Flitz Collective-ის ორგანიზებით თბილისს Imany ეწვია. 11 სექტემბერს Factory Tbilisi-ში არტისტის კონცერტი გაიმართა.
„მომენატრეთ“ – აღნიშნა მომღერალმა კონცერტის დაწყებისას.
თბილისში გამართულ კონცერტზე არტისტმა როგორც უკვე კარგად ნაცნობი, ჰიტად ქცეული კომპოზიციები, ისე ახალი სიმღერები შეასრულა. რეპერტუარის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სინგლებს, რომლებიც შესულია Imany-ს ბოლოს გამოცემულ, 2025 წლის ალბომში – Women Deserve Rage.
Imany ფრანგი მომღერალი და კომპოზიტორია, რომელიც სოულის, ფოლკისა და პოპის შერწყმით გამოირჩევა. არტისტის საერთაშორისო მუსიკალური კარიერის გარდამტეხ მომენტად სინგლი Don’t Be So Shy იქცა. გლობალურმა ჰიტმა საფრანგეთში ალმასის სტატუსი დაიმსახურა, ხოლო საერთაშორისო მასშტაბით რვაგზის ალმასის სერტიფიკატი მოიპოვა.
Imany-ს საქართველოში უამრავი ერთგული მსმენელი ჰყავს, რაც აუდიტორიის მრავალფეროვნებაშიც იგრძნობოდა.
მაყურებელმა არტისტი მხურვალე აპლოდისმენტებით გააცილა.




