ფოტო: ბევრი ემოცია, ცოტა ცრემლი და ზღვა სიხარული „მხოლოდ ქართულის“ ფინალზე

0
843

ემოციებით, ცოტა სევდით, ცრემლით, ბევრი სიხარულით, სავსე გამოვიდა „მხოლოოდ ქართულის“ მესამე სეზონის ფინალური ტური. ორი ტურის განმავლობაში როგორც მაყურებელს, ისე ჟიურის წევრებს და თავად კონკურსანტებსაც მოულოდნელობებით დატვირთული ეპიზოდები ელოდათ წინ.

სანამ კონცერტი დაიწყებოდა, მანამდე კულისებში ერთი საინტერესო ამბავი მოხდა. „მხოლოდ ქართულის“ ფოტოგრაფი, რომელიც პირველივე სეზონიდან მოჰყვება პროექტს, გაბედნიერდა. მისმა რჩეულმა ხელი პირდაპირ დარბაზში სთხოვა და ნათათო ასანიძისგან თანხმობაც მიიღო. ასე რომ, თავისი ცხორრების ერთ-ერთი საინტერესო პროექტი, რომელზეც ამდენი ხანია მუშაობს და ტრამპლინად მიიჩნევს, მისი ბედნიერების სიმბოლოდაც იქცა…

თავის საყვარელ ადამიანს ხუთწლიანი განშორების შემდეგ შეხვდა ერთ-ერთი ფინალისტი, ნინი შონია. მისი მამა უცხოეთში მუშაობს და ცხოვრობს და სპეციალურად „მხოლოდ ქართულის“ ფინალზე დასასწრებად და ქალიშვილის საგულშემატკივროდ ჩამოვიდა, ნინის სიურპრიზი გაუკეთა და პირდაპირ ფინალურ ტურზე შეხვდა მონატრებულ შვილს…

კონცერტის მიმოხილვაზე გადავინაცვლოთ – პირველი ტური, რომელსაც სოფო ნიჟარაძემ გაუწია მენტორობა, მიუზიკლს ეძღვნებოდა, მეორე, გიორგი უშიკიშვილის მენტორობით, ქართულ ფოკლორს. ორივე ტურში ოთხივე კონკურსანტმა, შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი.

ჟიურის წევრები ბევრ შემთხვევაში სასიამოვნოდ გაოცებულები დარჩნენ. როგორც სტეფანემ აღნიშნა, მაღალი ქულები იწერებოდა იმის გამო, რომ ისინი მართლაც აღფრთოვანებულები იყვნენ შესრულების დონით, რომელიც თითოეულმა კონკურსანტმა წარმოადგინა. იყო ძალიან ცოტა 9-იანი და ბევრი 10-იანი, საბოლოოდ კი გადაწყვეტილება მაყურებელმა მიიღო და გამარჯვება ბათუმელ თამთა ხუხუნაიშვილს მიაკუთვნა, რომელსაც ბათუმში ბინის გასაღებიც გადაეცა და უამრავი სხვა პრიზიც, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ სპეციალურად მისთვის შერჩეული ორკაციანი საგზურით ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც პოპსამყაროს კერპის, მადონას კონცერტს დაესწრება.

როდესაც „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი და „მხოლოდ ქართულის“ იდეის ავტორი, ნიკა გვარამია სცენაზე გამარჯვებულის ვინაობის გამოსაცხადებლად ავიდა, თავიდანვე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, იმ საღამოს ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო არავის ეზეიმებოდა, მაგრამ კონკურსების წესებს უნდა მიჰყოლოდნენ და გამარჯვებული გამოეცხადებინათ. თამთა ხუხუნაიშვილის სახელისა და გვარის გაჟღერების შემდეგ სცენა განათდა, თამთას კი „ზარაფხანას“ მიერ დამზადებული „მხოლოდ ქართულის“ სტატუეტი გადაეცა.

„მხოლოდ ქართულის“ გამარჯვებულის დასახელების შემდეგ fortuna.ge-მ საღამოს მთავარი გმირები ჩაწერა და მათი ემოციები გაიზიარა.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here