეც მოვიქეცით.

თავიდან არ იყო განსაზღვრული, რომ „არ დაიდარდო“ მაინცდამაინც ქალაქურ სიმღერებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული, უნდა გასულიყო ყველა ჟანრის ქართული სიმღერა, თუკი მძიმე როკს არ ჩავთვლით. ეს ახლაც ასეა, უბრალოდ, უფრო მეტი პოპულარობა მოიპოვა ქალაქურმა სიმღერებმა, თავისი ქვეჟანრებით. მოთხოვნა უფრო მეტად ამაზე იყო და დღემდე ასე გრძელდება, ქალაქურია ყველაზე რეიტინგული ჟანრი საქართველოში.

„არ დაიდარდო“ აქტიურია ინტერნეტშიც…

ჩვენ ფეხს ვუწყობთ სიახლეებს, რაც უფრო განვითარდა ინტერნეტსივრცე, ჩვენც მეტად დავინტერესდით. 2004 წელს გაიხსნა „არ დაიდარდო“, 2007 წლიდან უკვე საიტიც შევქმენით. თავიდან საცდელი საიტი იყო, მაგრამ ვიზიტორს ჰქონდა ჩვენი ეთერის ლაივში მოსმენის საშუალება. უამრავი ემიგრანტი დაგვიკავშირდა, ახლა „არ დაიდარდოს“ მოსმენა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ და დიდი აქტიურობა გვაქვს ამ მხრივაც. გავაძლიერეთ ლაივი და უფრო მეტ ადამიანს შეუძლია მოსმენა ერთდროულად. გვაქვს ჩვენი „ფეისბუქ“-გვერდი და „იუთუბის“ გვერდი, რომლებსაც უამრავი ვიზიტორი ჰყავს. ვაპირებთ საიტის განახლებას და საინტერესო სიახლეებით დატვირთვას.

„არ დაიდარდო“ არის ჩართული მნიშვნელოვან პროექტში – „ოქროს ტალღა“.

ძალიან გვინდოდა ამ პროექტის გაკეთება. ოთხი წლის წინ ეს იდეა განვახორციელეთ, დავწერეთ პროექტი და პირველი „ოქროს ტალღა“ რუსთაველის თეატრში გაიმართა, ღონისძიება „პირველმა არხმა“ გადაიღო. ობიექტურად რომ შევხედოთ, კარგი გამოვიდა, თუმცა ამ გადმოცდილებამ გვაჩვენა ძლიერი და სუსტი მხარეები, როგორც ხდება ხოლმე ნებისმიერი პროექტის შემთხვევაში და სუსტი მხარეების გამოსწორებაზე დავიწყეთ ფიქრი. მას შემდეგ „ოქროს ტალღა“ კიდევ ორჯერ გაიმართა, ამჯერად „ოტიუმში“. ახლა მეოთხედ ჩატარდება, ჯერ არ გაგიმხელთ, სად, ივნისის მეორე ნახევარში.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სიმღერაა წარდგენილი, 125, რაც ორჯერ მეტია შარშანდელ მონაწილეებზე. ყველა ჟანრს მოვიცავთ, ყველა ასაკობრივ სეგმენტს.

ეს იმას ნიშნავს, რომ „არ დაიდარდოში“ და მთლიანად „ფორტუნას“ ჰოლდინგში შემოდის ყველაზე მეტი ქართული სიმღერა?

„არ დაიდარდოს“ ამ მხრივ ლომის წილი აქვს, დაახლოებით 80% სიმღერებისა, რომლებიც წლის განმავლობაში იქმნება, ჩვენთან მოდის. აქ იმართება პრემიერები. ნაწილი მიდის „ფორტუნაში“, „ფორტუნა პლუსსა“ თუ „ავტორადიოზე“, ფორმატის გათვალისწინებით.

როგორ ინარჩუნებს 13 წელია თქვენი რადიო რეიტინგებში პირველობას?

მეუხერხულება ამ თემაზე საუბარი, მაგარმ ფაქტი ფაქტად რჩება. ამ წლების განმავლობაში, გახსნის დღიდან, ყველა ოფიციალურ კვლევაში ჩვენ პირველი ადგილი გვაქვს. არ ყოფილა შემთხვევა, როცა სხვა რადიომ „არ დაიდარდოს“ გადაუსწრო. ამ ამბავს ისე შევეჩვიე, რომ აღარც მიკვირს. თან, ჩვენ ვართ პირველ პოზიციაზე ძალიან დიდი სხვაობით. ეს არ გვაძლევს მოდუნების უფლებას. დიდი კონკურენციაა FM სივრცეში, რაც ჩვენს ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს, ყველა ჩვენი მეგობარია და მივესალმები ყველა მათგანს (იღიმის). ჩვენ მუდმივად ვგეგმავთ სიახლეებს, როგორც რადიოეთერში, ასევე ინტერნეტსივრცეში, ასე რომ, ჩვენგან ახალ-ახალ პროექტებს აუცილებლად უნდა ელოდოთ!..

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here