რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს მარიამ ჯოლოგუას: „ჩემი საქმიანობის ამ ეტაპზე ვარჩიე, თავისუფალი არტისტი ვყოფილიყავი“

0
72
მარიამ ჯოლოგუა
მარიამ ჯოლოგუა

სტუდია Et Cetera-ს დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, მარიამ ჯოლოგუამ „მიუზიკ ბოქსს“ უახლეს გეგმებზე ისაუბრა.

-ძალიან გამიმართლა, რადგან ახლო ურთიერთობა მაქვს ბავშვებთან და ყოველთვის შემიძლია დღესასწაულის არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით მილოცვა. ტრადიციულად, ჩვენი სტუდია ყოველი წლის 1-ელ ივნისს აქვეყნებს ზაფხულის სპექტაკლების განრიგს, რომელთაც ჩვენი ბავშვები შესთავაზებენ თანატოლებს.

თებერვლის თვეში Et Cetera-ს მეორე ფილიალი ამუშავდა და ახლა ოთხი ჯგუფი გვყავს. ძალიან გვაინტერესებდა, როგორ გავართმევდით თავს დაკისრებულ მისიას და გამოწვევების მიუხედავად, მაინც მოვახერხეთ ოთხივე ჯგუფისთვის სპექტაკლების დადგმა.  

ჩემმა სტუდიამ მთელი ივნისის განმავლობაში დააანონსა ძალიან გადატვირთული საბავშვო პროგრამა. მიხარია, რომ ჩვენი სპექტაკლები „ბავშვები ბავშვებისთვისაა“, მგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია სცენაზე მდგომი და პარტერში მდგომი ბავშვებისთვისაც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუდიის სპექტაკლებში, მონაწილეობენ ძალიან კაშკაშა ვარსკვლავები. მათ ვინაობას ჯერ ინტრიგად ვტოვებ.

სეზონი 7-8 ივნისს გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, სადაც  Et Cetera-ს მეორე ფილიალის ბავშვების მონაწილეობით დაიდგმება სპექტაკლი. 14-15 ივნისს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარვადგენთ მორის მეტერლინკის „ლურჯ ფრინველს“, 18-20 ივნისს კი, თეატრ-სახელოსნოში დავდგამთ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცს“. ეს რაც შეეხება საბავშვო სპექტაკლებს, ცალკე პროგრამა გვაქვს მოზარდებისთვის, რომელიც სტარტს თვის ბოლოს აიღებს სამეფო უბნის თეატრში.

– „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი იყავით წლების განმავლობაში, ამჟამად სად მოღვაწეობთ?

– 14 წლის განმავლობაში „თავისუფალი თეატრის“ მსახიობი ვიყავი. არაერთი პრემიერა მაქვს ნათამაშები. სამ სპექტაკლში, რომელშიც ბოლო დროს ვიყავი დაკავებული, კვლავ ვთამაშობ. ჩემი საქმიანობის ამ ეტაპზე ვარჩიე, თავისუფალი არტისტი ვყოფილიყავი. დამოუკიდებელი პროექტებით ვარ დაკავებული. საბედნიეროდ მალევე შემომთავაზეს ძალიან საინტერესო სპექტაკლში თამაში. არ მინდა დავასწრო მოვლენებს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. პრემიერა სექტემბერში, თეატრ „სახელოსნო 42“-ში შედგება.

– მარიამ ჯოლოგუა პირველ რიგში ანანოს როლით გვახსენდება ბევრს. „შუა ქალაქის“ ნოსტალგია გაქვთ?

– არ მწყინს, ვიცი, რომ ჩემთან დაკავშირებით პირველ რიგში ყველას „შუა ქალაქი“ ახსენდება. ნოსტალგიის საშუალება არ მრჩება. ისეთი პროექტი გამოვიდა, ერთხელ რომ დამთავრდება, თავიდან იწყება. ტელევიზიამ რომც არ გაუშვას, ბევრი ბავშვი ვიცი, რომ არ იძინებს, თუ „შუა ქალაქს“ არ ჩაურთავ. (ზოგადად ეს ცუდი ჩვევაა და არავის ვურჩევ, ასე მოიქცეს). აქედან გამომდინარე ის პოპულარულობის შლეიფი, რაც თავიდან გვქონდა, არ მენატრება. სერიალი ახლაც ისეთივე ყურებადია და ახლაც ისევე უხარიათ ქუჩაში რომ გვხედავენ. როდესაც საკითხი დადგა, მე სულ თავს ვიკავებდი ამ სერიალის გაგრძელებისგან, ასაკიდან გამომდინარე.

-შვილის, ბუკა თოლორდავას სერიალში მონაწილეობას როგორ აფასებ? კრიტიკული ხარ, თუ სუბიექტურად აფასებ ხოლმე?

– ბუკა, აბსოლუტურად დაუგეგმავად, ჩემი დაწყებული საქმის გამგრძელებელი გამოვიდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომედიური სერიალის გმირი ვიქნებოდი. ასევე იყო ჩემი შვილიც. ტელევიზია და კინო ყველაზე ნაკლებად იზიდავდა. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო, როდესაც სრულიად შემთხვევით ბუკას და მისი მეგობრების ვიდეოს წავაწყდი, რომელიც სერიალის დაწყებას გვამცნობდა. ვიდეო ძალიან ჰგავდა, „შუა ქალაქის“ დაწყებას, ჩვენც დივანზე ვსხდებოდით. მე მისი შემფასებელი და მასწავლებელი ვიყავი, სანამ მსახიობი გახდებოდა. ბუკა ჩემი სტუდიის წევრი იყო. მიჭირს არ ვიყო შემფასებელი. რა თქმა უნდა, არის მომენტები, როდესაც მავიწყდება, რომ დედა ვარ, ობიექტური ვარ და ისე ვუყურებ, როგორც რიგითი მაყურებელი.

-მეორე შვილიც მსახიობობას აპირებს?

-ის უკვე არის მოყვარული მსახიობი. ჩემ სტუდიაში დადის. ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია ჩვენი სტუდიის. რომ ჰკითხო, ამბობს, რომ უნდა, კალათბურთელი გამოვიდეს. მაგრამ არ ვიცი, რა იქნება. მე არ მინდა, მსახიობი რომ იყოს. არასაინტერესოები ვიქნებით, ყველა რომ მსახიობი ვიყოთ. ერთი მსახიობიც რთულია ოჯახში და ამდენი უფრო რთული იქნება.