ნიკოლოზ რაჭველი: „მე, საბედნიეროდ, არ ვარ არც ჯანსუღ კახიძის შვილი, არც გაიოზ კანდელაკი არის ჩემი მამა…“

0
1232

ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს კიდევ ერთხელ ეხმაურება, ამჯერად „ფეისბუქ“-სტატუსით. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ითხოვს, რომ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი მათ გადაეცეთ. ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელ პოსტში კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ საკითხის ირგვლივ და აღნიშნა, რომ ასჯერ მეტად მოტივირებულია და მზად არის, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს გადააბიჯოს:

„დღეს, როცა მე და ჩემი კოლეგები უძვირფასესი ბაბის ამ ქვეყნიდან უსამართლოდ და ძალიან ნაადრევად წასვლას ვგლოვობთ, როდესაც მთელი სახელოვნებო სამყარო უდიდეს არტისტს ნოდარ მგალობლიშვილს ვეთხოვებით, დღეს, როდესაც მხოლოდ იმით უნდა ვხარობდეთ რომ მოსიარულე ლეგენდას გურამ დოჩანაშვილს მე-80 საიუბილეო წელი შეუსრულდა და კვლავ აგრძელებს შედევრების შექმნას განვიცდი, რომ მაინც მიწევს ბოლო დღეებში ჩვენი ეროვნული ორკესტრის და ფილარმონიული დარბაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე თქვენი ყურადღების მოპყრობა.

უპირველესად გიხდით უდიდეს მადლობას ასეთი გულუხვი მხარდაჭერის და თანადგომისთვის.

შეძრული ვარ ემოციურად, ასჯერ მეტად მოტივირებულიც, რომ საქმის საკეთებლად საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს გადავაბიჯო!

ამის გამო გუშინ კულტურის მინისტრის მოადგილე ორკესტრისადმი ჩამოშორებით დამემუქრა კიდევაც… შეეცადა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდარი მიმართულებით ჩამოყალიბებასაც…

დამერწმუნეთ, ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ჩვენს სახელმწიფოს, რომელსაც არაერთი სოციალურად პრიორიტეტული საჭიროებისთვის აქვს თანხები დასახარჯი, მე მილიონები მოვთხოვე ახალი დარბაზის ასაშენებლად! ძალიან გულდასაწყვეტია, თუ კი ვინმე ასე იფიქრებს.

პირიქით, მეც და ორკესტრის თითოეული მუსიკოსი სრულიად გააზრებულად მივუდექით ჩვენი პრობლემის სახელმწიფოებრივად გადაწყვეტის საკითხს და ყოველგვარი მილიონების დახარჯვის საპირისპირო იდეით მივმართეთ 1 წლის წინ ჯერ თავად მიხეილ გიორგაძეს, შემდგომ ფილარმონიის მართვის მის მეგობართა ჯგუფს, შემდგომ კი მთავრობას.

ჩვენს არქივებში არსებულ ყველა მიმოწერას ლაიტმოტივად გასდევდა სწორედ ერთი მთავარი თემა: მაშინ როდესაც არსებობს სახელმწიფო ფილარმონია (წელიწადში თითქმის 300 დღე რომ დაკეტილია), რომელსაც სჭირდება კონცერტები და არსებობს აგრეთვე სახელმწიფო ორკესტრი, რომელსაც სჭირდება დარბაზი, რატომ უნდა დაიხარჯოს თუნდაც ცხრა ან თხუთმეტი მილიონი ლარი ახალი და უხარისხო საკონცერტო დარბაზის ასაშენებლად. ამ იდეისგან ფილარმონიის მმართველებმა თავი შეიკავეს, მიხეილ გიორგაძემ ამ იდეის დავიწყება მთხოვა და კვლავ მოთმინებით დალოდების რეჟიმში გადავინაცვლეთ, რადგან ვიცოდით, რომ სახელმწიფო ოდესღაც მიიღებდა ღირსეულ და სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას. ბოლო პერიოდში კი, როდესაც ქვეყნის მართვას ახალი სამთავრობო გუნდი შეუდგა, ცხადია, კვლავ შევახსენე ჩვენი სატკივარი და დარბაზის აშენებას და უკვე აშენებული ფილარმონიაში ჩვენს მოღვაწეობას შორის არჩევანის გაკეთება ვთხოვე. პრემიერ-მინისტრმა, რომელთანაც მართლა შთამბეჭდავი შეხვედრა მქონდა, ზუსტად გაიზიარა ჩემი ხედვა ჩვენს ქალაქში ნამდვილი ფილარმონიული ცხოვრების აღდგენის შესახებ. ფილარმონია ფილარმონიულ ორკესტრს – ეს სლოგანი ჩვენმა მსმენელებმა მოიფიქრეს და ამის უკან არა მხოლოდ ერთი მიმდინარეობის მუსიკაა, ეს სიტყვები გულისხმობს სიცოცხლეს, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მუსიკას და მუსიკოსებს საქართველოში. და ვერავინ ვერსად და ვერასდროს გაუგებს არტისტზე მეტად არტისტებს!!!

მე, საბედნიეროდ, არ ვარ არც ჯანსუღ კახიძის შვილი, არც გაიოზ კანდელაკი არის ჩემი მამა, არც საბჭოთა კავშირი ცეკას ჩინოსანი იყო ჩემი წინაპარი, ჩემი მშობლები უბრალო, შეჭირვებული მაგრამ ღირსეული მოქალაქეები იყვნენ, არასდროს ჰქონდათ პრეტენზია, რომ ცნობილი გავმხდარიყავი და არც იმის საშუალება გააჩნდათ, მემკვიდრეობით დაეტოვებინათ ჩემთვის ორკესტრი და დარბაზი. აქამდე ყველაფერს მუსიკის დიდი წყალობით მივაღწიე, რომ არა ჩემი ძვირფასი ხალხის, ორკესტრის და ჩემი მსოფლიოში წარმატებული ყველა თაობის კოლეგების გამუდმებული გვერდში დგომა, ალბათ, გამიჭირდებოდა გავმკლავებოდი სწორედ ასეთი განებივრებული შვილების წინაღობებს. სინამდვილეში ეს არც მათი ბრალია, სინამდვილეში ჩვენ ახლა ვსწავლობთ სამოქალაქო ცხოვრებას, რადგან მახინჯმა საბჭოეთმა დაგვავიწყა, რომ სინამდვილეში ქვეყანა არა მხოლოდ ერთეულების, არამედ თითოეული ჩვენგანის ასაშენებელი და დასაცავია!

და აი, ჩემი გულიდან ამოსული თხოვნა: მომეცით საშუალება, ფრთაგაშლილმა მივიღო მონაწილეობა ამ მშენებლობაში, ოღონდ თქვენთვის და თქვენთან ერთად“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here