”რობის ტრაკი ბევრად ჯობდა” – რატომ დარჩა უკმაყოფილო ქართველი მსმენელი Maroon 5-ის კონცერტით?!

0
178

ფლეგმატური სახე, არანაირი კონტაქტი მსმენელთან, არც შიშველი სხეულის დემონსტრაცია და არც ის “დრაივი“, რასაც ცნობილი ამერიკული ჯგუფისგან ბათუმის Miracle Park-ში შეკრებილები ელოდნენ. 7 ივნისს, ბათუმის “საოცრებათა მოედანზე“ პოპულარული ამერიკული ბენდის – “Maroon 5“-ისკონცერტი გაიმართა. კოლექტივმა 30.000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჰიტები შეასრულა, თუმცა ეს ქართველი – კრიტიკული მელომანების გულის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მელომანებისთვის ხელი არც დედა ბუნებას შეუწყვია. ბათუმში კონცერტამდე და კონცერტის მიმდინარეობის დროს შეუჩერებლად წვიმდა, ასე, რომ  ქართველი მსმენელი ჯგუფს “საოცრებათა მოედანზე“ საწვიმრებში გამოწყობილი და ქოლგებით ხელში დახვდა, თუმცა ბათუმური თავსხმის გამო, კონცერტის დაწყებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, საზოგადოების ნაწილმა ტერიტორია საერთოდ დატოვა. ამის მიზეზი, როგორც ჩანს არა უხვი ნალექი, არამედ სცენაზე გამოსული ვარსკვლავით უკმაყოფილება გახლდათ. მსმენელი კონცერტში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული და რობი უილიამსის სიმღერებიდან განსხვავებით, Maroon 5-ის შემოქმედებიდან ყველა ტექსტი ზეპირად იცოდა.

უკმაყოფილების მთავარ მიზეზად ბენდის სოლისტის, ადამ ლევინის  ფლეგმატურობა სახელდება. ადამი მთელი საღამოს განმავლობაში უემოციოდ ასრულებდა სიმღერებს და მსმენლთან კონტაქტზე გასვლაც კი არ უფიქრია. გაცილებით ხალისიანი აღმოჩნდა თავად ჯგუფი, რომლებიც პუბლიკას შეძახილებით ამხნევებდნენ. მეტიც, ადამს მისასალმებელი სიტყვაც კი არ წარმოუთქვამს. მხოლოდ 5-6 სიმღერის შესრულების შემდეგ მოგვიხადა ბოდიში ცუდი ამინდის გამო.

ჯგუფმა კონცერტის ბოლოს, ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებული სიურპრიზიც მოამზადა. ადამ ლევინმა სცენაზე სამღერად, ანსამბლ “ერისიონის“ წევრები გამოიყვანა. სწორედ მათთან ერთად დაიწყო არტისტმა თავისი ჰიტის “PayPhone“-ის შესრულება, რომელსაც შესავალი “ერისიონმა“ გაუკეთა.

რა გასაკვირია, რომ სოციალურ ქსელში, “Maroon 5“-ის კონცერტი აქტიური განხილვის თემად იქცა. ბათუმურ ღონისძიებას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ეხმაურებიან…

სტეფანე მღებრიშვილი: “როგორ მიყვარხართ, ვინც “Maroon 5“-ზე იყავით! ესე იგი სულით თინეიჯერები ხართ და ვინც მართლა თინეიჯერები ხართ, ხო ხართ და ხართ! რაც შეეხება ადამს, უსმენოდ იმღერებდა, როცა ყურის ნიჟარები წვიმით სავსე ჰქონდა, აბა, რას იზამდა. თანაც Jamiroquai-ის იმ იტალიის კონცერტივით არ მოინდომებდა დასველებას და გრიპის აკიდებას, იმიტომ რომ როცა სხვა კონცერტებზე გაფრინდება მილიონების ჩასაკუჭად, გაციებული არ უნდა იყოს. ყველანაირი სპეცეფექტის გარეშე, ცარიელი ბენდით სტადიონებს ავსებენ 20 წელია. 37 წლის ადამი ბიჭივით გამოიყურება, მეტი რა ქნან?! ასე რომ, კაი ხალხს გაუმარჯოს“

სოფო ტოროშელიძე: ”ადამ ! იორ ფერფორმანს ვაზ სოოოუ ბედ ენდ ინდიფერენტულ! აი ემ ვერი დისეფოინთიდ! ადამ არ გეკადრებოდა! და ამინდმა დაგვაკუკა თავზე ძაან კოხტად!’’

ქრისტინე იმედაძე: ”რომ გაქანდით ამ ბიჭის კონცერტზე – ჯერ გადაგეხედათ მისი live-ები, იქნებ არ მოგწონდათ”

ნანუკა ჟორჟოლიანი: ”რობის ტრაკი ბევრად ჯობდა”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here