ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ 17 სექტემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ბრაზილიური მუსიკის საღამოს უმასპინძლა. ფესტივალის საბაზო ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ და ახალგაზრდა წარმატებულმა ქართველმა მუსიკოსებმა ლიზი რამიშვილმა, მარიამ როინიშვილმა და გიორგი ოიკაშვილმა სხვადასხვა ეპოქისა და სტილის, ბრაზილიელი კომპოზიტორების ქართველი პუბლიკისთვის ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებები შეასრულეს. სპეციალურად ამ საღამოსთვის ფესტივალის დაკვეთით შეიქმნა მთელი რიგი ნაწარმოებების საავტორო არანჟირებები სიმებიანი ორკესტრისთვის, რომელმაც გაამდიდრა სიმებიანი ორკესტრისთვის არსებული რეპერტუარი.
გიორგი ისაკაძე, „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელი:
„წლევანდელ ფესტივალს დიდი სევდა ახლავს თან, გამოვემშვიდობეთ ლეგენდარულ ლიანა ისაკაძეს, თუმცა მან დაგვიტოვა ისეთი ფასდაუდებელი მემკვიდრეობა, რომელიც სულ ჩვენთან იქნება.
რაც შეეხება ფესტივალს, „ღამის სერენადების“ მომდევნო კონცერტები გაიმართება თბილისში დღეს და 20 სექტემბერს დაიხურება. საღამოებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უმასპინძლებს.
დიდი მადლობა ჩვენი ფესტივალის მხარდამჭერებს, მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ კონცერტების ჩატარება. მადლობა საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, იტალიის საელჩოს საქართველოში, ბრაზილიის საელჩოს საქართველოში, ჩეხეთის საელჩოს საქართველოში, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, სასტუმროს ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, სასტუმროს ბორჯომი ლიკანი.“
ოსვალდო ბიატო ჟუნიორი, ბრაზილიის ელჩი საქართველოში:
„ბრაზილიის საელჩო პირველად მონაწილეობს ამ შესანიშნავ ფესტივალში. ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში ბრაზილიური მუსიკა ძალიან პოპულარულია და მოსწონთ. „ღამის სერენადები“ საქართველოსა და ბრაზილიას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
მადლობა ორგანიზატორებს, გიორგი ისაკაძესა და ნინა ცაგარელს. კონცერტის მონაწილეებს მადლობას ვუხდი ბრაზილიური მუსიკის არაჩვეულებრივად შესრულებისთვის.“
ლიზი რამიშვილი, მუსიკოსი:
„მართალია, პირადად არ ვიცნობდი ქალბატონ ლიანა ისაკაძეს, მაგრამ უბედნიერესი ვარ, რომ მის მიერ დაარსებულ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. საბედნიეროდ, პირველად ჩავერთე „ღამის სერენადებში“. ძალიან მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ბრაზილიური მუსიკის კონცერტში.
უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, მონაწილეებს და მსმენელს ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის.“
მარიამ როინიშვილი, მომღერალი:
„მიხარია, რომ ამ კონცერტის ნაწილი ვიყავი. დიდი პატივია ჩემთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა. ბრაზილიური მუსიკა ნამდვილად არის გამორჩეული, ამიტომაც მისი შესრულება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. საღამოს გამორჩეული მსმენელი ესწრებოდა. მადლობა მათ უშურველი ოვაციებისთვის. უდიდესი მადლობა „ღამის სერენადების“ ორგანიზატორებს, რომ მონაწილეებსაც და მსმენელსაც დაუვიწყარ კონცერტებს გვჩუქნის.“
გიორგი ოიკაშვილი, მუსიკოსი:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევ მივიღე მონაწილეობა ფესტივალში „ღამის სერენადები“. საოცარი მსმენელი დაგვესწრო და საღამომაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. დიდი მადლობა გიორგი ისაკაძეს, ნინა ცაგარელს, ფესტივალის საბაზო ორკესტრს „საქართველოს ვირტუოზები“.
თბილისი, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
17 სექტემბერი, 20:00
ბრაზილიური მუსიკის საღამო
ლიზი რამიშვილი – ჩელო, საქართველო
მარიამ როინიშვილი – სოპრანო, საქართველო
გიორგი ოიკაშვილი – კლარნეტი, საქართველო
ფესტივალის საბაზო ორკესტრი საქართველოს ვირტუოზები (პირველი ვიოლინო
ლელა მჭედლიძე)
მოწვეული მუსიკოსი: მარიამ მაკარაშვილი – დრამი, საქართველო
პროგრამა:
ალბერტო ნეპომუსენუ – სიმებიანი კვარტეტი №3 რე მინორი “Brasiliero”
ჰეიტორ ვილა–ლობოსი – 18-ე საუკუნის პოეტის სიმღერა,
კრისტალის სიმღერა,
სამბა კლასიკო,
მოდინია,
სენტიმენტალური მელოდია
(ტრანსკრიფცია – ნოდარ კალანდაძე)
მარლოს ნობრე – პოემა III ჩელოსა და სიმებიანი საკრავებისთვის, თხზ.94
ლუიჯი ბასი – საკონცერტო ფანტაზია რიგოლეტოს თემებზე
(ტრანსკრიფცია – ირაკლი არეშიძე)
დარიუს მიიო – ბრაზილიერა (სიუიტიდან “სკარამუში”) თხზ.165 №3
(ტრანსკრიფცია – ირაკლი არეშიძე)
შიკინია გონზაგა – Corta Jaca
ზეკინია დე აბრეუ – Tico Tico no Fubá
ანტონიო კარლოს ჟობიმი – გოგონა იპანემადან
ლიზი რამიშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკოს სკოლა ნიჭიერთა ათწლედის დასრულების შემდეგ სწავლობდა კრონბერგის აკადემიაში, ჟენევის კონსერვატორიაში და დედოფალ სოფიას მუსიკის სკოლაში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი და საერთაშორისო ფესტივალის მონაწილე.
მარიამ როინიშვილის დებიუტი ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგა 2015 წელს, ჟორჟ ბიზეს „კარმენით“. მას შემდეგ ის რეგულარულად მონაწილეობს საოპერო თეატრის დადგმებში. 2014-2016 წელს გაიარა პროფესიული კლასი სანტა ჩეჩილიას აკადემიაში რენატა სკოტოს ხელმძღვანელობით და დღესაც აქტიურად აგრძელებს საოპერო კარიერას.
გიორგი ოიკაშვილი მრავალი კონცერტის, ღონისძიების, კონკურსისა და ფესტივალის მონაწილე და ლაურეატია. 2012 წლიდან დღემდე არის საერთაშორისო პროექტის „კამერტონის“ საქართველოს წარმომადგენლობის „კამერტონი-საქართველოს“ წევრი. ამ პროექტის ეგიდით ყოველწლიურად მონაწილეობს საქართველოსა და გერმანიის ქალაქებში გამართულ კონცერტებში. არის გერმანიის რიჰარდ ვაგნერის საზოგადოების სტიპენდიატი.
წლევანდელი ფესტივალი, საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი ლიკანში. 21 აგვისტოს, ღია ცის ქვეშ გაიმართა დიდი გალა კონცერტი, რომელზეც აჟღერდა მსოფლიო კინოკლასიკის შედევრები, ანტონიო ვივალდის, ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები, რევაზ ლაღიძისა და ვაჟა აზარაშვილის სიმღერები.
„ღამის სერენადების“ შემდეგი 2 კონცერტი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. კონცერტებში მონაწილეობდნენ ცნობილი იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და ვირტუოზი მევიოლინე, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ელვინ ხოჯა განიევი.
15 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში პუბლიკამ მოისმინა იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“ და სერგეი რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტი იტალიელი დირიჟორის ბეატრიჩე ვენეცის, სანდრო ნებიერიძისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის შესრულებით.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ საერთაშორისოდ აღიარებული შემსრულებლები და ახალგაზრდა წარმატებული მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ელვინ ხოჯა განიევი – ვიოლინო, აზერბაიჯანი/თურქეთი; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო, საფრანგეთი; მორის შტიგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; გიორგი შავერზაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი ხაინდრავა – ვიოლინო, საქართველო; მარიამ კიკალეიშვილი – მეცო-სოპრანო, საქართველო; ეროვნული სიმფონიური ორკესტრი; ანსამბლი „ბორჯომი“ (ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი) და სხვა.
სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას უწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმულმა მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა დროებით არსებობა შეწყვიტა და 2002 წელს, აღდგა „ხელოვნების ზეიმის“ სახელით ქალაქ ბორჯომში, ხოლო 2009 წლიდან დაუბრუნდა შავიზღვისპირეთს, გადაინაცვლა ულამაზეს ქალაქ ბათუმში ისევ „ღამის სერენადების“ სახელით. 2023 წლიდან საფესტივალო ქალაქებს დაემატა ბორჯომი. წელს ფესტივალი აღდგენიდან მეთექვსმეტედ ჩატარდება და მას ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.