გიორგი ჩიქოვანის ახალი კლიპით უცხოელი პროდიუსერები დაინტერესდნენ: „ქავერების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს!..“

0
1845

გიორგი ჩიქოვანმა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ რამდენიმე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, საკუთარ ალბომზე მუშაობა გადაწყვიტა. ორი სიმღერა უკვე მზად აქვს, რომელთაგან ერთ-ერთზე ახლახან იუგო მორისმა კლიპი გადაუღო. ვიდეორგოლის პრეზენტაცია გიორგი ჩიქოვანის მიერ დაწერილ სიმღერაზე „You’re  going down“ რამდენიმე დღის წინ „კარაოკე და ვერანდა მუშთაიდში“ შედგა.

გიორგი ჩიქოვანი:

პრეზენტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო, რაც ძალიან გამიხარდა. კლიპის პრემიერა შედგა, შემდეგ მე ვიმღერე, კიდევ ერთხელ გავუშვით კლიპი… მოგვიანებით სცენა ჩემმა მეგობრებმა, ანდრია გველესიანმა, მიშო სულუხიამ, გიგი დამაშვილმა, ძმებლა გულაშვილებმა დაიკავეს…

გიორგი, კლიპით თავად კმაყოფილი ხარ?

იუგო მორისთან თანამშრომლობით კმაყოფილი ვარ, რადგან მივიჩნევ, რომ ყველაზე ორიგინალური ხედვა აქვს. მინდოდა, ჩემი კლიპი საერთაშორისო სტანდარტის ყოფილიყო და ასეც გამოვიდა. რამდენიმე უცხოელი პროდიუსერია დაინტერესებული, მათ შორის, კანადელი, რომელიც დამპირდა, რომ თუ ვიდეორგოლი ხარისხიანი იქნებოდა, მას თავის საიტზე განათავსებდა. ასეც მოიქცა.

აპირებ რომელიმე მათგანთან თანამშრომლობას?

დააკვირდებიან ჩემს მუშაობას. მთავარია, რომ ყურადღება მომაქციეს, მაგრამ ასეთი ტიპის თანამშრომლობისთვის ერთი სიმღერა არ კმარა. მათ ხელში უნდა ჰქონდეთ არტისტის საალბომე მასალა, რომ მასთან მუშაობა დაიწყონ. თვითონაც აინტერესებთ, როგორ გავაგრძელებ მუშაობას, ეს ერთი სიმღერა გამომივიდა, თუ სხვებიც კარგი იქნება (იცინის).

რასაკვირველია, გავაგრძელებ. მინდა, ჩემი სიმღერები მქონდეს. ქავერების დრო საქართველოში უნდა დამთავრდეს. სიმღერა, რომელზეც კლიპი გადავიღე, თავად დავწერე, ტექსტი მარი ჩიხრაძეს ეკუთვნის. მაქვს კიდევ ერთი კომპოზიცია, რომელზეც კლიპი არ გადამითია. ვფიქრობ, კიდევ ვითანამშრომლებ იუგო მორისთან. ფოტო + ვიდეო

 

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here