ექსკლუზივი: ანანო მჟავიას ახალშობილი ვაჟის ფოტოები – რა გეგმები აქვს მომღერალს?

0
11458

მომღერალი ანანო მჟავია სულ ცოტა ხნის წინ, მეორე ვაჟის დედა გახდა. პატარა ანდრია ამერიკაში დაიბადა. ანანომ “მიუზიკ ბოქსს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც სამომავლო გეგმებზე და ოჯახზე ისაუბრა.

– ანანო, დიდი ხანია აღარ გამოჩენილხართ არც სცენაზე და არც გადაცემებში, რატომ აიღეთ ეს ტაიმ აუტი?

– ბოლო 6 თვე არ ვყოფილვარ საქართველოში, ამერიკაში გავემგზავრე ოჯახთან ერთად, სადაც მეორე შვილი გავაჩინე, თუმცა გეთანხმებით, ხშირად არ ვჩანვარ და მუსიკალურ სფეროშიც არ ვაქტიურობ სათანადოდ, ალბათ იმიტომ, რომ სხვა საქმითაც ვარ დაკავებული და ყველაფრის ერთდროულად საკეთებლად დრო არ მრჩება. ჩემი ძირითადი დრო საოჯახო ბიზნესს ეთმობა და ასევე დაკავებული ვარ იმ სასწავლო წიგნებით რომელიც დედაჩემის, დარეჯან გურასაშვილის, ავტორობით გამოდის, უკვე მესამე წელია.

წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს საგანმანათლებლო სფეროში და ამის გამო მოთხოვნაც დიდია. ახლახანს დავიწყეთ ახალ წიგნზე მუშაობა, რომელზეც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ვმუშაობ,  როგორც მხატვარ-დიზაინერი. წიგნს თან დაერთვება სიდი, რომელსაც მუსიკალურად გავაფორმებ.  მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ტაიმ აუტი მაქვს აღებული, სიმღერა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა, რომელსაც დიდი სიყვარულით ვემსახურები, ახლაც მაქვს შემოქმედებითი გეგმები. ორი სიმღერა მაქვს მზად ჩასაწერად და აქედან ერთერთზე, ვიდეო კლიპის გადაღებასაც ვაპირებ. კიდევ არის სხვა გეგმებიც, რომელსაც შემდგომ ეტაპობრივად გაგანდობთ.

– რატომ გააჩინეთ პატარა ამერიკაში?

– ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს, ბევრი მიზეზის გამო, თუმცა ის, რომ ამერიკა უამრავ შესაძლებლობას იძლევა ადამიანის დაბადებიდან დაწყებული ზრდასრულობით დამთავრებული, ალბათ ამაზე სხვა აზრი არც არსებობს. მინდა რომ ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ ეს შანსი. იმის გამო, რომ მეორე ვაჟი იქ გავაჩინე, მოგვიწევს დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ხშირად ვიყოთ იქ, ხოლო როცა სრულწლოვანი გახდება, თავად აირჩევს სად იცხოვროს მუდმივად და სად – დროგამოშვებით. ყველა შემთხვევაში მას ორი სამშობლო ექნება.

– როგორ დაუბრუნდით ფორმას მშობიარობის შემდეგ?

–  ჯერ კიდევ შუა გზაში ვარ. ეს რთული პროცესია მშობიარობის შემდეგ, მით უფრო მაშინ, როცა ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამერიკაში ყოფნის დროს ვიყავი სხვადასხვა პროგრამებში ჩართული, რომელიც ემსახურებოდა მომავალი დედებისთვის ცნობიერების ამაღლებას, როგორც ჩვილის მოვლის შესახებ, ასევე ძუძუთი კვებაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნებრივი კვება ჩვენი შვილებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მქონდა დედობის გამოცდილება, მაინც უამრავი რამ მომცა ამ ტრენინგებმა.

– მეუღლე თუ დაესწრო თქვენს მშობიარობას?

– არა არ დასწრებია. ამისი სურვილი არ გვქონია.

– რამდენიმე წელია რაც მყარი ოჯახი გაქვთ, რა არის ამის საფუძველი?

– ორიგინალურს ვერაფერს გეტყვით, რაზეც ალბათ დგას ოჯახის სიმყარე, ესაა სიყვარული და ურთიერთპატივისცემა. ერთს ვიტყვი, მიმაჩნია, რომ  ბედის ნებიერა ვარ, რომ ისეთი ადამიანი შემხვდა, რომელიც არაჩვეულებრივი მეუღლე და საუკეთესო მამაა მსოფლიოში.

– ამბობენ, რომ სიყვარული დაოჯახების მერე უფერულდება, თუ არის ასე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ გაუფერულდეს?

– რომ ვიყო სიყვარულის გურუ, სიამოვნებით გასწავლიდით, როგორ არ გაუფერულდეს გრძნობა, თუმცა მგონია, რომ ამას ხელოვნურად ვერაფერს უზამ, ვერ ითამაშებ, რამე დადგენილ წესებს ვერ მიყვები. უნდა იყო ბუნებრივი, რაც ხარ. არ უნდა დაფარო შენი სითბო სადღაც შორს, სიღრმეში. ყოველთვის უნდა ამოთქვა ყველა თბილი სირტყვა, რასაც შენი გრძნობა და გონება იმ კონკრეტულ წამს გიკარნახებს. შინაგანი თავისუფლება ყველაზე დიდი განძია ადამიანისთვის და გზაც ბედნიერებისკენ.

– უფროსი რამდენი წლისაა?

– ნიკოლოზი ხუთი წლის ამერიკაში გახდა. დაბადების დღე ბაღში აღნიშნა და იქაური წესის თანახმად თავისი ჯგუფელებიც დაასაჩუქრა სიმბოლური საჩუქრებით. ძალიან მიხარია ის, რომ ნიკოლოზმა ინგლისური ენის დიდი პრაქტიკა გაიარა ამერიკულ ბაღში სიარულით. ისწავლა ხელნაკეთი ნიმუშების კეთება, ინგლისური სიმღერები. ცნობს ყველა ასოს და ციფრს. იცის წერა და ხატავს ძალიან საინტერესოდ. ხატვის კონკურსშიც კი გაიმარჯვა სადაც მე დამხატა. გაიჩინა სხვადასხვა ეროვნების და წარმომავლობის მეგობრები.

– თუ აქვს მუსიკალური ნიჭი?

– კი, საოცრად მუსიკალური ბავშვია. აბსოლიუტური სმენით. შეუძლია ურთულესი მელოდია დაიმახსოვროს და უშეცდომოდ წაიმღეროს. ასევე ძალიან უყვარს პიანინოზე დაკვრა და ვფიქრობ ამ მიმართულებითაც განვავითარო. ზოგადად მიგვაჩნია მე და ჩემს მეუღლეს, ჩვენს შვილებს იმ მიმართულებით მივცეთ განათლება, რაც მათი ინტერესის სფერო იქნება და არა ისე, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.

– ისევ აპირებთ ამერიკაში დაბრუნებას?

– რათქმაუნდა ვაპირებთ, მაგრამ მხოლოდ მცირე დროით. ჩვენ იქ მეგობრები გვყავს, რომლებიც უკვე გვენატრებიან და რომლებიც ძალიან გვედგნენ მხარში. არ არის ადვილი ამერიკაში ბრმად ჩასვლა, ბინის დაქირავება, ექიმის პოვნა, ჯანმრთელობის დაზღვევის გაკეთება. ნიკოლოზიც ამერიკულ ბაღში ჩვენი მეგობრის დამსახურებით მოხვდა. რომ არა ისინი, გზის გაკვლევა ნამდვილად გაგვიჭირდებოდა.

– რა დაარქვით პატარას და თუ გაქრისტიანდა, ვინ არიან ნათლიები?

– ბავშვს ანდრია დავარქვით. სახელზე დიდხანს ვფიქრობდით მე და ბექა, ფაქტობრივად დაბადებამდე ორი დღით ადრე მივიღეთ გადაწყვეტილებაJ ჯერ არ მოგვინათლავს. მომავალი ნათლიები ჩვენი მეგობრები იქნებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here